Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2662 articles
Browse latest View live

ღვინის დღიურები. მარიამ იოსებიძე. ღვინის მწარმოებელი, Living Roots-ის ტურების კოორდინატორი

$
0
0

ორშაბათი, 14 დეკემბერი

და აი გათენდა მეორე დილა მარტო ცხოვრების... ყოველდღიურმა  მაღვიძარამ დარეკა ყოველდღიურ დროს- 8-ის ნახევარზე და დღესაც, როგორც ყოველდღე, ძლივს გავახილე თვალები. პირველი გაჩერება - იოგას გაკვეთილი, შემდეგ ისევ სახლი და შემდეგ -  სამსახური. ვითომ რიგითი დღე არც ისე ჩვეულებრივია.

ჩემი ნახევარი ოჯახი ნელ-ნელა გადასახლდა ამერიკაში და დღეს მივხვდი, რომ სახლში მარტო დავრჩი და მარტოს მომიწევს სახლური სიმყუდროვის შექმნა. თუმცა დღეს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირველი თემა, რომელზე ფიქრითაც ბოლო ორი დღეა ვიძინებ და ვიღვიძებ ჯონ უერდემანის ოჯახის დანაკარგია. მართალია მატერიალური, მაგრამ ძალიან ღრმა, მრავალწლიანი მოგონებების და ფასეულობების დანაკარგი. 

იმ დღეს, როცა ეს ამბავი გავიგეთ, სამსახურში ვიყავით. ბევრი არ გვიფიქრია, ჩავსხედით მანქანაში და სიღნაღისკენ წავედით. უსუსური ადამიანები და კიდევ უფრო უსუსური, უძლური და უწყლო სახანძროები სახლის ორივე მხარეს იდგნენ და უზარმაზარ ხანძარს ვერაფერს შველოდნენ. ყველანი მადლიერები ვიყავით, რომ მსხვერპლი არ იყო, მაგრამ ამ სახლი-მუზეუმის ჩაფერფვლას ცრემლის გარეშე ვერავინ უყურებდა. 

პირველი, რაც ამ სახლთან დაკავშირებით მახსენდება მისი ორასწლოვანი კახურ-თაღებიანი სარდაფია. ეს იყო ნამდვილი ღვინის საგანძური, ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ოდესმე მინახავს. კიბიდან იწყებოდა რქაწითელის, საფერავის, ჩინურის, მწვანეს, შავკაპიტოს თუ თავკვერის ღვინის სხვადასხვა მოსავლის ბოთლების კოშკები. მეორე და მესამე მიწისქვეშა ოთახში კი უცხოელი, ნატურალისტი მეღვინეების შედევრების საცავი იყო. ნამდვილი სამოთხე ღვინის მოყვარულთათვის...

სანამ ცეცხლი სახლის უკანა მხარესაც მოეკიდებოდა, ხოხბის ცრემლებშიმომუშავე ბიჭებს მოუფიქრებიათ და სარდაფის ჩასასვლელი კარგად გაუჟღენთიათ სახანძრო მანქანის წყლით. ბოთლების ზედა ფენები ზემოდან ჩამოსული ალით და სიმხურვალით ადუღებულა, ქვედა რიგები და უკანა ოთახების ბოთლების დიდი ნაწილი კი - გადარჩა. 

როცა ღვინო ადამიანისთვის მხოლოდ თრობის საშუალება არ არის, აფასებ, გიყვარს და გაცნობიერებული გაქვს ყველა ის გონივრული ნაბიჯი ვენახსა და მარანში, რამაც იგი სრულყოფილებამდე მიიყვანა, მაშინ დგახარ ჩაფერფლილ სახლთან და ცრემლიანი სახით ალმოდებულ, უკვე გაციებულ ბოთლს ხსნი, იმედით რომ ღვინო გადარჩა. ეს გია იყო, ხოხბის ცრემლებისრესტორნის შეფი...

გელამ (ფათალიშვილი, ხოხბის ცრემლებისმეღვინე) და არჩილმა (ნაცვლიშვილი, კეროვანი) ღამე მანქანაში გაატარეს, ღვინოს ყარაულობდნენ.

ეს გრძელი ღამე იყო ერთად დგომა, ნუგეში და ცარიელი ემოცია, რომელსაც მეორე დღე მოჰყვა - ემოცია + მოქმედება. 

დილიდან დარაზმული სიღნაღელები, თბილისელები, ამერიკელები თუ ინგლისელები ორგანიზებულად ვეზიდებოდით ყუთებს, ბოთლებს. საბედნიეროდ მძიმე კვამლის, ჭვარტლის და წყლის მიუხედავად, ბევრი ბოთლი გადარჩა და ახალ ადგილებში დაბინავდა. 

მძიმე შრომას ვახშამი მოჰყვა, და ვის გაუკვირდება, ვის არა, მაგრამ ვახშამს სევდიანი და ლამაზი სიმღერაც ამშვენებდა. “არ დაიდარდო” გაგვახსენდა...

რა მიზეზიც არ უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ, მორალი ერთია - წლების განმავლობაში ნაშენები, შეიძლება წამებში გაქრეს. მატერიის კანონია. დღეს არის, ხვალ - აღარ, ან - პირიქით. ზოგს ასეთი შემთხვევა ხელს ჩააქნევინებს, ზოგს გააძლიერებს, მაგრამ ადამიანის სიკეთე უკვალოდ არ ქრება, არც ჯონია გამონაკლისი. ეს ამბავი, რომ გახმაურდა ტელეფონები არ გაჩერებულა, რეკავდნენ მეგობრები და უცნობებიც, რომლებიც დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ვინ ლურსმნით აპირებდა მოსვლას, ვინ - ფიცრით. იმედია ეს ზარები ერთჯერადი გამოძახილი არ ყოფილა და ყველა ერთობლივი ძალებით შევეჭიდებით დარჩენილი კედლების აღდგენას და ახალი სახლის შენებას.  

ჩემი დღიური ორშაბათიდან წინა დღეების სიმძაფრემ გადამახვევინა. 

წერას შევყევი, არადა მეჩქარება. დღეს ჩემი ნათლული 3 წლის გახდა. დაბადების დღეზე, ბავშვებზე მეტად, ციყვების და ზღარბების დაპატიჟება უნდოდა, ხოდა მეც ვუპოვე “ლეგო”-ს ასაწყობი ფერმა შინაური და გარეული ცხოველებით, მათ შორის ციყვებით. ვიცი მოეწონება. დროებით! წერას ხვალ გავაგრძელებ...

 

სამშაბათი, 15 დეკემბერი

ისევ დილა, ისევ იოგა და გაციებული ინდოელი ინსტრუქტორი - ნიდჰინი, მაინც რომ ამაოდ ცდილობს თავზე დაყენება მასწავლოს.

დღე საქმიანად იწყება. მე და თამარა (Living Roots-ის ბედკრული შვილები) აქტიურად ვწერთ ღვინის ტურებს და ჩვენთან მუშაობით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს ახალ შეთავაზებებს ვუგზავნით. სამუშაო სეზონის კულმინაცია იმდენ ხანს გაგრძელდა, აღარც კი გვჯერა, რომ მშვიდად შეგვიძლია ვისხდეთ, ვწეროთ და ვიკითხოთ. 

ღვინის ტურიზმი ის უაღრესად საინტერესო სფეროა, საიდანაც მოვხვდი ღვინოში. ღვინო ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, სანამ კომპანია Living Roots-ში დავიწყებდი მუშაობას. ცოდნით ახლაც არ ვიცი ბევრი, ღვინო თეორია არ არის, ღვინო არის ბუნებრივი სითხე, რომელშიც გრძნობ სიცოცხლეს, ვენახს, ბუნებას, მეღვინეს, ხასიათს, ყველაფერს, რასთანაც შეხება ჰქონდა ყურძენს, სანამ დადუღდებოდა, დაღვინდებოდა.

ცოცხალი ღვინო ადამიანს აბედნიერებს და დადებით გრძნობებს უმძაფრებს. სწორედ ამ ბედნიერების ძიებაში მივადექი ტაბიძის ქუჩას. ახლადგახსნილ ღვინო ანდერგრაუნდში, რომ დავიწყე სიარული, საათობით და დღეობით ვიჯექი ხან ოთოს, ხან რამაზის გვერდით და გაუთავებლად ვუსვამდი შეკითხვებს. მინდოდა, ცოტა მეტი გამეგო ჯიშებზე, ღვინის დაყენების სხვადასხვა მეთოდზე, მეღვინეებზე, ქვევრზე და ყველაფერზე, რაც ღვინოს ეხება. ნელ-ნელა ვეცნობოდი ქართული ღვინის მრავალფეროვნებას და ასევე ნელ-ნელა ვეცნობოდი და ვუმეგობრდებოდი ჩემთვის გმირის ტოლფას მეღვინეებს. ძალიან მალე მივხვდი, რომ მძიმედ ვიყავი მოწამლული ამ ტკბილი სამყაროთი და ტაბიძის მიწისქვეშეთის „სექტანტი" გავხდი. მეღვინე მეგობრებისგან ბევრი ვისწავლე ღვინის დაყენების, თუ ცხოვრებისეული მიდგომების შესახებ, ისიც მასწავლეს - ხანდახან როგორ არ უნდა მოიქცე :) 

დადგა ის ბედნიერი დღეც, როცა ბიძაჩემმა მარანი ააშენა კიკეთში და ერთი ქვევრი დამითმო. შარშან პირველად მომეცა საშუალება, ღვინო დამეყენებინა.

