Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2678 articles
Browse latest View live

ახალი ღვინის ფესტივალი – დღესასწაულის მოლოდინი

$
0
0

ანა ჭეიშვილი

არქეოლოგი, კულტურული მემკვიდრეობის კურატორი

„ახალი ღვინის ფესტივალი“ პირველად 2010 წელს ჩატარდა და დღესაც აღელვების გარეშე ვერ ვიხსენებ იმ დღეებს, როდესაც ღვინის კლუბელები ამ დიდ და საინტერესო საქმეს შევეჭიდეთ. ვაკეთებდით საქმეს, რომელიც გვიყვარდა და ვიცოდით, რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო იყო, მაგრამ მაშინ ალბათ ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ აცნობიერებდა თუ რამხელა გავლენა ექნებოდა ამ ფესტივალს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე. სწორედ ამ ფესტივალის და „ღვინის კლუბის“ ინტენსიური მუშაობის წყალობით ქართველებმა ხელახლა შეიყვარეს და, რაც მთავარია, დააფასეს ვაზი და ღვინო. ბუნებრივია, ეს სიყვარული მანამდეც არსებობდა, მაგრამ თითქოს ინერციით გადადიოდა თაობიდან თაობაზე, ახლა კი ზუსტად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვუაროთ იმას, რასაც ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა გვაზიარეს.

ის ფაქტი, რომ 2013 წელს ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, სწორედ „ახალი ღვინის ფესტივალის“ დამსახურებაა. ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლება - აი, ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ეს ფესტივალი ემსახურება. ამ ფესტივალის და ღვინის კლუბის დამსახურებაა ისიც, რომ ქვევრი დღეს ყველა სხვა ენაზე ისე ჟღერს, როგორც ქართულად; რომ ქვევრი ქვევრია და არა ამფორა.

რაც ყველაზე მთავარია „ახალი ღვინის ფესტივალი“ ოჯახური დღესასწაულია. ალბათ ერთადერთი დღესასწაული საქართველოში, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის, სადაც დიდიც და პატარაც ერთობა, სადაც ბავშვები ღვინის კულტურის ჭეშმარიტ სიყვარულს ეზიარებიან. უკვე მერამდენე წელია, ჩემი უცხოელი მეგობრები საქართველოში ჩამოსვლას „ახალი ღვინის ფესტივალის“ ჩატარების თარიღს - მაისის მეორე შაბათს ამთხვევენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ სტუმართა, არამედ მონაწილეთა რაოდენობა. ჩემი მეგობრის ღვინომ დეგუსტაცია წარმატებით ვერ გაიარა და წლევანდელ ფესტივალზე ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, ეს უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ მომდევნო წლებში უკეთესი ღვინო დააყენოს...

და კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი - ქართველ მეღვინეებს შორის უკვე ქალბატონებიც არიან! და ეს ყველაფერი „ახალი ღვინის ფესტივალის“ დამსახურებაა!

არჩილ გუნიავა

არჩილ გუნიავას მარანი

განვლილი 6 ფესტივალიდან 5-ის მონაწილე ვარ. კარგად მახსოვს პირველ წელიწადს ოჯახურ მარანს წარმოვადგენდი, საქართველოს თითო კუთხიდან 3-4 მონაწილეს თუ დაითვლიდი. ღვინოებიც შეზღუდული რაოდენობით იყო. ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ კარგი ღვინოები ქვეყანაში მეტი არ მოიძებნა. მას შემდეგ ყოველი ახალი ფესტიველი ახალი აღმოჩენა ხდება ჩემთვის. მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს ორმაგდება, ხუთმაგდება, ათმაგდება... ჩემთვის როგორც ნატურალური ქვევრის მეღვინესთვის ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყოველ წელს იზრდება უცხოელი ქვევრის ნატურალური ღვინით დაინტერესებული ექსპერტების, ბიზნესმენების, კომერსანტების, ღვინის მწერლების, უბრალო ადამიანების დაინტერესება ახალი ღვინის ფესტივალისადმი. წელს ჩემი კუთხიდან, იმერეთიდან 20 მხოლოდ ოჯახური მარანი იქნება წარმოდგენილი, უსაზღვროდ მიხარია. დარწმუნებული ვარ იმერული ოჯახურ ღვინოებს ჯერ საბოლოო სიტყვა არ უთქვამთ, იმერული ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე და სხვა ჯიშებიც მიუხედავად იმისა, რომ მათ აღიარება არ აკლიათ კიდევ უფრო მეტს იმსახურებენ. ეს ფესტივალი სწორედ ამის შანსს აძლევს მეღვინეებს.

ლაშა გაბუნია

მუსიკის ჟურნალისტი

„ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ უკვე წლებია ატარებს, ჩემი აზრით, ყველაზე ჯანსაღი, ეროვნული და ხალისიანი მოვლენაა საქართველოში. დიდებული შეგრძნებაა, როცა ღია ცის ქვეშ, ბუნების წიაღში ათვალიერებ და აჭაშნიკებ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან შეკრებილი მშრომელი, დაუზარელი ადამიანების შრომის ნაყოფს – ღვინოს. წლების განმავლობაში ფესტივალს სულ უფრო მეტი მცირე მარნები და საოჯახო მეურნეობები შეუერთდა, რაც ძალიან კარგია ქართული ღვინის ხარისხის ასამაღლებლად. ამ შესანიშნავ თავყრილობაზე ხომ სტუმრად მოსული ადამიანები, ფერმერები, ფესტივალის ორგანიზატორები ერთმანეთისგან სწავლობენ, გამოცდილებას იღებენ და რა თქმა უნდა, ერთმანეთის სჯერათ, რადგან, როგორც ძველი ლათინები იტყოდნენ, მხოლოდ „ღვინოშია ჭეშმარიტება“.