გაუთავებელი კითხვები და შემაწუხებელი ზარები მაშინ გენახათ. ვინ დათვლის, დღეში რამდენჯერ ვურეკავდი თითო მეღვინეს სხვადასხვა კითხვით. ერთ კითხვას, მინიმუმ. სამი პასუხი ჰქონდა, სამივე თავისებურად სწორი. მერე მე უნდა ამერჩია ჩემთვის ოპტიმალური პასუხი ვენახის თუ მარნის მდებარეობის, ყურძნის ჯიშის და კიდევ მრავალი დეტალის გათვალისწინებით. 

მივხვდი, ჩემი მხრიდან დაინტერესება თვითონაც მოსწონდათ და ყველაფერს საფუძვლიანად მიხსნიდნენ, მასწავლიდნენ.

მიმიღეს, როგორიც ვიყავი და ვარ, მდედრობითი სქესის, მეღვინეობაში არავითარი გამოცდილებით, გაბანჯგვლული წვერის ან დიდი ღიპის გარეშე.

ასეთმა მიდგომამ და მხარდაჭერამ, ჩემზეც და ღვინოზეც დიდი, კარგი და წარმატებული გავლენა იქონია.

ნატურალური ღვინო სუფთა სამყაროა. ერთხელ რამაზმა მითხრა: „აქ წესები და კანონები არ არის, მეღვინე ამბობს, რასაც აკეთებს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს.“  მარტივია და გამჭვირვალე. გზას თუ აცდები, შეიძლება დღესვე ვერ, მაგრამ ხვალ ან ზეგ ღვინოში გამოჩნდება. Zero Compromise - ყველაფერი ან არაფერი...

საღამოს ბებო და ბაბუსთან გავიარე. ამაზე მეტად არსად მისვლა არ მიხარია. სხვანაირად მივლიან, ყველაფერი აინტერესებთ და ყველაზე მეტად უხარიათ ჩემი უმცირესი წარმატებაც. აქ საჭმელიც ყველაზე გემრიელია, ჩაიც და დაილოგიც. 

დღის ბოლო გაჩერება სახლია...

 

ოთხშაბათი, 16 დეკემბერი

ვუახლოვდებით 22 დეკემბერს და გათენებული არ არის, რომ ღამდება უკვე. განსაკუთრებულად მემოკლა დღევანდელი დღე. ვარჯიშის შემდეგ მალე მივედი სამსახურში. ჯონმა და იამ ოფისში მოსვლა ვერ მოახერხეს, ასე რომ, დღის ძირითადი ნაწილი მარტო მე და თამარა ვიყავით. მერე შოთამ შემოიარა და ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.

როცა მე და შოთა გაცხარებულები ვსაუბრობთ, ძირითადი თემა აუცილებლად მარანი, ვენახი ან დაცარიელებული სოფლების პრობლემებია. მიზანი ერთი გვაქვს, ჩვენ ჩვენი წარმოების გამართვის და გზაზე დაყენების გარდა, გვინდა სხვებსაც შევუწყოთ ხელი... იდეა ბევრი გვაქვს, დრო ცოტა, მაგრამ ლოდინი არ შეიძლება. არ შეიძლება დიდხანს ვუყუროთ ჩამკვდარ რეგიონებს, რომლებიც, წესით, ქვეყნის მთავარი მაცოცხლებელი ძალა უნდა იყოს. ყველა ჩვენ-ჩვენი შესაძლებლობლით თუ ვეცდებით ამ საქმეში რაიმე წვლილის შეტანას, შედეგიც გამოჩნდება ადრე თუ გვიან. არ არის აუცილებელი ყველას გმირი დაერქვას, ან რაც გაგვაჩნია ამ საქმეს შევწიროთ. შეგვიძლია თითოეულმა, თუნდაც, ერთ ფერმერ ოჯახს ვასწავლოთ, როგორ გაყიდოს თავისი ძვირფასი პროდუქტი, ან რაჭველ მეღვინეს ავუხსნათ, როგორ შეუძლია ის საოცარი ღვინო ბოთლში ჩამოასხას, ეტიკეტი მიაკრას და შესაბამის ბაზარზე გაყიდოს. მარტივია-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ შესაძლებელი და გამართლებული რომ არის, ფაქტია. 

ამ თემაზე საწერად დღიურების ფორმატი არ მეყოფა...

დღეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, სამსახურიდან რომ 6 საათზე გამოვედი. ოფისის სახლური გარემო დიდხანს გვიტოვებს ხოლმე სამუშაოდ და ისეთ დროს გამოვდივართ, მანქანების რიცხვი რომ უკვე შეცოტავებულია. მაგრად მივქარე ადრე გამოსვლით, ერთი საათი დამჭირდა, სახლამდე სანამ მივედი. 

გადავწყვიტე საღამო მშვიდად გამეტარებინა სახლში. სოკოს წვნიანი და ორცხობილები მოვიმზადე. გემრიელი გამოვიდა და ენგუს ნატმელაძის ნაჩუქარი რაჭული ღვინოც ძალიან მოუხდა. 

დედას დატოვებულ ყვავილებს წყალი დავუსხი. მერე ჩემებს ველაპარაკე სკაიპით და დავწექი, დღიურს ვწერ.

 

ხუთშაბათი, 17 დეკემბერი

დილა ისევ მეორდება... ვარჯიშით გამოვფხიზლდი, მაგრამ ცხელმა წყალმა მაინც მომთენთა... 

სამსახურში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზედმეტად ჩვეულებრივი დღე იყო. 

საღამოს ჩემს ბიძაშვილთან მივედი. ერთი-ორი ახლო, მაგრამ დიდი ხნის უნახავი მეგობარიც ვნახე, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვასაძის მარნისრქაწითელიც მოვწრუპეთ, შუბლზე ქაღალდებიც მივიწებეთ და გამოვიცანით კიდეც, ვინ გვეწერა (ადვილად ვიცნობ ხოლმე ყოველთვის, მაგრამ ამჯერად გიული ალასანია დამაწერეს რატომღაც და სანამ, მინიშნებად ყოფილ პრეზიდენტს დედა არ აგინეს, იქამდე ვერ მივხვდი ვინ ვიყავი).

ძილი რომ მომერია, სახლში წამოვედი.

ახალი წელი ახლოვდება და ამ დღეებში სულ მესმის, როგორ ელოდებიან უცხოეთიდან ჩამომსვლელ ახლობლებს, ვინ - შვილს, ვინ - დას, ვინ - მეგობარს. მეც ველოდები ზუკას ჩამოსვლას და დღეებს ვითვლი. საშინელებაა ლოდინი...

 

პარასკევი, 18 დეკემბერი

დღეს იოგას ორმაგი დატვირთვა გამოვუწერე საკუთარ თავს - დილას და საღამოს. სათხილამურო სეზონი ახლოვდება და ვცდილობ, თოვლს ფორმაში დავხვდე, განსაკუთრებით მუხლებს ვტვირთავ. 2 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მუხლი უკუღმა მაქვს მოწყობილი და თუ დატვირთვას ვაპირებ, სულ ვარჯიში სჭირდება. რა დამავიწყებს რენტგენოლოგის სახეს, ეს რა ვნახეო, როგორ დადიხარ, მუხლები უკუღმა გაქვსო, რომ ამბობდა და ჩემი მუხლების სურათს აქეთ-იქით ატრიალებდა. თუ თოვლში ვარ, თავის დაზოგვა არ შემიძლია, საბაგიროს ჩართვიდან გამორთვამდე ავადმყოფურად ვსრიალებ. ასე რომ, ვარჯიშის გარეშე ჩემი მუხლები შორს ვერ წავლენ. მითუმეტეს, რომ ახალი წლის შეხვედრას თოვლიან სვანეთის მთებში ვაპირებ. თხილამურები ჩემი სისუსტეა.

ია დაბრუნდა ოფისში! ია, ისევე, როგორც ჯონი, ჩემი უფროსია სამსახურში და უფროსი მეგობარი ყველგან, სამსახურშიც და მის გარეთაც. რამდენიმე დღის უნახავზე, დრო ლაპარაკს დავუთმეთ. იასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. მის გვერდით ხან ცნობიერად ხან ქვეცნობიერად, ყოველთვის რაღაცას სწავლობ.

საღამოს, ვარჯიშიდან რომ გამოვედი, ბევრი გამოტოვებული ზარი დამხვდა. მეგობრები აქტიურობდნენ. ერთი კი დავაპირე გასვლა, მაგრამ მივხვდი, რომ ა) ძალიან დაღლილი ვარ; ბ) ხვალ დილას ადრე კიკეთში ავდივარ ჭაჭის გამოსახდელად და ძილი მჭირდება. ასე, რომ ძილი ნებისა და მომიტევეთ უაზრო დღე, ვის არ ჰქონია :)

 

შაბათი, 19 დეკემბერი

ჭაჭის დღე! ადრე ავდექი, სამუშაოდ გამოვეწყვე და ნიკოს გარეთ დავხვდი. ნიკო ჩემი ახალი მეგობარია. ცოტა ხნის წინ პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა და იქვე გასკდა ამბავი, რომ ინტერნეტში ქექვით, გამოსახდელი ქვაბი თავად აუწყვია და საკუთარ ვისკისაც აძველებს. შეთანხმება ერთი თვის წინ დაიდო, რომ ჭაჭას ნიკოს ქვაბში გამოვხდიდი. შარშან მთელი ჩემი ჭაჭა ბიძაჩემს მივეცი. მე გამოხდა არ ვიცი და ვერც დრო დავუთმე. წელს გადავწყვიტე საკუთარი ჭაჭისთვის თავად მომევლო და მესწავლა ყველა ნაბიჯი.  გეგმებიც დავსახე - თითო ლიტრი, როგორ უნდა დავაძველო. 