ეკა ქევანიშვილი

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი

პოეტი

მე ეგრე მახსოვს, მახო ხარბედიამ რადიო თავისუფლებაში ღვინის ფესტივალის პლაკატი მოგვიტანა და, აბა, არ გამოტოვოთო, გვითხრა. პირველად ტარდებოდა თუ მეორედ, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ახალი ფეხადგმული რომ იყო, ეგ ზუსტად ვიცი და ამინდის პროგნოზსაც რომ ვამოწმებდი, არ იწვიმოს მეთქი, ეგეც კარგად მახსოვს - ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტარდებოდა, სიმწვანეში, ჰაერზე -  მეტი სიკეთე რა უნდა გინდოდეს ჩაბეტონებულ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს. თან, გავაშუქებთ მეთქი ვიფიქრე და ჩემი პატარა კამერით წავედი. მე ვიდეო რეპორტაჟს, ნინო თარხნიშვილი კი აუდიო სიუჟეტს ამზადებდა. ვიმუშავეთ, მაგრამ ცოტა ხანში ჩვენი აღჭურვილობა გვერდზე გადავდეთ და ღვინით სავსე დახლებს მივეძალეთ - მე უფრო პატარა მარნების ღვინოები მაინტერესებდა. ჯერ რაჭველებთან მივიჭერი და „ხვანჭკარა“ გავსინჯე, მერე სადღაც პირველად გავსინჯე „ქისი“, ცოტა მოშორებით მგონი ხაშმის საფერავი იყო, კიდევ სხვაგან ზუსტი სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ რომელითაც მონასტრის ღვინო - გვარიანად შევჟუჟნდით. მაგრამ მთავარი განწყობა იყო  და გარემო - ხალხი რაღაც ახალს ეზიარებოდა, მივხვდი, რაღაც ახალს და კარგს ეყრებოდა საფუძველი. მარტო დროსტარების კუთხით კი არა, აი, ურთიერთობის, განვითარების, ღვინის დაგემოვნების და შერჩევის კულტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ვუყურებდი ფერს, ბოთლს, ეტიკეტს. ვყნოსავდი, კითხვებს ვსვამდი, ვხუმრობდით. რაღაც ისეთ ამბად მახსოვს, მერეც რომ არასოდეს დამვიწყნია და თითქმის ყველა ფესტივალზე ვყოფილვარ. წელსაც ასე დიდი ხნით ადრე მზადებას რომ იწყებ, ეგრე ვარ, წავიდეთ, წავიდეთ - ჩემებს ვაბუნტებ. მგონია, რაღაც დადებითი და პათეტიკური თუ არ გამოვა, ამაღლებული ხდება. მგონია, რამდენიც არ უნდა დალიო მაგ დღეს - საჩხუბრად გული არ გაგიწევს. პატარა მარნები და მწარმოებლები რომ გზას იკვალავენ, ეგ ცალკე ამბავია. ალბათ, რამდენმა გაბედა მაგის მერე და თავისი ღვინო ფესტივალის ორგანიზატორებს შეაფასებინა, რამდენმა გაიკვალა გზა და თავიდან თუ რამდენიმე ათეული კომპანია მონაწილეობდა, ახლა, მგონი თვლა არ არის. ხარისხიც, მგონია, უკეთესი იქნება. ის კი არადა, მეც სულ მეფიქრება, რაჭიდან ჩემი ღვინოც ჩამოვიტანო ერთ დღეს და უბრალო დამთვალიერებელი კი არ ვიყო ფესტივალზე, არამედ მონაწილეც. 

გიორგი ცხაკაია

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, 18 წლის

ახალი ღვინის ფესტივალს პირველად მხოლოდ შარშან ვესტუმრე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალს მაინც განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა. დედა ენის პარკში მისულს საოჯახო მარნების და ღვინის კომპანიების სადეგუსტაციო დახლები დამხვდა. შევეცადე, ღვინის დამწყები მოყვარულის სტატუსით მესარგებლა და წარმოდგენილი ღვინოების აბსოლუტური უმრავლესობა გამესინჯა. ჩემი განსაკუთრებული მოწონება ერთ–ერთი საოჯახო მარნის კახურმა მწვანემ დაიმსახურა. უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალი მეღვინეებისა თუ ღვინის ექსპერტთათვის თავშეყრისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების, შედარებით გამოუცდელთათვის კი თავისუფალი დღის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობაა.

©საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო


ყურძნის ქიმიური შედგენილობა

$
0
0

გადმოწერეთ

დურმიშიძე, ს. ხაჩიძე, ო. ყურძნის ქიმიური შედგენილობა, თბილისი: მეცნიერება, 1979.

ახალი ღვინის ფესტივალი - სიკეთის და სიყვარულის დღე

$
0
0

რეზო ქვაჭრელიშვილი

შპს ნაოტარი

სტრატეგია და მარკეტინგი

მე რადგან უკვე დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ და ფიზიკურად მხოლოდ 2015 წლის ფესტივალს დავესწარი ცოტა გამიჭირდება ფესტივალის ისტორიულ ასპექტში დახასიათება. მიუხედავად ამისა, ფესტივალის დაარსებიდან მისი ვირტუალური მხარდამჭერი და ქომაგი ვარ. 2009 წლიდან, რა დროიდანაც გავხდი ღვინის კლუბის წევრი (ასევე ვირტუალურად), ამ კლუბის ყველა ინიციატივა და წარმატება მიხარია. ვმეგობრობ კლუბის წევრებთან და ვცვლით იდეებსა და შეხედულებებს, რომელთა უმეტესობა ფიზიკურად მხოლოდ შარშან გავიცანი ფესტივალის წინა დღეს, "სხვა ჯიშების" შთამბეჭდავ დეგუსტაციაზე.

ჩვენი ოჯახის ღვინო ფესტივალზე უკვე რამდენიმე წელიწადია მონაწილეობს, ჯერ როგორც საოჯახო მარანი, ხოლო 2015 წლიდან კი უკვე როგორც კომპანია.

ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ ჩვენთვის ამ რამდენიმე წელიწადში:

პირველ რიგში ის რომ მამაჩემის დაყენებულმა ღვინომ ღვინის სპეციალისტებისა და მოყვარულთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა; თუ არ ვცდები, 2012 წელს ფესტივალის სუმბოლური ქვევრი მამაჩემის ღვინით, ქისით გაიხსნა. მისი პროფესიის და კორპორაცია "ქინძმარაულში" ღვინის წარმოებაში მრავალწლოვანი გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა მაგრამ ქვევრის ნატურალური ღვინის წარმოება ინდუსტრიულ დონეზე სულ რამდენიმე წლის წინ ყველასთვის კარგად მივიწყებული ახალი ფენომენად ითვლებოდა.

ამ პირველ ნაბიჯებს მოყვა ნაოტარის ოფიციალურად დაარსება და შპს-დ დარეგისტრირება. სულ მალე ნაოტარის 2013 წლის მოსავალი ბოთლში ჩამოვასხით და ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად თბილისის ღვინის მაღაზიებში და ბარებში შევიტანეთ. რასაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნაოტარის გულშემატკივრებისგან. ამასთან, გაიზარდა ჩვენი ცნობადობა და ახალი მხარდამჭერების სოციალურ ქსელებშიც (followers, likes, shares in Facebook, Twitter, Instagram).

ასევე, ნაოტარის საქართველოდან ექსპორტით სურვილი გამოთქვა არა ერთმა მყიდველმა, რის შედეგადაც ნაოტარი უკვე იყიდება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, შვეიცარიაში, სლოვენიაში, და გერმანიაში. ასევე, სულ ახლახანს განვახორციელეთ ნაოტარის იმპორტი იაპონიაში და სულ მალე ვაპირებთ მის გატანას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ასევე ჰონკონგელ იმპორტიორთან.

პირველმა არხმა გადაიღო ერთ საათიანი დოკუმენტური ფილმი "ვაზში დაკარგულები." ამ ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა მამაჩემი 2012 წლის ფესტივალზე გაიცნო და მომდევნო წელი მთელი წლის განმავლობაში სეზონურად ახდენდნენ გადაღებებს ჩვენს ვენახში და მარანში.

ზოგადად, ამ ფესტივალმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული ქვევრის და/ან ნატურალური ღვინის განვითარებისა და წახალისებისთვის.