მხიარული დღე გვინდოდა და სხვა საერთო მეგობრებსაც შევთავაზეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ მოახერხა წამოსვლა და კიდევ რომ არ გადაგვედო, მარტო მე და ნიკო წავედით. ბიძაჩემი თავისი ოჯახით კიკეთში გველოდებოდა.

ავედით თუ არა, ქვაბი ავაწყვეთ და მარნის გვერდით დავდგით. ჭაჭა ჩავყარეთ და პირველი წვეთების ჩამოსვლის სავარაუდო 90 წუთის გასვლას ველოდებოდით. 90 გაასოთხმოცდა და წვეთები კიდევ არ ჩანდა. 3 საათზე მეტი იყო გასული პირველი სითხე რომ წამოვიდა... და, ჰოი, საოცრებავ! წამოსული ჭაჭის ფერი ჩემს თავკვერზე გაცილებით ინტენსიური წითელი იყო. ჩავთვალეთ, რომ ქვაბში საკმარისზე მეტი ჭაჭა ჩავყარეთ და ეს პირველი წითელი ღვინის მსგავსი სითხე, უხერხულია, მაგრამ - გადმოფურთხებას რომ  ეძახიან, ის იყო. საწვეთურს სხვა ჭურჭელი შევუდგით, სპირტი კი წამოვიდა, მაგრამ ფერი თითქმის ბოლომდე ვარდისფერი იყო. ჩვენი დასკვნა ასეთია: იმის გამო, რომ ქვაბში ზედმეტი ჭაჭა ჩავყარეთ და სადუღარი ადგილი პატარა იყო, ადუღებისას ჭაჭის ზედა ნაწილი ქვაბის ყელში ავიდა და შემდეგ მთელი აორთქლებული ალკოჰოლი მისი გავლით ხვდებოდა წვრილ მილში და ბოლოს - ჭურჭელში. 

ამინდმა ძალიან გაგვიმართლა, მზიანი დღე იყო, მაგრამ მზე ოდნავ რომ გადავიდა, მაშინვე საშინლად აცივდა. 

ალკოჰოლის პროცენტმა კლება დაიწყო და პატარა ჭურჭელი შევუდგით, რომ მცირე რაოდენობები გაგვესინჯა. სახლში გვქონდა 20 წუთიანი შესვენებები, რომელიც მოიცავდა ერთ ჭიქა ჩაის და 4 პარტია ნარდს ნიკოს განადგურებით. არ დამითვლია, მაგრამ ბევრი ვირბინეთ წინ და უკან. 

ბოლომდე ვარდისფერი სითხე მოდიოდა. ეხლაც მეცინება, ეგეთი რამე არც გამეგო. თავკვერი როზე ჭაჭა. თავიდან ვამბობდი ეს როგორ დაგვემართა-მეთქი, მაგრამ მერე ფერი ისე მომეწონა, მეორედ გამოხდას ვუარობდი, სიწითლეს დაკარგავს-მეთქი, ესეთი ჭაჭა არავის არ ექნება-მეთქი. რა თქმა უნდა, ხუმრობით. ამ დღეებში ჩემი წითელი ჭაჭა მეორედ გამოიხდება და გაუფერულდება. 

დღის მთავარი თემა ჭაჭა იყო, მაგრამ ისე როგორ წამოვიდოდი, ღვინისთვის რომ არ დამეხედა. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. მშვიდად არის ბავშვი თავისთვის ქვევრში. ალკოჰოლის სიდაბლე ცოტას მანერვიულებს, მაგრამ მთავარია ყველა პროცესი კარგად წავიდეს და არ მეპრობლემება დაბალალკოჰოლიანი მსუბუქი თავკვერი. გავუმკლავდები მის სინაზეს და შესაბამის პირობებში შევინახავ, მაგრამ მეეჭვება გაზაფხულ-ზაფხულს გადაურჩეს, მით უმეტეს, რომ დაბალი მოსავლის გამო, წელს კიდევ უფრო ცოტა რაოდენობის ბოთლები მექნება. 

11 საათი ხდებოდა, ქვაბის დაშლას და ალაგება-გარეცხვას, რომ მოვრჩით.

კარგი დღე იყო, მზიანი, წითელი და შედეგიანი :)

 

კვირა, 20 დეკემბერი

გამოძინება კიდევ ერთი კვირით გადავდე. დღის გეგმა სახლის კაპიტალური დალაგება იყო. ბებოც მოვიდა, მომეხმარა და მისია შესრულებულად ჩავთვალე. დაგეგმილი ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან გეგმის გარეშე არაფერი გამოდის. 

საერთოდ, მივხვდი, რომ ამ ბოლო დროს ძალიან გავიზარდე და გაზრდასთან ერთად დროის დეფიციტი მაწუხებს. იდეები, აზრები, მიზნები ტვინში მეხლართებიან და ხშირად დაბნეულს, კიდევ უფრო მაბნევენ. მიჭირს ერთ წერტილზე ფოკუსირება და ერთი მიმართულებით სიარული. მრავალფეროვნება უფრო საინტერესოა, მაგრამ თან უფრო რთულიც. მთავარია, მოსაწყენი არ იყოს და სირთულეების დაძლევას თავისი ხიბლი აქვს. ასეთ შემთხვევაში, ორი ყველაზე ძნელი და მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა - იყო თანმიმდევრული და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. ამას თუ დაძლევ, მერე უკვე ადვილია ერთი თემიდან მეორეზე გადახვიდე და განვითარება ამაში იპოვო. 

მარტივი პარალელი ღვინოსთან - ვისაც ფიქრი და ჩაღრმავება ეზარება, ზედმეტად არომატული ერთჯერადად ეფექტური, სწორხაზოვანი, ერთ ყლუპში მოსაბეზრებელი ღვინო ურჩევნია,  ღრმა და გამოსაცნობ თოფურიძის ჩხავერს.

© მარიამ იოსებიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.


ჯონ ვურდემანის მხარდამჭერ აუქციონზე გაიყიდება ღვინოები, რომლებიც საქართველოში ხელმისაწვდომი აღარ არის

$
0
0

კვირას, 27 დეკემბერს, ნატურალური ღვინის ბარ ღvino underground-ში ჩატარდება ბუნებრივი ღვინოების აუქციონი ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად. 

11 დეკემბერს ქალაქ სიღნაღში ჯონ ვურდემანისა და ქეთევან მინდორაშვილის სახლი ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა. სახლთან ერთად განადგურდა წლების განმავლობაში ნაგროვები ეთნოგრაფიული მასალა; მარანი, რომელიც საქართველოს სტუმრებს, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და სხვა გავლენიან ადამიანებს ღირსეულად გააცნობდა ქართულ ღვინოს და ქართული სუფრის საუკეთესო ტრადიციებს. ეს ის სახლია, სადაც წარმოშობით ამერიკელი ჯონი 90-იან წლებში დასახლდა. მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა.

ჯონ ვურდემანის მხარდამჭერ აუქციონზე გაიყიდება ქართული და ფრანგული რარიტეტული ღვინოები, პირდაპირ მწარმოებელთა და ღვინის ენთუზიასტთა კოლექციებიდან, რომლებიც საქართველოში აღარ არის ხელმისაწვდომი. 

ღვინოები წარმოდგენილი იქნება როგორც საცალოდ, ასევე, ლოტებად. საცალო ღვინოების საწყისი ფასი იქნება 50 ლარი, ხოლოდ ლოტებისა - 100 ლარი. აუქციონში მონაწილეობა ფასიანია. ბილეთის ღირებულებაა 5 ლარი. ღვინის შეძენის შემთხვევაში რეგისტრაციის თანხა უკან დაუბრუნდება მყიდველს. 

გთავაზობთ იმ ღვინოების სრულ ჩამონათვალს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება აუქციონზე:

ღვინოები, რომლებიც გაიყიდება საცალოდ:

1.    დიდიმი. ცოლიკოური 2012 
2.    ნიკოლაძეების მარანი. ცოლიკოური 2013 
3.    ნიკალას მარანი. მწვანე 2014 
4.    დასაბამი. რქაწითელი 2011 
5.    ჯაყელები. საფერავი 2010 
6.    ნაოტარი. ქისი 2012 
7.    კახა ბერიშვილის მარანი. საფერავი 2012 
8.    მალხაზ ხარბედია. წარაფი 2010.
9.    იბერიელი. ჩხავერი ქარვისფერი 2010 
10.    კეროვანი. მწვანე 2013 
11.    ოქრო ღვინო. მწვანე 2013 
12.    კვალითი. ოცხანური საფერე-ცოლიკოური 2013 
13.    ღვინო მარტვილი. ოჯალეში 2012 
14.    ამირან ვეფხვაძის მარანი. ოცხანური საფერე 2012 
15.    გიორგი ნათენაძის მარანი. მესხური წითელი 2009 
16.    გიორგი რევაზიშვილის მარანი. თავკვერი 2012 
17.    იაგოს ღვინო. ჩინური 2003
18.    ჩვენი ღვინო. რქაწითელი წარაფი 2006 
19.    არტ ვილა გარიყულა. შუშხუნა 2013 
20.    ალექსი ციხელიშვილის მარანი. რქაწითელი 2010 
21.    ბექა გოცაძის მარანი. მწვანე 2012 
22.    საფრანგეთი, ჟურა, არბუა, დომენ დე ლა პინტე, შარდონე 2010 
23.    ნიკი ანთაძის მარანი. რქაწითელი 2010

 