სწორედ ეს ფესტივალი გახდა ჩვენთვისაც ის პლატფორმა თუ მექანიზმი, რის დახმარებითაც ნაოტარი როგორც კომპანია ჩამოყალიბდა და ფრთებს ისხამს.

ღვინის კლუბი, ახალი ღვინის ფესტივალი მათი ლიდერები და მოხალისეები, ყველა ერთად აკეთებენ, და იმედია გააგრძელებენ, ფასდაუდებელ საქმეს რომელიც უდიდეს სტიმულს აძლევს ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენთვის, როგორც ღვინის ბევრი მოყვარულისთვის, ღვინის ფესტივალი ჩამოყალიბდა როგორც ნატურალური ღვინის ზეიმი და მის მწარმოებლებთან ყოველწლიური შეხვედრა-რიტუალი რომელსაც მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელი.

დიდი მადლობა!

ეკა ჯორჯაძე

გერმანისტი

ეს არის დღე, რომელსაც ველი მთელი წელი. არა მარტო მე, ჩემი შვილებიც. ვიცი, რომ ამ დღეს დათქმულ ადგილას, იქნება ეს ეთნოგრაფიული მუზეუმი, დედაენის ბაღი, მთაწმინდის პარკი, თუ სხვა, აუცილებლად შევხვდები ჩემთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს. ყველა ბედნიერია ამ დღეს. გაღიმებული და ხალისიანი სახეებია გარშემო. რაც მთავარია, ყოველთვის კარგი ამინდია! ეს ის დღეა, ტურისტებს რომ აღაფრთოვანებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს... ყველა ჩვენთაგანს რომ დადებითად განაწყობს და წამით დაგვავიწყებს ყველა პრობლემას... ღვინის ფესტივალი არის სიკეთის და სიყვარულის დღე.

ადრიანად გავრბივარ ხოლმე, რომ ჩემ საყვარელ „უსახელაურს“ მივუსწრო, „ქისი“ არ გამოილიოს, „ხოხბის ცრემლები“ არ დალიონ უჩემოდ ჩემმა მეგობრებმა...

უკვე მეშვიდედ ტარდება ღვინის ფესტივალი და სიამაყით ვიტყვი, რომ არც ერთი არ გამომიტოვებია. ვაკვირდები, რომ თანდათან ძალიან დაიხვეწა, გალამაზდა, გაიზარდა და „გამდიდრდა“ ფესტივალი. წლიდან-წლამდე სულ უფრო და უფრო მატულობს ხალხი. რამდენი არაჩვეულებრივი მეღვინე გვყოლია თურმე!...  მათი შემხედვარე ერთი ოცნება გამიჩნდა: მეც მინდა ერთ მშვენიერ დღეს მათ გვერდით დავდგე და ფესტივალის სტუმრებს ჩემი ვენახების ღვინო შევთავაზო!

დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი, IREX საქართველო, მედია პროგრამის დირექტორი

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ანტიპათეტიკური პასუხისმგებლობის სრული გააზრებით ვიტყვი, რომ ახალი ღვინის ფესტივალმა,  რეგულარულობითა და მასშტაბურობით, ქართულ ღვინოს სრულად განსხვავებული, ამავე დროს კი მისი კუთვნილი და დამსახურებული მნიშვნელობა შესძინა.  მოსაზრებას კი ძალიან მარტივად დავასაბუთებ:

ყოველმა ქართველმა (და ზოგი სხვა ერის კაცმაც) ფესტივალის დაარსებამდეც იცოდა, რომ: საქართველო მსოფლიოში (და, შესაძლოა, სამყაროშიც)  ყველაზე ძველი თუ არა, მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა; ქართულ ღვინოს საოცარი გემოთა ბუკეტი, ძალა და მადლი მოჰყვება.  დედამიწაზე ვაზის სულ 4 ათასამდე ჯიში არსებობს,  აქედან ხუთასზე მეტი - ქართულია.  და ეს მაშინ, როცა დალოცვილი დედამიწის ფართობი  დაახლოებით ხუთასი მილიონი კვადრატული კილომეტრია, სადაც საქართველოს სულ  70 ათასამდე კვადრატული კილომეტრი უკავია...   

- და მერე რა?! ასე, ქართული მრავალხმიანი სიმღერაც ფანტასტიკურია ისევე, როგორც ზღაპრულია ქართული ცეკვა.  ახლა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ქართული ცეკვა, ანდაც სიმღერა, ის რომ მხოლოდ ვიწრო წრეში - კარგამოხურულ ოჯახებში იცეკვებოდეს და იმღერებოდეს,  ის რომ თავისი მრავალფეროვნებით, საერთო-სახალხო ზეიმისა თუ მწუხარების თანმხლები და ნაწილი არ იყოს... ერთი, რომ არც ზოგადეროვნული და არც მსოფლიო ღირებულება არ ექნებოდა.  მეორე, რომ დღევანდელივით მრავალფეროვანი და მდიდარი ვერ იქნებოდა, რადგან  კარგამოხურულში აბა როგორ განვითარდებოდა და განევრცობოდა? 

 ფესტივალის დაარსებამდე ქართული ღვინოც ხომ ასე იყო - ყველა თავის ღვინოს წურავდა თავ-თავის მარანში და მისით მოჰქონდა თავი, მერე კი ამ ღვინოს (ცალკეულ ღვინოს, ერთი ჯიშისას) თავიანთ ოჯახებში სვამდნენ, ეგ იყო და ეგ. ქართული ღვინოს ფესტივალმა კი ქართულ ღვინოს საერთო-სახალხო ზეიმის ელფერი და ფუნქცია შესძინა. აქ ათობით (მალე კი ასებით!) ჯიშის ღვინო ათასობით მომსვლელს ეპრანჭება და აწონებს თავს. ამ შეჯიბრში კი ახალ-ახალი მიგნებები და ძველის გახსენებები ხდება და ასე ემატება ქართულ ღვინოს ძალაც, მადლიცდა მრავალფეროვნებაც...

ქეთი გერსამია

ღვინის კომპანია ლუკასი, დირექტორი

ახალი ღვინის ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქართული ღვინის მწარმოებლისთვის. კომპანია ლუკასისთვის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

როდესაც კომპანია ლუკასმა გამოუშვა სულ სულ პირველი  ღვინო (2012 წელს) სწორედ დაემთხვა ახლი ღვინის ფესტივალის პერიოდს და ჩვენ მოგვეცა საშუალება რომ პირველად წარგვედგინა ჩვენი პროდუქცია საზოგადოებისთვის.

იქვე ფესტივალზე ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ლუკასის ღვინომ. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა რომ ლუკასის ხარისხი და გემო ნადვილად იყო გამორჩეული. ამ ფესტივალზე წარმატებულმა გამოსვლამ მოგვცა სტიუმლი რომ უკვე საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე გაგვეგზავნა ჩვენი პროდუქცია, სადაც დადასტურდა ფესტივალზე მყოფი ხალხის შეფასება.

ფესტივალი კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვინოს და ღვინის წარმოებას ქართველი ხალხის ისტორიაში. ის ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას არა მარტო ქართველებში არამედ უცხოელებშიც, რადგან მოგეხსენებათ რომ ფესტივალზე დამსწრე საზოგადოება არა მარტო ღვინის მოყვარულებისგან შედგება, არამედ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსული უცხოელი ღვინის მცოდნეებისგან.

მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ფესტივალი უკვე ნამდვილად ძალიან დახვეწილი იყო, ორგანიზირებული უმაღლეს დონეზე. წინა დღით ჩატარებული დეგუსტაცია კი უნიკალური იყო და შეძლო დამსწრე საზოგადოების გაკვირვება თუნდაც იმ პრეზენტაციით თუ რა საოცარი ყურძნის ჯიშები არსებობს საქართველოში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გარეთაც იცოდნენ რომ საქართველო არის უნიკალური ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და რომ ჩვენი ღვინო არ ჩამორჩება არცერთ სხვა ცნობილ ღვინის მწარმოებელ ქვეყანას.

წელსაც უკვე ვემზადებით ფესტივალზე გამოსასვლელად.

დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ძალიან ბევრ ადამიანს შევხდებით, დავაგემოვნებთ ბევრ საინტერესო ღვინოს, გავატარებთ კარგ დროს და რასაკვირველია მოუტანთ ლუკასის ღვინოს დიდ მოწონებას და წარმატებას.

ვახუშტი მენაბდე

იალიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პორფესორი

ახალი ღვინის ფესტივალი ახალი დროის საქართველოში ხელახლა ამკვიდრებს ღვინის კულტურას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია რაც ამ ღონისძიებამ ამ წლების განმავლობაში გააკეთა.

ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ჩემზე საოჯახო მარნის მიერ დამზადებულმა კარდენახულმა საფერავმა მოახდინა. სრულიად უნიკალური გამოცდილება იყო, სხვა ბუკეტი ჰქონდა, სხვა არომატი და ბოლოს სულ სხვა გემოს ტოვებდა. ის 2012 წლის ფესტივალზე გავსინჯე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 - კულტურა, ტრადიცია, საქმე და სიამოვნება

$
0
0

მაია ბიძინაშვილი

სათემო კავშირი ნუკრიანი

ახალი ღვინის ფესტივალში ნუკრიანის სახელოსნოები უკვე მესამედ ვიღებთ მონაწილეობას. ამ ფესტივალის მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, არის მის შინაარსში: ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ღვინო. ეს დღე არის ახლობებთან შეხვედრის, სითბოს და სიყვარულის ურთიერთგაზიარების დღე. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2014 წლის (თუ არ მეშლება) ღვინო-ქუმბათის ვენახებიდან. და რაც მთავარია ორგანიზატორების მხრიდან ყველა მონაწილისსადმი გამოჩენილი ყურადღება, რაც არც ერთ ფესტვალზე არ შეგვხვედრია.

აჩიკო ნაცვლიშვილი

მარანი კეროვანი

ბოლო წლებია ახალი ღვინის ფესტივალი უდაოდ გადაიქცა საერთო სახალხო დღედ. ინტერესი, რომელიც ამ ფესტივალის მიმართ არის ცხადყოფს, რომ ჩვენში კვლავ ძლიერად არის გამჯდარი ჩვენი მემკვიდრეობის ერთ–ერთი მთავარი ღერძი მევენახეობა–მეღვინეობა და ღვინის ქვევრში დაყენება. ის რეგიონული და ჯიშური მრავალფეროვნება რომელიც არის წამოდგენილი ფესტივალზე, იძლევა საშუალებას გაეცნო ბევრ იშვიათ და საინტერესო ღვინოს, შეხვდე მეღვინეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, პიროვნებებს ვინც ქმნის და თავის ხასიათს წარმოაჩენს ღვინოში. პატივია იყო ბევრი გამოცდილი მეღვინის გვერდით და მოისმინო მათი რჩევები. ერთია, როდესაც შენ მოგწონს შენი დაყენებული ღვინო, მაგრამ აუცილებელია ის შეაფასოს ფართო საზოგადოებამ, ფესტივალის მეგობრული გარემო ამისთვის საუკეთესო ადგილია. ჩემთვის ეს უკვე მესამე ფესტივალია და ყოველწლიური უშუალო შეხვედრა ღვინის მოყვარულებთან, მათი აზრებისა და ხედვების გაცნობა მაძლევს უფრო მეტ სტიმულს და ენერგიას ბუნებრივი, ნატურალური ღვინის დაყენებაში.

გიორგი კეკელიძე

პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი

ვფიქრობ, ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ღია ღონისძიებაა, რაც კი საერთოდ წლის განმავლობაში ქვეყანაში ტარდება. ფესტივალს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და მრავალი კუთხითაც გამოირჩევა – ეს არის ერთგვარი შეხსენებაც და განახლებაც, ეთნოგრაფიაც და კულტურაც, ტრადიციაც და ნოვაციაც, სიამოვნებაც და ბიზნესიც. მოკლედ ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ლაღი, სახალხო – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ეს ტრადიცია შეუფერხებლად უნდა გაგრძლედეს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

"პიკის საათი" 13.05.16 ახალი ღვინის ფესტივალი 2016

ფოტორეპორტაჟი - 13 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის გახსნა, დეგუსტაცია - "ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ"

$
0
0

ქეთი ადეიშვილის ფოტოები

 

 

 

New wine festival 2016 Tbilisi, Georgia

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – GDS


დიდი ინტრიგა, უცხო გემოები და ნაცნობი (ქვ)ევროპა – ევროპული ქვევრის ღვინის დეგუსტაცია თბილისში

$
0
0

ლევან სეფისკვერაძე

13 მაისს, მთაწმინდაზე, რესტორან „ფუნიკულიორში“ ღვინის კლუბის ორგანიზებით, უცხოეთში წარმოებული ქვევრის ღვინეობის დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციაში მონაწილეობას პროფესიონალ მეღვინეებთან და ღვინის ექსპერტებთან ერთად, ღვინის მოყვარულებიც იღებდნენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა და უცხოელმა სტუმრებმაც. დეგუსტაცია მიზნად მხოლოდ უცხოეთში წარმოებული, ქართულ ქვევრებში დაყენებული ღვინის საზოგადოებისათვის გაცნობას ისახავდა.

უნდა ითქვას, რომ უკვე ორი წელია, საფუძველი ჩაეყარა „ახალი ღვინის ფესტივალის“ წინა დღეს, დეგუსტაციების მოწყობის ტრადიციას. შარშანდელი ფესტივალის წინ, იშვიათი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოები გაისინჯა, წელს კი, როგორც ვთქვით, ღვინის მოყვარულებმა უცხოური ქვევრის/ჭურის ღვინოები დააგემოვნეს.

დეგუსტაციის დასაწყისში, ღვინის კლუბის პრეზიდენტმა, მალხას ხარბედიამ იმედი გამოთქვა, რომ 13 მაისს გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები ღვინის ფესტივალზეც გამოჩნდება და მათი გასინჯვის საშუალება ნებისმიერ მსურველს მიეცემა.