ლოტი # 1

ნიკალას მარანი. საფერავი 
ნაოტარი. ქისი 2013
ოქროს ღვინო. რქაწითელი 2008

ლოტი # 2
დასაბამი. მწვანე 2012
გიორგი რევაზაშვილის მარანი. თავკვერი 2013
იაგოს ღვინო. ჩინური 2008

ლოტი # 3

ნიკოლაძის მარანი. ციცქა-ცოლიკოური 2010 (არჩილ ტყემალაძის კოლექციიდან)
კვალითი. ციცქა-ცოლიკოური 2012
ამირან ვეფხვაძის მარანი. ოცხანური საფერე 2013

ლოტი # 4
ოქროს ღვინო. ცოლიკოური 2013
ჯაყელები. საფერავი 2013
იბერიელი. ჩხავერი ვარდისფერი 2010

ლოტი # 5
კახა ბერიშვილის მარანი. საფერავი 2012
იბერიელი. ჩხავერი ქარვისფერი 2011
გიორგი ნათენაძის მარანი. ახალციხური თეთრი 2015

ლოტი # 6
კახა ბერიშვილის მარანი. საფერავი 2013
იბერიელი. ჩხავერი, ჯანი, სხილათუბანი 2009
ოქროს ღვინო. რქაწითელი 2010

ლოტი # 7
იბერიელი. ჯანი-სხილათუბანი 2013
ოქროს ღვინო. საფერავი 2009
გიორგი ნათენაძის მარანი. თეთრი2015

ლოტი # 8
ოქროს ღვინო. რქაწითელი 2011
კვალითი. ცოლიკოური 2013
ვინო მარტვილი. ოჯალეში 2013

ლოტი # 9
გიორგი ნათენაძის მარანი. თამარის ვაზი 2015
ჩვენი ღვინო. რქაწითელი-კახური მწვანე 2007
ალექსი ციხელიშვილის მარანი. რქაწითელი 2011

ლოტი # 10
ალექსი ციხელიშვილის მარანი. ჟღია 2014
კეროვანი. საფერავი 2013
ნიკი ანთაძის მარანი. მწვანე 2008

ლოტი # 11
ბექა გოცაძის მარანი. საფერავი 
პეტრიაანთ მარანი 2013
ნიკა ვაჩეიშვილის მარანი. ატენური 2013

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ბოთლი ღვინო 1200 ლარად - ჯონ ვურდემანის მხარდამჭერ აუქციონზე შემოსულმა თანხამ 20 000 ლარს გადააჭარბა

$
0
0

27 დეკემბერს, ღvino underground-ის არაფორმალურ გარემოში, ნატურალური ღვინის მწარმოებლებმა და ენთუზიასტებმა ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად თავიანთ პირად კოლექციებში დაცული იშვიათი ქართული ბუნებრივი ღვინოების აუქციონი ჩაატარეს. 

აუქციონზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ღვინოები, საქართველოს მეღვინეობის თითქმის, ყველა რეგიონიდან - კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, მესხეთიც კი, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში აღარ არის ხელმისაწვდომი. ასეთები იყო, მაგალითად, ნიკოლაძეების მარნის ციცქა-ცოლიკოური 2010 და მისივე ცოლიკოური 2013, იაგოს ღვინო 2003, ნაოტარის ქისი 2012, ჩვენი ღვინოს წარაფის რქაწითელი 2006, იბერიელის ქარვისფერი ჩხავერი 2010, კახა ბერიშვილის საფერავი 2012 და სხვები. 

გაიყიდა, სულ, 56 ბოთლი ღვინო (ამათგან - 23 საცალოდ, ხოლო 33 - ლოტებად), რომელთა გაყიდვის შედეგად შემოსულმა თანხამ 18 020 ლარი შეადგინა.

ღვინოებიდან, რომლებიც აუქციონზე იყო წარმოდგენილი, ყველაზე ძვირად, 1200 ლარად ნიკი ანთაძის 2010 წლის რქაწითელი გაიყიდა, 1010 ლარად გაიყიდა იაგოს ღვინო. ჩინური 2003 და იმავე ფასად - ჯაყელების ორგანული ვენახებისა და ღვინის ხაშმის საფერავი 2010. განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო აუქციონზე ქალბატონების აქტივობა, რომლებმაც მანდილის (მარინა კურტანიძე, თეა მელანაშვილი) 2012 წლის მწვანე არავის დაუთმეს და საბოლოოდ, ეს ღვინო 850 ლარად გაიყიდა. 

ლოტებად დაჯგუფებულ ღვინოებს შორის ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა ლოტი, რომელიც დაკომპლექტებული იყო კახა ბერიშვილის 2013 წლის საფერავით, იბერიელის (ზურაბ თოფურიძის) 2009 წლის ჩხავერის, ჯანისა და სხილათუბანის  კუპაჟითა და ოქრო ღვინოს 2013 წლის მწვანეთი. 

აუქციონის ფარგლებში, ჯონ ვურდემანის სახელზე 1000 ლარი გადარიცხა საქართველოს ღვინის კლუბმა, 500 $ - კარდანახის საგვარეულო მარანმა. საერთო ანგარიშზე თანხა შეიტანეს შემომწირველებმა ინდივიდუალურადაც. განსაკუთრებულ აღნიშნვას იმსახურებს აუქციონზე TBC ბანკის წარმომადგენელთა აქტივობა. 

ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ქართული ბოთლის ღვინოები საქართველოში ესოდენ ძვირად შეფასდა. აუქციონზე გაყიდული ღვინოების საცალო ღირებულება, 200-დან 1200 ლარამდე მერყეობდა, საერთო ჯამში კი - ბოთლი ღვინის საშუალო ფასი 321 ლარი იყო. 

„მე ვფიქრობ ეს აუქციონი არამარტო იმითი იყო მნიშვნელოვანი, რომ უამრავი ხალხი მოვიდა ჯონის და მისი ოჯახის მხარდასაჭერად, არამედ - იმითაც, რომ ღვინის გაყიდვის ფასებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭრბა. ეს, ერთგვარად, საზოგადოების ნატურალური, ქვევრის ღვინისადმი დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს, რის პოპულარიზაციაშიც დიდი წვლილი თავად ჯონ ვურდემანს მიუძღვის. მადლობა ყველას.“ - ამბობს იაგო ბიტარიშვილი, ღვინის მწარმოებელი და საქართველოს ღვინის კლუბის წევრი. 

შეგახსენებთ, რომ ჯონ ვურდემანის სახელზე გახსნილია ორი საბანკო ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშებზე გადარიცხვით შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ ჯონ ვურდემანისა და ქეთევან მინდორაშვილის სახლისა და მარნის აღდგენაში.

გადარიცხვა კრისტოფერ ტერელის მიერ გახსნილი ანგარიშზე 
გადარიცხვა ოჯახის მეგობრების მიერ შექმნილ ანგარიშზე 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

ხალხური ცოდნა მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ. უხუცესი ოსტატების მონათხრობები. ქართლი 2

$
0
0

მოგეხსენებათ, საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა, დღევანდელი მონაცემებით, 8 000 წლის გამოცდილებას ეფუძნება. ეს გამოცდილება, როგორც ხალხური ცოდნა, თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. ჩვენთვის ისინი წარმოადგენს უძვირფასეს წყაროებს, რომლებიც წარმოგიდგინეთ არა როგორც ინსტრუქციები - თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობისთვის, არამედ, როგორც ტრადიციებში წვდომისა და მათი ანალიზის ძალიან კარგი საშუალება. მით უმეტეს, დღეს, როცა დიდწილად იკარგება ხალხური, გამოცდილებითი ცოდნა, ან ჩანაცვლდება ათასგვარი მითებითა და სტერეოტიპებით. 

მასალები, ძირითადად, მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია შეგროვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული კვლევების ფარგლებში. 

მთხრობელი - თემუა დემუროვი, 95 წლისა, სოფ. ახალგორი.

ვენახს განიერი ალაგი უნდოდა, მაღლობი ალაგი, დაბლობში ვაზი არ გამოდგება.

ადრიული – ასეთი მტევანი ქონდა რომა... სხვილი მარცვალი და დიდი მტევნები იცის. შავი ყურძენია.

თავკვერი – იმისთანა საჭმელი ყურძენი არ არის, მტევანიც კარგი იცოდა. მარცვალი წვრილი აქვს. შავია.

დანახარული – ცანცარა მტევანი ქონდა, არ იცოდა კარგი მტევანი და ისეთი ტკბილიც არ იყო. შავია.

გორული – თეთრი ყურძენია. ყველაზე მაგარი ღვინო იმან იცის. პირველში მარახოშია და რო არ დარჩება, მართლა ღვინოა.

ბუდეშური – სიტკბოთი ყველას სჯობია, მხოლოთ ღვინო კი თხელი იცის. თეთრია.

კასპური – ყურძენი კარგია საჭმელათაც, მაგრამ იმის ღვინო კარგი ვერ გამოდის. თეთრი ყურძენია.

საფერავი – შავია. სხვილი მარცვალი იცის. იმის ღვინოს ცალკე არ აყენებენ, იმის ჭაჭა უნდა უყონ სხვა ღვინოს.

გაზაფხულზე უნდა გაგვესხლა, დასაწიდმი იყო, დავწიდმიდით, დავბარამდით და შავყელამდით. პირველ თიბათვეში ფურჩვნა ვიცოდით, გამოვყელამდით, ძაან მოვლა ვიცოდით აქეთ.

გასხვლა უნდოდა მარტში, ყელვა  აპრილში, ახვევა (შაკონვა) – თიბათვეში, ფურჩვნა  თიბათვეში. რო გაიტანს ტოტებს, მაშინ მივაკრამდით.

ვაზის ავადმყოფობა ჩვენ არ ვიცოდით, მხოლოდ ერთი პატარა ჭია იცოდა – კოკონა. იმას დიდი ნისკარტი ქონდა და ფოთოლს დაახვევდა და ყურძენსაც აფუჭებდა, სხვა ავადმყოფობა არ იცის ვაზმა. 

ღვინობისთვის ათში შევამზადებდით ქვევრებსა. ხუთ დღეში უნდა შეგვემზადებინა საწნახლები და მარნები. ქვევრში ჩავიდოდა კაცი და რეცხამდა ღვიათი. როგორც დიდი ცოცხი შავკრავ, ისე შაკრამდენ და გარეცხამდენ. სარცხებიც გვქონდა, პატარა ქვევრებს იმითი ვრეცხამდით. 

ხაპირი – სპილენძისაც იყო და თიხისაც (ხაპირი წარმოადგენდა სპილენძის, თუ თიხის ჯამს, რომელსაც სამი ნახვრეტი ჰქონდა. ამ ნახვრეტში გატარებული იდო წვრილი თოკი და შემდეგ სამივე თოკის შეერთებული ბოლოები მიბმული იყო ჯოხზე. ჯამს თუ თასს ჰქონდა ძირში კიდევ ერთი ნახვრეტი, სადაც მეორე ჯოხი იყო დამაგრებული. ქვევრში დარჩენილ (გამორეცხვის შედეგად) წყალს იღებდნენ სწორედ ამ ხაპირით. ჩაუშვებდენ პერპენდიკულარულად და როცა ამოიღებდნენ წყლით სავსე ხაპირს ქვევრიდან, მაშინ აჰკრავდენ მეორე ჯოხით და წყალი გადაიღვრებოდა).

ავგარდანი – როცა ღვინოს ამოვიღებდით, დარჩებოდა თხლე შიგა და იმითი, – ავგარდანით ამოვიღებდით. რომელ ქვევრშიაც კაცი ჩავიდოდა, იმას ავგარდანი არ უნდოდა (ავგარდანი სპილენძის ჯამზე ღრმა და დიდი იყო. ტარი ჰქონდა გვერდზე მაღლა ამართული და არა ტაფასავით. ამის გამო ავგარდანით თხლეს თუ ნაწურის ამოღება ადვილი იყო).

რთველი იწყობოდა ძველზე, ღვინობისთვის ნახევარზე მეტი არ შეიძლებოდა. ყურძენს რომ მოვიტანდით, დაწურვა შეიძლებოდა იმ დღესვე დაგვეწყო და შეიძლებოდა ორი–სამი–ხუთი დღის შემდეგაც. ყურძენი ცხენებითაც მოგვქონდა და ურმებითაც. დაწურვით ყველა ყურძენს ერთათ ვწურამდით, მხოლოთ საფერავს ცალკე დავკრეფდით და დავწურამდით.

საწნახელი ქვიტკირისა იყო და ძირზე ფიცრები ქონდა დაფენილი. შუაში – ძირს მილი ქონდა დატანებული და იქიდან გამოდიოდა ნაწური. საწნახელის წინ ქვევრები იყო ჩადგმული და ერთი ქვევრიდან მეორეში ღვინო ღარით ჩადიოდა; ერთი ქვევრი რო გაიმსებოდა, ახლა ღარს მეორე ქვევრისაკენ გადაუნაცვლებდით.

ხის საწნახელს ნავს ვეძახდით.

მარანი ის იყო, სადაც ღვინო ინახებოდა.

ყურძენს ფეხებით ვწურამდით, მილის პირი გახსნილი იყო და ნაწური ქვევრში ჩადიოდა. საწნახელში რო ჭაჭა დარჩებოდა, მაშინ გათავდებოდა წურვა.

დაუქაჯავ ჭაჭას საწნახელიდან ამოვიღებდით და ჩავყრიდით საქაჯავში  (საქაჯავს აქვს ოთხკუთხი ამონაჭერი, რომლის გარეშემოი გაკეთებულ ღარებში ჩადგამენ ფიცრებს, შემდეგ ჩაყრიდენ ჭაჭას, ზემოდან ფიცარს დააფარებდენ და ამ ფიცარზე დაადებდენ კუნძებს. ამის შემდეგ განიერ ბოლოს ოთხკუთხა ამონაჭერში გაუკეთებდენ ე. წ. ბოძს პერპენდიკულარულად, ამ ბოძზე დამაგრდებოდა კეტი, რომლის მეორე თავი საქაჯავის ტარის ბოლოში ჭახრაკისა და ჭაპნების საშუალებით მთელი სიძლიერით დააწვებოდა კუნძებს და, მაშასადამე, ჩაყრილ ჭაჭასაც. დიდი დაწოლის გამო ჭაჭა წვენს გამოუშვებდა და ეს წვენი ვიწრო ღარის საშუალებით გადადიოდა საქაჯავის ჩაღრმავებულ ნაწილში და იქ გროვდებოდა. ჩაღრმავებულ ნაწილიდან ნაქაჯს იღებენ ჯამებით. ნაქაჯს ისევ ქვევრში ასხამენ). დაქაჯულ ჭაჭას ჩაყრიდენ ქვევრში, ჩაასხამდენ წყალს. ერთ კვირაში და ადრეც დაიწყებდა დუღილს, მერე დააფარებდენ სარქველს და მიწას დააყრიდენ. იანვარში ან ქრისტიშობისთვეში შეიძლებოდა არყის გამოხდა.

საწნახელში ყურძენი რო იწურებოდა, ტკბილი ქვევრში ჩადიოდა. ქვევრი რო გაივსებოდა, სარქველს დახურამდენ და ქვეშ წნელს დაუდებდენ. ამ წნელს ჟინჟღილს ვეძახოდით და იქიდან ქარი ამოდიოდა. სარქველს ტალახით შემოლესამდენ. ერთი კვირა იდუღებდა და მერე დაბრუნდებოდა და წავიდოდა. ერთი კვირის შემდეგ დადგებოდა მაჭარი. მაჭარი ორმოც დღემდე იყო და მერე ღვინო დადგებოდა.

სარქველს ქვისაგან სთლიდნენ სოფ. კორინთაში.

ჟინჟღილს დახურამდენ ხოლმე სადუღარს და იმაში ნადუღარი ამოდიოდა და მუცელში სადუღარის მუცელში გროვდებოდა ტკბილი).

შამანი აქ არ ვიცოდით. შამანი ის არის, რომ ჭაჭაზე წყალს დაასხამდენ და რო ადუღდებოდა, სვამდენ. კახეთის შამანია კარგი, იქაური შამანი აქაურ ღვინოს სჯობია.

ღვინის შენახვა არ იცოდენ. აქაური ღვინო ორ წელიწადს თუ გაძლებდა. ისიც ხდებოდა, რომ დაძმარდებოდა ღვინო, ან მეტი ძალისაგან გათეთრდებოდაო. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის დღიურები. ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

$
0
0

ორშაბათი, 21 დეკემბერი

შვებულების ბოლო დღე გავატარე ღვინოების წრუპვაში. ორი მათგანი განსაკუთრებით მომეწონა – ბადაგონის მუკუზანი და ბესინის საფერავი. 

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მოვიდა დრო, როდესაც შეგიძლია, შეიარო სუპერმარკეტში, ან მაღაზიაში და ასეთი კარგი ღვინოები იყიდო – ფასი-ხარისხის მშვენიერი შესაბამისობა. 

როგორც იტყვიან, ზედ დაადნა იტალიურ პასტას, რომლის გაკეთებაც ამ ბოლო დროს დავამუღამე.

ადრე, ასე 2-3 ათეული წლის წინ, უნდა გეპოვნა საერთო ნაცნობი, რომელიც ღვინოსთან კავშირში იყო (ან ქარხნის დირექტორი, რომ ყოფილიყო, მთლად უკეთესი... ეს „ქარხანა“ რაღაა რა!!. არ უხდება ეს სიტყვა ღვინოს და მომკალი - ლირიკული გადახვევა); უნდა გეთხოვა - „რამე საშენოდ, ხომ არ გაქვს გადანახული, შენი ჭირიმე“, და მისთანანი. მოკლედ, უნდა „გეჩალიჩა“, „გაგეიმასგექნა“, რომ ნორმალური ღვინო გეშოვა.

„ა შას მი კაკ ხოძიმ?!“  (ახეჯაკოვას გმირის ფრაზა ფილმიდან „სამსახურეობრივი რომანი“) შედიხარ, ყიდულობ, მოდიხარ, ხსნი, არაკრაკებ და ჰე!..

კარგია, რომ ქართული ღვინის ხარისხი, ზოგადად, ძალიან ამაღლებულია, მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს და აღარაა საჭირო ეს „ჩალიჩი“.

 

სამშაბათი, 22 დეკემბერი

როგორც იქნა, ქართული ღვინის მარკეტინგის 2016 წლის ბიუჯეტის ბოლოში გავედით. დიადი გეგმებია 2016-შიც. მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებისა 2015-ში, ვთვლი, რომ კარგი წელი იყო.

მართალია, რუსეთი და უკრაინა საგრძნობლად შემცირდა, ექსპორტი განახევრდა, სამაგიეროდ, ევროპა გაიზარდა; საგრძნობი ზრდა იყო აშშ-სა (45%) და ჩინეთში (98%). თუმცა ეს ზრდა ჯერ მაინც არაა საკმარისი, გადაფაროს რუსეთ-უკრაინის აღნიშნული ვარდნა.  5-6 წელიწადში, ჩინეთი, ალბათ, 10 მილიონ ბოთლს მიუკაკუნებს, აშშ კი - 5 მილიონს - ჩემი სასურველი ვარაუდებია... ტენდეცია ესეთია, ვნახოთ, რა იქნება.