ღონისძიების დაწყების წინ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა ღვინის კლუბისა და ღვინის სააგენტოს ერთობლივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ როგორ იზრდება „ახალი ღვინის ფესტივალის“ მასშტაბები როგორც წარმოდგენილი ღვინის, ასევე ფესტივალის სტუმრების რაოდენობის კუთხით.

„ჩვენი ქვეყნის ღვინის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოში ღვინო ყოველთვის ყველა ოჯახში მზადდებოდა. შემდეგ იყო თავადაზნაურობა, რომელიც სახელს უთქვამდა საექსპორტოდ გასატან ქართულ ღვინოს. მაგრამ, თავადაზნაურობა „სამტრესტმა“ შეცვალა და შეფერხდა საოჯახო ღვინის განვითარება, თუმცა ის მაინც დარჩა ქართული მეღვინეობის სახედ და საფუძვლად“ – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

მისივე თქმით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ქართულ ქვევრში დაყენებული უცხოური ღვინის ნიმუშები ნიშანია იმისა, რომ ქართული ტრადიციული მეღვინეობა და ქვევრის ღვინო უკვე გასცდა ქართული საოჯახო მარნების სივრცეს და ევროპა მოიცვა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ამბავია.

დეგუსტაციაზე სულ წარმოდგენილი იყო შვიდი ნიმუში. ამ ღვინოების უმეტესობა იტალიაში იყო დაყენებული, ასევე იყო იაპონიაში, გერმანიაში და საფრანგეთში ქართულ ქვევრებში დაყენებული ღვინოებიც.

პირველ ნიმუშად გაისინჯა იაპონური ღვინო, Domaine Des Papilles,  Cuvée Papilles, 2015. მეორე ნიმუშად, გერმანიაში, ფრანკონიის რეგიონში სილვანერის ჯიშისგან დაყენებული ღვინო გაისინჯა. ეს ღვინო 9 თვის მანძილზე იყო ჭაჭა–კლერტზე ქვევრში დავარგებული (Challenge! Amphora K, 2014).

მესამე ღვინომ ჭაშნიკის  მონაწილეებს განსხვავებული გემოებით დაამახსოვრა თავი. პირვერ რიგში გევურცტრამინერის ჯიშის გამო. ეს 2014 წლის მოსავლის ქარვისფერი ღვინო საფრანგეთში, ალზასის რეგიონში მოწეული სამი ჯიშისგან: რისლინგისგან, პინო გრისისგან და გევურცტრამინერისგან იყო დაყენებული და წინა ნიმუშის მსგავსად ასევე ძალიან დიდი დროის მანძილზე – 8 თვის განმავლობაში იყო ჭაჭაზე დაყოვნებული (Qvevri, Laurent Bannwarth, 2014).

დეგუსტაციის მეოთხე ნიმუშმა ფერითა და ინტენსივობით ყველას ქართული ქვევრის ღვინო გაახსენა. ეს გახლდათ იტალიაში 2010 წლის მოსავლის ვიტოვსკადან 6 თვიანი მაცერაციით დაყენებული ღვინო (Vitovska, Vodopivec, 2010). ღონისძიების ბევრმა მონაწილემ ეს ღვინო გასინჯულთაგან ყველაზე საუკეთესო და საინტერესო ნიმუშად შეაფასეს. დეგუსტაციის წამყვანის, მალხაზ ხარბედიას აზრით, დეგუსტაციის მონაწილეთა ამ ღვინით აღფრთოვანება ნამდვილად არაა შემთხვევითი, რადგან ქვევრის შესაძლებლობები ყველაზე ნათლად სწორედ ამ ღვინოში გამოიხატა. მეღვინე ჯონი ვურდემანის აზრით, ეს ღვინო დაძველების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად გამოხატავს, თუ რა შეუძლია ქართულ ქვევრს.

მეხუთე და თეთრი ნიმუშებიდან ბოლო ქვევრის ღვინო, ასევე იტალიური გახლდათ. ეს იყო რიბოლასგან დაყენებული ღვინო, რომელიც ჯერ ქვევრში, შემდეგ კი მუხის კასრებში მთელი წლის მანძილზე ვარგდებოდა (Anfora Ribolla, Gravner, 2008). ქვევრის რიბოლა გასინჯულთაგან ყველაზე ძველი ღვინოც გახლდათ, ის 2008 წელს დააყენეს და ღვინის ავტორი იოშკო გრავნერი ქართული ქვევრის ევროპაში ერთ–ერთი პირველი გამტანი, პოპულარიზატორი და დამფასებელი გახლავთ. დეგუსტაციის მონაწილე მეღვინე ზაზა ჯაყელმა აღნიშნულ ღვინოს „ჩემპიონი“ უწოდა.

დეგუსტაციის ბოლო აკორდი, ზედიზედ ორი სიცილიური წითელი ღვინო იყო. ორივე ერთიდაიმავე მწარმოებლის ღვინო გახლდათ, 2014 წლის მოსავლის, განსხვავებული ჯიშებიდან დაყენებული. ნერელო მასკალეზედან, ნერელო კაპუჩოდან და ალიკანტედან დაყენებული იყო პირველი ნიმუში, დეგუსტაციის ბოლო ღვინო კი მხოლოდ ნერელო მასკალეზედან იყო დაწურული.

როგორც უკვე ვთქვით, ღონისძიებას არაერთი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის კი აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ცნობილი ღვინის მწერალი ელის ფეირინგი. როგორც იცით, ელისმა ამ ცოტა ხნის წინ, გამოსცა თავისი მორიგი წიგნი, რომელსაც სახელად ასე ჰქვია: „ღვინის სიყვარულისთვის – ჩემი ოდისეა სამყაროს უძველესი ღვინის ქვეყანაში“ და მთლიანად საქართველოსა და ქართულ ღვინოს ეძღვნება.

„ძალან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი საქართველოში. სულ რაღაც ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ბოლოს ვიყავი, მაგრამ ეს ერთი წელი რატომღაც ძალიან გაიწელა. ეს დეგუსტაცია უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით ჩვენთვის – უცხოელებისათვის“ – ამბობს ელის ფეირინგი.

ღვინის მწერალი ასევე ამბობს, რომ როგორც მრავალმა ევროპელმა, მანაც პირველი ქვევრის ღვინოები სწორედ ევროპაში გასინჯა და ქართული ქვევრის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა მოგვიანებით მიეცა. 

„პირველი ქვევრის ღვინო, რომელიც გავსინჯე, იყო იოშკო გრავნერის ღვინო. ამ ღვინის გასინჯვამ შოკში ჩამაგდო. არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მიწაში ჩარგულ თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენება. გასინჯული პირველი ქვევრის ღვინოები ჩემთვის იყო დამაინტრგებელი და საინტერესო, თუმცა, ეს იყო სრულიად უცნობი და უცხო მიმართულება. ამის შემდეგ ვნახე ამერიკაში მცხოვრები ქართული ოჯახი, რომლებიც ასევე აყენებენ ღვინოს ქართულ ქვევრში.