რუსეთი, ჩემი აზრით 2016 წელსაც დაიკლებს, ვინაიდან იქ ძალიან არასახარბიელო მაკროეკონომიკური პროცესები მიდის.  გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ღვინოს იქ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტი უჭირავს (და არა სუპერ- და ულტრა-პრემიალური, რომლის მომხმარებელიც შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი). აღნიშნული სეგემნტების მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად იკლებს. რუბლმა 28-დან 72-მდე აიწია დოლართან მიმართებაში და მომავალ წელსაც განაგრძობს ვარდნას, თუ ზოგად პროგნოზებს დავუჯერებთ (ნავთობის ფასის კლება და ა.შ).

ჩემი აზრით, ღვინის კომპანიებმა უნდა შეცვალონ სტრატეგია და მზერა მიაპყრონ ევროპის ან აზიის ბაზრებს („მზერა მიაპყრო“ – რავა გაზეთივით ლაპარაკობ, შე შობელძაღლო!).  მე რომ ღვინის კომპანია მქონდეს, უმეტეს რესურსს მივმართავდი ერთ კონკრეტულ საექსპორტო ბაზარზე, მაგალითად, ინგლისზე, ან იაპონიაზე. რუსეთსაც დავიტოვებდი, მაგრამ ვეცდებოდი, ეს ბაზარი ჩემი ბიზნესისთვის მთავარი დასაყრდენი არ ყოფილიყო. მართალია, კომპანიები ცდილობენ დივერსიფიცირებას, მაგრამ რუსეთი მათთვის მაინც მთავარ ბაზრად რჩება. 

სტაბილური რომ იყოს ეს ბაზარი ვინ ოხერი?! ერთ-ერთი  საუკეთესო ბაზარია, მით უმეტეს, ქართული ღვინისთვის. საქართველო უკვე დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში და დადებითი ცნობადობაც აქვს. ეს კი უმნიშვნელოვანესია ამ ბიზნესში, მაგრამ ბიზნესისთვის ჯობს სტაბილურ და დალაგებულ გარემოში ოპერირება. 
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, დრო არ არის ჩვენ მხარეს. ჩვენთვის ახლადჩამოყალიბებულ ბაზრებზე საქართველოსა და ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა არის საჭირო, რასაც, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა აშშ, იაპონია, ინგლისი, პოლონეთი, ჩინეთი/ჰონგ-კონგი - ღვინის ეროვნული სააგენტო, უკვე მე-3 წელია, უზრუნველყოფს. „რაზგონი“ კარგია. ვნახოთ, როგორ დავეშვებით, მთავარია, ზღართანი არ იყოს – „პლიუს-მინუს ემ-ცე კვადრატ, ეფ, ფუძე, მიდით ერთაოზ!“

 

ოთხშაბათი, 23 დეკემბერი

კარფური. რირავოს ხილის არყების პრომოუშენი დაიწყო. ჩემს მეგობართან, მეღვინე  გოგა თევზაძესთან ერთად, შარშან დავიწყეთ ხილის არყების ბიზნესი. 100%-ით ნატურალური არყებია, არანაირი ხელოვნური დანამატით, რომლებსაც გოგას საგურამოს სახლის ეზოში ვხდით. ნელ-ნელა ვიზრდებით. წინასაახალწლო სამზადისში ალკოჰოლს დიდი ადგილი უჭირავს, როგორც მოგეხსენებათ. 

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მე-2 ღვინის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი. წილად მხვდა პატივი, საუკეთესო როზესთვის ჯილდო გადამეცა თელავის ღვინის მარნისთვის, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ღვინისთვის - საფერავი როზე.

გამეხარდა, რომ მალხაზ ხარბედიას ღვინის მწერლის ორდენი ერგო ჯილდოდ. ოქრო კაცია მახო! ძალიან ბევრს აკეთებს ქართული ღვინის შესახებ სიტყვის გავრცელებისთვის, როგორც აქ, ასევე - საზღვრებს გარეთაც. პრინციპში, ჯერეჯერობით, ერთადერთი ღვინის მწერალია საქართველოში - ჰიუ ხარბედია და მალხაზ ჯონსონი!

საღამოს მუსიკალური აღმოჩენა იყო ჯგუფი - „ასეასულ“. მხოლოდ გიტარა და დოლი. მხოლოდ და და ძმა. და - დოლი და ვოკალი, ძმა - გიტარა. ძალიან თვითმყოფადი ჯგუფი. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ედიტ პიაფის No, je ne regrette rien-ით დაიწყებოდა სიმღერა და „ტაია-ტაიათი“ დამთავრდებოდა; თან, ისე ორგანულად იყო შერწყმული მძიმე როკის სტილში, ის ორი რომ არ სცოდნოდა კაცს, ერთი სიმღერა ეგონებოდა. 

შალვა ხეცურიანი (სომელიეთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი) ქართული ღვინის განვითარების საქმეში ძალიან კარგ და მასშტაბურ ღონისძიებებს უძღვება. მოუთმენლად ველოდები მისი თავკაცობით გადაღებულ ფილმს (რეჟისორი - ნანა ჯორჯაძე) ქართულ ღვინოზე, რომელიც ძალიან მალე, 2016 წლის პირველ ნახევარში, დასრულდება. დიადი გეგმებია ამ ფილმთან დაკავშირებით. 

2016 წელს ფილმებით განებივრებულები ვიქნებით  – ამერიკელი სომელიე, ჯერემი ქუინი და რეჟისორი ემილი რეილსბექი, საქართველოზე და ქართულ ღვინოზე შეყვარებული ხალხია. წელს მათაც გადაიღეს კინო ქართულ ღვინოზე და პრემიერა მომავალი წლის პირველ ნახევარში იგეგმება. გარდა ამისა, ემილიმ და ჯერემიმ წელს თვითონ ჩაწურეს ხვანჭკარა ქვევრში. კარგი ხალხია და ღვინოც კარგი გამოუვათ, დარწმუნებული ვარ. 

 

ხუთშაბათი, 24 დეკემბერი

სარა მეი გრუნვალდია ჩამოსული. სარა პირველად 2013 წელს მოხვდა საქართველოში, ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე. როგორც უცხოელების უმრავლესობა, ისიც მოიხიბლა აქაურობით - ხალხით, ღვინით, სამზარეულოთი. საბოლოოდ, ისე შორს წავიდა, რომ ამბობს - რომ მოვკვდები, გურიაში, ქვევრში დამმარხეთო. 

სარა ძალიან აქტიურია სოციალურ მედიაში. შეიძლება ითქვას, საქართველოსა და ქართული ღვინის ერთ-ერთი ძლიერი ელჩია. მან დააარსა ღვინის ტურიზმის კომპანია Taste Georgia, რომელიც საქართველოში ღვინის ტურებს უძღვება. ზემოთ კი აღვნიშნე, დრო ჩვენ მხარეს არაა-მეთქი, თუმცა სოციალური მედია ძალიან სწრაფად ავრცელებს სიტყვას და ასეთი ელჩები და ქომაგები ჩვენი ცნობადობის ამაღლების საქმეში უდიდეს როლს თამაშობენ. ძალიან მნიშვნელვანია, რომ  ქართული ღვინის საერთაშორისო მარკეტინგის საქმეში ეს სეგმენტი გაიზარდოს და გაძლიერდეს. ამაში დიდი წვლილი შეაქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს. და არა მარტო მას – ტურიზმის ადმინისტრაციას, საქართველოს ღვინის კლუბს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციას, ასოციაციას – ქართული ღვინო და მრავალ ცალკეულ პიროვნებას.

ბოლო დროის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წამოწყებაა „შეხვდი მეღვინეს“. ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ახლადგახსნილმა ღვინის ბარმა g.Vino-მ შემოიღო (ყოველ შემთხვევაში, მე აქედან გავიგე პირველად). კონკრეტული მეღვინე წარადგენს თავის ღვინოს შესაბამის კერძებთან ერთად. მე g.Vino-ში ლაგვინარის საღამოს დავესწარი, რომელსაც ამავე მარნის დამაარსებელი, ერეკლე (ეკო) ღლონტი უძღვებოდა. კარგი ხალხი და შესაბამისად კარგი გარემოა. მეტი რა უნდა კარგ ღვინოს?! ლაგვინარის კრახუნა და ალადასტური ჩემი ფავორიტი ღვინოებია.  

ასეთი საღამოები და შეხვედრები ღვინოში გაცნობიერების ხარისხს კიდევ უფრო ამაღლებს, რაც საბოლოო ჯამში კარგია, როგორც ღვინის ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის (რაღაც, ლოზუნგივით გამომივიდა).

შემდეგ ღვინის ბარ ღvino underground-ში იყო იაგო ბიტარიშვილთან შეხვედრა, სადაც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ღვინო - ჩინური იყო წარმოდგენილი. სამზარეულოზე იაგოს მეუღლემ, მარინამ იზრუნა. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, მაგრამ მარინას ისეთები გაუკეთებია, რომ დედა შვილს არ აიყვანდა. მარინას და მისი მეგობრის, თეას ღვინო - მწვანე („მანდილი“), ხომ მთლად, მზეა. 

სხვათა შორის, ქართველი ქალები თანდათან გამოდიან ღვინის არენაზე; ესეც ბოლოდროინდელი ტენდენციაა, რაც ძალიან მომწონს. ჯერ მარიამ იოსებიძის თავკვერი რად ღირს. ია თაბაგარსაც ჩაუწურია ქისი. დამპირდა, გაგასინჯებო.

კიდევ, ამას წინათ მოვკარი ყური - 22 წლის ბაიას ცოლიკოური ობჩიდან („ტაკაია მალენკაია, ა უჟე ვინო“). როგორც იცით, ღვინოს ყურის მოკვრა არ შველის, დალევა უნდა. ჯერ არ გამისინჯავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება (იმედია, მალხაზი ხარბედია იზრუნებს იმაზე, რომ ეს ღვინო გავსინჯო).  
მოკლედ, ქალები კი არ მიდიან, არამედ მოდიან!

 

პარასკევი, 25 დეკემბერი

დღეს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ავიშვით, დიდიან-პატარიანად. გავუშვით 2015 წელი იქ, საიდანაც მოვიდა.

 

შაბათი 26 დეკემბერი

მოვიმკე ის, რაც დავთესე 2015 წლის 25 დეკემბერს.

 

კვირა, 27 დეკემბერი

რადიო უცნობთან ერთად გავაკეთეთ რუბრიკა „ღვინის გზა“. ჩავწერეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ლაპარაკობენ ღვინოზე, ღვინის ბიზნესზე, ჯიშებზე, და კიდევ ბევრ  საინტერესო თემაზე, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ღვინოს უკავშირდება. ლევანიც ჩავწერეთ - გაჩეჩილაძე, რომლის წვლილიც ძალიან დიდია ქართული ღვინის საერთაშორისო ასაპრეზზე დამკვიდრების საქმეში. კომპანია GWS პირველი იყო, რომელმაც 1994 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ღვინო ბიზნესის რელსებზე გადაიყვანა. მით უმეტეს, მაშინ ბიზნესს არ ჰქონდა საერთაშორისო მარკეტინგის საქმეში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და მთელი დატვირთვა ერთ კომპანიაზე მოდიოდა. იმ პერიოდში GWS ქვეყნის სავიზიტო ბარათივით იყო. 

ალადასტურის ისტორია მომეწონა, რომელსაც რადიოში მოყვა ეკო ღლონტი, იგივე „კნიაზი“, როგორც, გოცა (ბექა გოცაძე) ეძახის ხოლმე. გოცას მწვანეს, მგონი, 100 მწვანეში გამოვარჩევ, იმდენად თვითმყოფადია - 14% ალკოჰოლი აქვს 6 თვით ჭაჭაზე დაყენებულს, ეხუმრები?! თან კიკეთში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, თვით გოცასთან ერთად თუ მიირთვი და ზემოდანაც ერთი კარგი კარაოკეც დააყოლე (ცოლების შესრულებით), დამთავრებულია შენი საქმე, კარგი გაგებით, რაღა თქმა უნდა : ) წავედი ჭიუხებში.

ჰოდა, ალადასტურზე გავჩერდი, როგორც მახსოვს – არაბულად ალაჰ დასტურ, ანუ ღმერთისგან დაშვებული, დადასტურებული. ესე იგი, გურულებმა მაჰმდიანი, არამსმელი დამპყრობლები დაარწმუნეს ამ ღვინის დალევაში, რათა ამ უკანასკნელებს ვენახი არ გაეჩეხათ. ალბათ ასე ეტყოდნენ: „მაი, ბიძია, დადასტურებული აქვს თქვენს ალაჰს, და მოი ახლა, გეყოფა აწი დავლიოთ პაწა“ და ეს შენი შეჟუჟუნებული დამპყრობლებიც, ალბათ, სიმღერ-სიმღერით ტოვებდნენ გურულების ოდებს „ალადასტურის“ შეძახილებით. 

დღეს პირველი და უპრეცედენტო ღვინის აუქციონი გაიმართა ღვინის ბარ ღvino underground-ში. მეგობრები შეიკრიბნენ ჯონ ვურდემანის („ხოხბის ცრემლები“) მხარდასაჭერად, რომელსაც ამას წინათ სიღნაღში სახლი დაეწვა. ჯონსაც, თავისი საქმიანობით, უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ღვინის დამკვიდრების საქმეში საერთაშორისო ასპარეზზე.  

ამ აუქციონზე მეღვინეებმა ძველი ღვინოები გამოიტანეს. ისეთები, რომლებიც უკვე აღარ არის გაყიდვაში და თავისთვის ჰქონდათ გადანახული - 2003, 2008, 2010 წლების და ა.შ. ერთ-ერთი ბოთლის ღვინო 1200 ლარადაც კი გაიყიდა. სულ 20,000 ლარზე მეტი შემოვიდა. აუქციონიდან შემოსული თანხა ჯონს გადაეცა, გადამწვარი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად. უმაგრესი მხარდაჭერაა. 

ამ ინციატივის შემყურეს, ასეთი აზრი დამებადა – მაგალითად, წელიწადში ერთხელ ხომ არ მოგვეწყო ასეთი სახის აუქციონები და შემოსავლები კეთილი საქმისთვის მოგვეხმარებინა – თემებს და საქმეებს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და რა დალევს. 

© ირაკლი ჩოლობარგია, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ღვინის დღიურები. მარინა კურტანიძე. კომპანია „მანდილის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

$
0
0

28 დეკემბერი, ორშაბათი

დღიურები!!!

დიდი ხანია მსგავსი არაფერი დამიწერია. ბავშობაში კი ვწერდი დღიურებს. ლექსებსაც კი... მერე ჩემს შვილებს ჩემს გამოგონილ ზღაპრებსაც კი ვუყვებოდი. : ) 

ახლა ჩემი ყოველდღიური ჩანაწერები სულ სხვანაირად გამოიყურება - როდის და რამდენი სტუმერი გვყავს, როგორი „მენიუთი“; ვის და სად უნდა შევხვდე; რა და როდისაა საყიდელი; სად და რამდენი ღვინოა გასაგზავნი და ა.შ  და აუცილებელი ჩანაწერი - როდის და სად მიფრინავს იაგო : ) ეს მცირე შესავალი ყოფით დღიურზე! 

მართალია, წერას 28-ში ვიწყებ, არ შემიძლია, არ გავიხსენო გუშინდელი დღე. დღე, რომელმაც შეკრების ნეგატიური მიზეზის მიუხედავად, ბევრი დადებითი ემოცია მოიტანა. „ანდეგრაუნდში“ ჯონის და ქეთოს სახლის აღსაღდგენად ჩატარებულმა აუქციონმა ჩვენ, ყველას მომავლის რწმენა და იმედი განგვიმტკიცა.

იმედი იმის, რომ ადამიანებს შეუძლიათ გვერდში ასე დგომა და მეგობრობა;

იმედი იმის, რომ ნატურალური მეღვინეობაა მეღვინეობის მომავალი;

რომ ამ ღვინის შემქმნელი ადამიანები ასეთი კარგები და მეგობრულები არიან;

რომ კარგ ღვინოს შეუძლია კარგი ადამიანების გაერთიანება;

რომ არსებობენ კარგი ღვინის დამფასებლები და რომ კარგ ღვინოში შეიძლება კარგი ფასი გადაიხადონ და 

რომ აუცილებლად აშენდება სახლი!!!


ასეთი სასიამოვნო ემოციებით დატვირთული გათენდა 28 დეკემბერი, ოჯახის ჩვეულებრივი დილა- ბავშვები სკოლაში, ჩემი მუდმივი შეძახილის ფონზე - „ჩქარა, გაგვიანდებათ!“ იაგო - მარანში : )

თბილისის ზოოპარკში 2006 წლიდან ვმუშაობ. ეს ერთ-ერთი ის  სამყაროა, რომელიც მიყვარს. აქ შეიძლება მოწყდე ქალაქის  ყოველდღიურ ცხოვრებას და აქაური ბინადრების ცხოვრების თავისებურებებით დატკბე. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე დღეები გადვიტანეთ (13 ივნისის სტიქია) დაგვეღუპა სამი თანამშრომელი და უამრავი ბინადარი. ამ ცხოველების უმრავლესობას, თითქმის, ყოველდღე ვხედავდი. ჩემი ოთახის ფანჯარა  ლომების და ვეფხვების ვოლიერებს გადაჰყურებდა. ყველაზე საყვარელი და ცნობილი ლომის - „შუმბას“ ვოლიერი კიბიდან 3 მეტრში იყო, ამიტომ  ყოველ დილას ჩვეულებრივი რიტუალი იყო შუმბას მისალმება და მასთან „ლაპარაკი“ : ( ძალიან მიყვარდნენ პინგვინები. ყოველ დილას ვჩერდებოდი მათ ვოლიერთან და ვესიყვარულებოდი. სამწუხაროდ ისინიც აღარ არიან : ( მაგრამ, ცხოვრება გრძელდება.  ჩვენ ახალ ზოოპარკს ვაშენებთ და ახალ ცხოველებს ველოდებით.

დღეს გავიგე, რომ კიდევ ერთი პატარა და გემოვნებიანი ღვინის მაღაზია -  „ღვინის ოთახი“ იხსნება. „მანდილის“ ღვინის შეტანა შემოგვთავაზეს. შევიტანთ აუცილებლად!

 

29 დეკემბერი, სამშაბათი

დილა ისევ სასკოლო რეჟიმით დაიწყო, მაგრამ ეს დღე იმითაა გამორჩეული, რომ ზამთრის არდადაგები იწყება. ზუსტად არ მახსოვს, ჩემს ბავშობაში უფრო მიხაროდა არდადაგები, თუ ახლა : ) ჩემ შვილებზე მეტად რომ მიხარია, აშკარაა! 