საქართველოში მხოლოდ 2011 წელს ჩამოვედი და მაშინ დავინახე, თუ როგორი საოცარი, გემრიელი და ნამდვილი შეიძლება იყოს ქართული ქვევრის ღვინო. იმ წელს ჩემი აზრით მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მოხდა ქართული ღვინისათვის. მანამდე ნამდვილად არ ჩანდა მაინცდამაინც ნათელი მომავალი, რადგან მექვევრეობა კვდებოდა, მოხუცებულ მექვევრეებს კი არ ყავდათ ამ საქმის გამგრძელებელი შეგირდები“.

ელის ფეირინგის დაკვირვებით, მხოლოდ 2011 წლის შემდეგ დაიწყეს უცხოელმა მეღვინეებმა საქართველოში ხშირი სტუმრობა და ძალიან სწრაფად მოხდა ქვევრის პოპულარიზაცია მთელს ევროპაში. ბევრმა ევროპელმა მეღვინემ საქართველოდან ჩაიტანა ევროპაში ახალი ღვინის ამბები და მის წიგნშიც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ გავიდა აქედან ქვევრები საფრანგეთსა და იტალიაში და როგორი იყო ევროპელების პირველი შთაბეჭდილებები ქვევრთან დაკავშირებით.

„შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ ქვევრი არის უბრალოდ ჭურჭელი, სადაც ღვინო ისხმება, მაგრამ ქვევრი არის მთელი კულტურული პლასტი და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ესაა ფესვებთან დაბრუნება, რომელსაც ღრმა სულიერი და ფილოსოფიური წიაღსვლები ახასიათებს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვესწრები ამ დეგუსტაციას და მინდა ქართული ქვევრების შესახებ მთელმა მსოფლიომ კიდევ უფრო მეტი გაიგოს“.

ფოტოები:აჩიკო ტყემალაძე, ქეთი ადეიშვილი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო.

„ახალი ღვინის ფესტივალი" 2016 მთაწმინდის პარკში

ახალი ღვინის ფესტივალი – 2016 – სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვიდეო

დედაქალაქმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა – საზოგადოებრივი მაუწყებელი

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – JAKO FM

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 – ბესო ჩუბინიძე

80 კომპანია და 102 საოჯახო მარანი - დედაქალაქი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს


ახალი ღვინის ფესტივალი 2016 - იბერია TV

ახალი ღვინის ფესტივალი, საფერავი ტვ

ღვინისა და ხალისის შესანიშნავი შვიდეული - „ახალი ღვინის ფესტივალი“ მეშვიდედ!

$
0
0

ლევან სეფისკვერაძე

უკვე შვიდი წელია, რაც „ახალი ღვინის ფესტივალი“ ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი სახალხო დღესასწაულია და როდესაც ფესტივალი ახლოვდება, ამ დღის მოლოდინი ყველგან იგრძნობა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში სამწუხაროდ ზოგადად ფესტივალების ტრადიცია ძალზედ მწირია.  ღვინის ფესტივალის ტრადიცია კი ჩვენს ქვეყანაში სწორედ “ახალი ღვინის ფესტივალმა“ ჩამოაყალიბა.

წლევანდელი ფესტივალი საზოგადოებას მრავალი სიახლით წარუდგა. შეცვლილი იყო ფესტივალის ჩატარების ადგილი და ეს გრანდიოზული ღონისძიება მისი შვიდწლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდ და მასშტაბურ სივრცეში –  მთაწმინდის პარკში გაიმართა. ხოლო ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების, კომპანიებისა და საოჯახო მარნების სიმრავლე და მატება უკვე აღარავის უკვირს, რადგან ახალი ღვინის ფესტივალის წლიდან–წლამდე გაზრდა და გაფართოვება ამ ღონისძიების ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

წლევანდელ ფესტივალში სხვადასხვა გათვლებით, დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ფესტივალის ძველი სტუმრები ერთმანეთს ძველი ნაცნობებივით ხვდებოდნენ. როგორც 22 წლის სტუდენტი გიორგი ხვიჩია ამბობს, ფესტივალის სტუმრებს ის და მისი მეგობრები უკვე სახეზე ცნობენ და ადრე სრულიად უცნობი ადამიანები ახალი ღვინის ფესტივალზე ძველი ნაცნობებივით ესალმებოდნენ ერთმანეთს.

ტრადიციულად საგრძნობი და თვალშისაცემი იყო ფესტივალზე ბავშვების სიმრავლე. ბავშვებისათვის ეს დღე გამორჩეულად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო, რადგან მთაწმინდის პარკი ის ადგილია, სადაც მშობლები ღვინოს აგემოვნებდნენ, ბავშვები კი გართობის გარდა ბევრ სიახლესაც იგებდნენ.

ნელი გოჩაშვილი, დიასახლისი:„ისევე როგორც შარშან, წელსაც ბავშვებთან ერთად მოვედით და დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ფესტივალის ორგანიზატორებს იმის გამო, რომ საფესტივალოდ ეს ადგილი შეარჩიეს. ბავშვებს რა თქმა უნდა რამდენიმე კარგ ღვინოს ვასინჯებთ, მაგრამ პატარების ამბავი თქვენც კარგად იცით. ასეთი ღონისძიებები შეიძლება მოსწყინდეთ და სახლში წასვლა მალევე მოითხოვონ. ახლა კი, როდესაც გარშემო ამდენი კარუსელია, ბავშვებს სახლში წასვლას ვერც კი ვუხსენებთ. ჩემი ქმარი კი იძახდა – ბავშვების წამოყვანა არ გვინდაო, მაგრამ ახლა ყველა კმაყოფილი ვართ“. 

ტრადიციულად ხალხმრავლობა იყო  როგორც დიდი კომპანიების, ასევე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში ჩამოსული ე.წ. ოჯახური მეღვინეების კარვებთან და დახლებთან. იმის გამო, რომ იმერელი მეღვინეების უმეტესობა ფესტივალში პირველად მონაწილეობდა, მათთვის დიდი სიურპრიზი იყო ამდენი ადამიანის მათი ღვინისადმი ინტერესი. იმერელი მეღვინეები ასევე ძალიან გაახარა იმ ფაქტმაც, რომ საფესტივალო ტერიტორიაზე ტრადიციულად ჩარგულ პატარა ჭურში წელს სწორედ იმერელი მეღვინის, გიორგი გიორგაძის ოცხანური საფერე ესხა.

გიორგი გიორგაძე, მეღვინე თერჯოლისმუნიციპალიტეტიდან:„ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა სწორედ ჩემი ღვინო გამოარჩიეს ჭურში ჩასასხმელად. ამაზე მეტი სტიმული რა უნდა იყოს მეღვინისათვის? ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი მაქვს ქვევრში დაყენებული ციცქა და ამ ღვინითაც ბევრი ადამიანი დაინტერესდა. აგერ ვუყურებ ჩემი კუთხის ხალხს – იმერელ მეღვინეებს და ვრწმუნდები, რომ ჩვენს ღვინოს მართლაც დიდი მომავალი აქვს!“.

წლევანდელი ფესტივალი კვალავ არ დარჩენილა „ახალი ღვინის ფესტივალების“ ტრადიციულ „ჰიტად“ ქცეული ღვინის – ლეჩხუმური უსახელაურის გარეშე. წელს ეს ღვინო სოფელ ოყურეშის მკვიდრმა, გიორგი მელიქაძემ წარმოადგინა. უსახელაურის დახლთან ტრადიციულად ფესტივალის სტუმარი ქალბატონების დიდი სიმრავლე იყო, რაც ღონისძიების სტაჟიან სტუმრებსა და მონაწილეებს ნამდვილად არ გაკვირვებიათ. თავად მეღვინე კი პირველ ყოვლისა იმით იყო გაკვირვებული, რომ მას ვერ წარმოედგინა უსახელაურის არსებობა მთელმა თბილისმა თუ იცოდა.

გიორგი მელიქაძე, მეღვინე ლეჩხუმიდან:„უსახელაური მართლაც ძვირფასი ღვინოა და ლეჩხუმსა და რაჭაში ძალიან არის დაფასებული, მაგრამ თბილისში თუ ყველამ ასე კარგად იცოდა მისი არსებობა, – ნამდვილად არ მეგონა. ჯერ სულ ორი საათის დაწყებულია ფესტივალი და უკვე მითავდება გასასინჯად გამოტანილი ღვინო. ყველას ღმერთმა შეარგოს ჩემი დაყენებული უსახელაური და უფალს ვთხოვ, რომ საქართველოში დამდგარიყოს ის დრო, როდესაც ღვინო და პური ყველას თავზე საყრელად გვექნება“.

წლევანდელ ფესტივალზე 103 საოჯახო მარანი იყო წარმოდგენილო, რაც სარეკორდო რაოდენობაა. ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ღვინის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობამაც. მათი რიცხვი წელს 80–მდე იყო. ფესტივალის სტუმრები მუდამ აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ღვინის კომპანიების რაოდენობა წლიდან–წლამდე იმატებს და ასევე იმატებს იმ ოჯახური მარნების რიცხვი, რომლებიც საოჯახო (შიდა მოხმარების) ღვინის წარმოებიდან, ანუ ღვინის მომხმარებლებიდან, უკვე ღვინის მწარმოებლები ხდებიან.

„სწორედ ასე იბადება ქვეყანაში მცირე ბიზნესის მწარმოებელი ე.წ. საშუალო ფენა. ეს ადამიანები შემდეგში დამოკიდებული აღარასოდეს იქნებიან არც პოლიტიკურ გარემოზე და არც მავანთა კეთილგანწყობაზე. მე ვიტყოდი, სწორედ ახლა და სწორედ ასეთ გარემოში იქმნება მომავალი“ – გვითხრა გვარიანად შეზარხოშებულმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა, რომელსაც ხელში კორპორაცია „ქინძმარაულის“ მიერ წარმოებული საფერავით სავსე ჭიქა, თვალი სხვა ღვინოებისაკენ ეჭირა. 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მთაწმინდის პარკის სივრცე საფესტივალოდ ბევრი კუთხითაა გამორჩეული. ეს ყველაფერთან ერთად სატრანსპორტო მომსახურებასაც ეხება, რადგან მთაწმინდის პარკში ასასვლელად საავტომობილო გზის გარდა, ფუნიკულორის ტრამვაიც ადიოდა. თუმცა, უკვე შუადღისათვის, ფესტივალზე მისვლის ათასობით მსურველს ვერც ტრამვაი აუდიოდა და ვერც მისასვლელი საავტომობილო გზა. ამის მიუხედავად, საფესტივალო განწყობა ადამიანებში მაინც არ დაკარგულა და როგორც რამდენიმე სტუმარმა  მოსწრებულად შენიშნა, ვერ ნახავდით გზებზე საცობების თანმდევ გინებას, წყევლა–კრულვას და შემდეგ ხელების შლას და მუშტებზე ყურებას. ერთმანეთისადმი კეთილგანწყობა – სწორედ ეს აერთიანებთ ფესტივალის სტუმრებს წლების მანძილზე.

უკვე შვიდი წლის ისტორიის მქონე „ახალი ღვინის ფესტივალის“ ადგილი სამჯერ შეიცვალა. პირველი ხუთი წელი ეს ღონისძიება კუს ტბის გზაზე მდებარე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართებოდა, შარშან ფესტივალის ადგილად მტკვრის პირას მდებარე დედაენის პარკი შეირჩა, წელს კი, როგორც იცით, მთაწმინდის პარკს მიენიჭა უპირატესობა. ცვლილებები და სიახლეები ამ ღონისძიებისათვის დამახასიათებელი და ბუნებრივია. უცვლელი მხოლოდ ფესტივალის დირექტორი, მეღვინე იაგო ბიტარიშვილია, რომელიც ფესტივალის ორგანიზების დიდ პასუხისმგებლობას ტრადიციულად ეჭიდება და შედეგიც სახეზეა!

იაგო ბიტარიშვილი მოხარულია იმით, რომ საქართველოში ბოლო დროს ღვინის მოყვარულებმა მრავალი საინტერესო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს.  თუმცა, თავისი არსით ფესტივალი მხოლოდ ღვინის კლუბის მიერ ჩატარებული “ახალი ღვინის ფესტივალია“ და სწორედ ეს ღონისძიება იქცა ბოლო წლებში სახალხო ზეიმად.

იაგო ბიტარიშვილი, „ახალი ღვინის ფესტივალის“ დირექტორი:“რა თქმა უნდა მარტო ფესტივალებზე არაა დამოკიდებული ქართული მეღვინეობის განვითარება, მაგრამ მთლიანობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ამ დარგისთვის. ჩვენმა ფესტივალმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ღვინისადმი მართლაც დიდი ინტერესი არსებობს. ამაზე მასშტაბური ღვინის ღონისძიება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. წლევანდელ ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ როგორც დიდი კომპანიები და მცირე მარნები, ასევე ოჯახური მარნები და ისეთი ადამიანებიც კი, რომლებმაც ღვინო ქალაქის პირობებში დააყენეს. მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ ერთია! ღვინო ხარისხიანი უნდა იყოს! ჩვენ მხოლოდ ხარისხიანი ღვინის პროპაგანდას ვეწევით!“.

წლევანდელი, ისევე როგორც გასული ექვსი ფესტივალი, ღვინის კლუბმა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის პატრონაჟით დაგეგმა და განახორციელა. ფესტივალის ორგანიზატორებს ასევე გვერდში ედგნენ, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია. მაგრამ, ფესტივალის მთავარი მონაპოვარი მაინც ის ათასობით ადამიანია, რომელიც მთაწმინდის პარკიდან თბილისში და საქართველოს მრავალ სოფლებსა და ქალაქებში კმაყოფილი დაბრუნდა. ეს დღე სწორედ მათ ეკუთვნით! 

ფოტოები:სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

                 ქეთი ადეიშვილი;

                მთაწმინდის პარკი;

               სოფო ჭინჭარაული.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2016.

“შემოვგოზავთ, რომ სული არ ამევიდეს. სიმაგრე ამ სულშია...”

$
0
0

ჩვენ უბანშია ცოლოკოური, მწვანე, ციცქა, ცხვეტიანი თეთრა, ნაკუთნოული. მიწას უნდა გადაბრუნება არშინზე, მერე დეირგვება ნამყენი.

ნამყენი. წარე ლერწზე ვამყნოფთ გემრიელ ლერწს. წარე ლერწს ჭირი არ ეკარება, იმიზდა მეიგონეს ეგი. მარტიდგან ვამყნოფთ და სითფო ალაგზე შევინახავთ. რო გათფება აპრილისკე, მაშინ დამყნილს გადაბრუნებულ მიწაში დავრგავთ ოროლს და შევხურავთ მიწით, ბღვერით, ის ამოჭრის, ამოკუკურდება. თუ გევიდა ორივე, ერთს ამევიღეფთ // ამოვაკლეფთ და მორე ალაგს ჩავრგავთ, რომელსაც ბევრი ექნება დამყნილი და მიწა არ ოუვა გადაბრუნებული, ალაგი აქ, პიტონიკს ვეძახით, იმაჩი ექნება ერთ წელიწადს, მორე წელიწადს ამეიღეფს და ფესვიან ლერწს დარგავს.

ვაზი. ყურძნი. რო ამოკუკურდება, ხარდანს // ჭიგოს დოუსოფთ. გეიზდება, ავახოვთ, ავაყოლეფთ, მიწაზე არ დავაგდეფთ. დიდი თუ გეიზარდა, თავს გადავჭრით, აპა შტოებს ჩამეიღებს ქვერე და დაშტილავს. გვერდებში ამეიღეფს ბუშებს - ნაყარს, უნდა ორჯენ დოუარო და შემოაცალო.

შტო ვაზია. ვაზი მეისხამს ყურძენს // ტევანს. ტევანი მიმბულია კინწით. კინწზე მარცვალია // ბიმბილია. ყურძენი შეთვალდება, წიფობითვემდი დამწიფდება.

ყურძენს ვკრეფავთ ხელით. დანით მივაჭრით აქანე [ხელით მაჩვენებს] და სალასტოში ჩავყრით, მერე სამწნეხელში // ხორგოში ჩავყრით და ფეხით გავზელთ. სამწნეხელში ვადუღეფთ, მერე გამოუშოფთ და ჭურებში ჩავასხამთ. ჭურში აღარ დუღს.

დარჩება ჭაჭა. ჭაჭას ამევიღეფთ და ჩავყრით საწბერავში// საწურავში, დავწურავთ და კაი ღვინო გამოვა. ჭაჭას ქვაბში ჩავყრით და გამოვხდით ოტკათ. ბევრი ჭაჭა ვინცხას აქ, ქვე დაასხამს წყალს, დარჩება ერთი ექვსი დღე. გამოუშოფს ღვინოთ და ჭაჭას გადაყრის. ეს იქნება შûა // შûათაგანი ღვინო. საოჯახო ღვინოა, წყლი მაგივრათ ვიხმართ, წყალს მაინც ჯობია ზამთარში, ზაფხულში არ ვარგა.

ვწამლავთ მაშინით, რომელსაც შეუძლია და ექნება, ხუთჯენ უზამს წამალს - შაბიაბანს და კირს შევამზადეფთ და წამალია. წინათ წამლობა არ იყო. დაგუნძული იყო ყურძნით, მარა ფილაქსერა ქვიოდა და გაახმო. ე წამლობა რო დოუწყეთ, ფილაქსერა მეისპო. მერე მეიგონეს ნამყენი და კეთდება იგი ახლა.

მაშინ იყო ალექსანდროული, შავი კაბისტონი, ნაკუთნოული. ძველ ლერწში, სანამდი იყო და არ გარახმა, ნაკუთნოული ჯობდა, გამოსვლა მეტი ხონდა. იგი ნამდვილ დაბალი, მბილი, მარა საჯანთელო ღვინო იყო, სიმაგრით ალექსანდროული ჯობია. ცოლოკოური და მწვანე სიმაგრით ყველას ჯობია.

ჭური. ჭური მიწაშია. ჭურს ვრეცხავთ სარცხით. არყი ქვია, წავალთ ტევრში და იქიდგან მევიტანთ, გავაკეთეფთ ჯოხზე და იმითინ ვრეცხავთ. მერე ოფსილოს - ტილოა ჯოხზე წამომცობილი - დავაბრუნეფთ ჭურში და ამეიწმინდება იგი და მერე ღვინოს ჩავასხამთ. მარგალითათ, მოუნდა სამჯენ ამორეცხა ჭურს, სამივეჯენ ამოვაოფსილოეფთ და მერე ღვინოს ჩავასხამთ. ჭურს დავაფარეფთ სარქვიელს, მერე მოზელილი აყალო მიწით დავგოზავთ და თავზე ბღვერს - დაფშვნილ მიწას - დავაყრით. ბღვერი აყალო მიწას დახეთქას არ ანებოფს. შემოვგოზავთ, რომ სული არ ამევიდეს. სიმაგრე ამ სულშია.

თუ სახარჯოთ დაგვჭირდა, ჭურს ხელით მოვხდით // მოვხსნით და ღვინოს ამევიღეფთ ხრიკით. თუ ყველე არ დახარჯე, ისევე უნდა დაგოზო.

ხრიკა. წარე კვახია. გამოვხარჩავთ მდუღარეში, გავწმედავ და ტარს დავაგეფ. ხრიკით ღვინოს ჩავასხამდით დოქში.

დასალევათ ძველათ კათხა იყო, ჩემსობას სტაქანი იყო.

ნიტრა ორჩარექიანია, დოქი - ოთხჩარექიანი, ხუთჩარექიანია, ჩაფი // კოკა თორმეტ- თუთხმეტჩარექიანი // თორმეტ-თუთხმეტი ლიტრი ჩადის, დორა ორჩაფიანია, ექვსთუნგიანია, ძორო ორი დორაა, ოთხი ჩაფია. დოქი მერიქიფეს აქვს ღვინის მისატანათ და დასასხმელათ. თუნგი საწყაო ხუთჩარექიანია - თუნგში ხუთი ბოთლია, ხუთი ჩარექაა.

ენა / დიალექტი: ლეჩხუმური (ქართული)

ჩაწერისადგილი: ცაგერი (საქართველო / რაჭა-ლეჩხუმი)

გამოცემა: ივანეგიგინეიშვილი, ვარლამთოფურია, ივანექავთარაძე

ქართულიდიალექტოლოგია

ჩაწერისწელი: 1958

მთქმელები: ათანასელეფსიწვერიძე

ტექსტისჩამწერი: ვარლამთოფურია

კორპუსულიგამოცემისავტორ(ები):ლიაბაკურაძე

corpora.co

დასავლეთ საქართველოს თეთრი ღვინოები – Georgian Wine Infographics (61)

Viewing all 2678 articles
Browse latest View live