სკოლაზე, განათლების სიტემაზე უამრავი შემიძლია, ვილაპარაკო. ძირითადად, ნაკლოვანებებზე და პრობლემებზე), სამჯერადი მშობლის პოზიციიდან : )  მაგრამ ეს ამ თემის გაშლის შესაფერისი ადგილი არ არის. ერთი კი - ფაქტია, რაც კი რამ „უკუღმართობა გვჭირს“, ყველაფრის სათავე გაუნათლებობაა. 

დღევანდელი დილა გუშინდელი შემოთავაზების აღსრულებით გაგრძელდა. ღვინის მაღაზია „ღვინის ოთახს“ ჩვენი 2014 წლის  ღვინო მივაწოდე. წარმატებები მათ, ამ საქმიანობაში და ჩვენს ღვინოს - „მანდილსაც“. 

ეს ჩვენი (ჩემი და თეას) მეორე მოსავლის ღვინოა. ჩვენი კომპანია - „მანდილი“ 2012 წელს დავაფუძნეთ და ყურძენიც (მწვანე) სოფელ მანავში შევიძინეთ. ყურძნის დაწურვის და ღვინის დაყენების იდეა 2011 წელს გაჩნდა, ჩვენთან - ჩარდახში, რთველში. თეა მელანაშვილი და ანა ჭეიშვილი იყვნენ სტუმრად. „ყავის შესვენების“ დროს რაღაც, თავისთავად, ხუმრობა-ხუმრობაში, გაჩნდა ეს იდეა. იაგომ აქტიურად დაგვიჭირა მხარი და  გაჩნდა „მანდილი“.  

მანდილის ისტორია, მგონი, უკვე ყველამ იცის - როგორ ვიყიდეთ ყურძენი 2012-ში, როგორ დავწურეთ ჩვენთან (იაგოსთან) მარანში, ქვევრში და ყველა ტრადიციული რიტუალით, ჭაჭა-კლერტზე ექვსთვიანი დაყოვნებით, დადგა ქვერის ღვინო. იაგო ამბობს, ვერც კი ხვდებოდი, როგორ ნელ-ნელა მიმყავდი ამ ნაბიჯის გადასადგმელადო.

ძალიან მაგარი დღე იყო, როცა პირველი ყურძენი დაიწურა; სიახლის შეგრძნების და ახლის მოლოდინის... იმ საღამოს კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა მოხდა - ჩვენთან მოვიდა ჯონი და მოგვიყვანა სტუმარი - ელის ფეირინგი. არ დამავიწყდება ჯონის გულწრფელი, დადებითი ემოცია და ელისის აღფრთოვანება, რაც  შემდგომშიც არაერთხელ გამოხატა ელისმა  (საკუთარ წიგნშიც კი).  

ძალიან ხშირად მიფიქრია ამ თემაზე. მე ბუნებით არ ვარ მეამბოხე და ჩემი ამ ნაბიჯით არც დიდი გადატრიალებები დამიგეგმავს; არც მატრიარქატისთვის ვაფრიალებ დროშას : )  პირიქით, მინდოდა ხაზი გამესვა თანასწორობისთვის, მეუღლეების ერთად დგომისთვის, იმისთვის, რომ ერთი საქმის კეთებით ურთიერთობების უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი „ოჯახია“ - თავისი ყველაზე სწორი და დემოკრატიული ფასეულობებით. ჩემ გარშემო, ვისაც ოჯახური მარანი აქვს და ნატურალურ ღვინოს აწარმოებს, ყველა მამაკაცის გერდით ძალიან ღირსეული, მშრომელი მეუღლე დგას, რომელთა წვლილიც იმ ღვინის წარმოებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველა ქალბატონი, რომელიც თავის ოჯახურ მარანში მეუღლესთან ერთად დგას, ყველა მეღვინეა, ანუ ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ!!! და თუ ამის გაცნობიერებასა და მოძველებული სტერეოტიპების დანგრევაში „მანდილმა“ სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა, მე ძალიან ბედნიერი ვიქნები. 

ზოგადად, ღვინოს, ალბათ, როგორც ყველა - საქართველოში, მეც ბავშობიდან შევხვდი. ეს იყო სასმელი, რომელსაც ჩემი ბაბუა, გრიგოლ წერეთელი, ისეთი რუდუნებით ამზადებდა და ეპყრობოდა, რომ ჩემში ყოველთვის პატივისცემას იწვევდა. ბაბუაჩემისთვის კარგი ღვინის დაყენება ღირსების საკითხი იყო და, მართალია, მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მაინც ვხვდებოდი, არსებობდა კარგი, და კიდევ, რაღაც, სხვა ღვინო.

საღამოს, ჩემი მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დავმარცხდი - ნაძვის ხე ამაწყობინეს : ) ძალიან მეზარებოდა - ჯერ ერთი, ახალ ბინაში გადასვლის რეჟიმში ვართ, მეორეც, მარანში უკვე მოვრთე ნაძვის ხე და გარშემო ყველაფერი, რისი მორთვაც შეიძლებოდა. აქ (თბილისში) კი, ამ საქმეში ფეხს ვითრევდი. მაინც არაფერი გამომივიდა, ბავშვებმა თვითონ ჩამოიღეს ყველაფერი და სხვა გზა არ დამიტოვეს. გიო გოზინაყისათვის ნიგვზის დაჭრაში მომეხმარა, უარის მიზეზი ეს რომ არ გამხდარიყო.

 

30 დეკემბერი, ოთხშაბათი

დღეს, შედარებით, გამოვიძინეთ, არდადაგები დაიწყო! 

ბავშვებს სრული განცხრომის დღე აქვთ. მე კვლავ სამსახურში ვიქნები, იაგო - მარანში. დღეს ტურისტები გვყავს, ასე რომ დილა საყიდელი პროდუქტების სიის წერით დაიწყო. ჰო, სიის ორი ვარიანტია... ერთი - უშუალოდ, იმ დღის საჭიროებები, მეორე - ცოტა გრძელვადიანი - საახლწლო პროდუქტების.

დღეს ძალიან გააქტიურდა ტურისტული სააგენტოები. მთელი დღის მანძილზე ჩემს ტელეფონზე და ელექტრონულ ფოსტაზე აქტიურად მოდიოდა საახალწლო დღეების ჯავშნები. დღევანდელი დღე, ძირითადად, მივუძღვენი 2015 წლის საქმეების მომთავრებას: ბანკი, საგადასახადო, ბუღალტერი, შემორბენით მაღაზიებიც. ძველი თოვლის ბაბუა გაგვიტყდა და აუცილებელი იყო ახლის შეძენა...

საღამოს ძალიან მინდოდა, „ღვინის ოთახის“ გახსნაზეც მომესწრო მისვლა, მაგრამ ვერ შევძელი. სამგიეროდ, ანა მიქაძეს შევურბინე მაღაზიაში. როგორც ყოველთვის, „ცოტა“ ვიჭუკჭუკეთ : )  და  გემრიელ-გემრიელი ყველები წამოვიღე.

დღევანდელი დღის გვირგვინი იყო გოზინაყი! 

 

31 დეკემბერი, ხუთშაბათი 

ეს დღე ახალი წლის სამზადისს მიეძღვნა. დილიდან მე და იაგო შევეცადეთ, საახალწლო საყიდლებზე გავსულიყავით. რაც მთავარია, ვცდილობდით, დარჩენილი პროდუქტი ისეთ ადგილებში შეგვეძინა, სადაც  ამისთვის ბრძოლის გადატანა არ მოგვიწევდა. 

ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ წელს არც ისეთი საოცრებები ხდებოდა სავაჭრო ობიექტებში. არ ვიცი, რატომ... ან ბევრი სავაჭრო სივრცე გაიხსნა და ხალხი გადანაწილდა, ან ხალხს ფული არ აქვს და ვეღარ ყიდულობს, ან (ყველაზე კარგი ვარიანტი) მოსახლეობის უმრავლესობა მიხვდა, რომ ამ ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ და მთელი წლის მოგროვებული თანხის ნაჭილი სმა- ჭამაში და მეორე ნაწილი - ფეიერვერკებში არ უნდა გავფლანგოთ.

დიდი ხანია, ჩვენი ოჯახი აღარ ამზადებს რაღაც, საოცარ, საახალწლო „მენიუს“. არ მიმაჩნია სასიცოცხლო აუცილებლობად უამრავი პროდუქტის შეძენა. ორი დღის შემდეგ ერთი და იმავე საჭმელის ყურებაც კი, ყველა ოჯახში, ჩემში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს... ბოლოს კი - სავსე სანაგვე ურნები...

ჩვენი წინასაახალწლო შენაძენები, ძირითადად, დაკავშირებულია ჩვენს საახალწლო შეკვეთებთან. მარანში სტუმრობაზე ძალიან ბევრი ჯავშანი გვაქვს. ეს არის ის საქმე, რომელიც სამი წლის წინ, შეიძლება ითქვას, თავისთავად დავიწყეთ. ეს საქმე ღვინომ მოიტანა. ნელ-ნელა, ჩვენი დაკვირვებით, რაღაცეების სწავლით და შემდეგ - გამოცდილებით, წინ წავედით. ახლაც ვვითარდებით, სულ ვეძებთ რაღაც ახალს, კრეატიულს და ვცდილობთ, ჩვენთან მოსულ ადამიანებს ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ კიდევ მოვიდნენ ჩვენთან  და მოვიდენ არა მარტო თვითონ, არამედ მოიყვანონ მეგობრები, ჩვენ ვცდილობთ... რა გამოგვდის, ეს სტუმრებმა უნდა შეაფასონ.

თავიდან ნამდვილად არ გვეგონა, რომ ყველაფერი ასე აეწყობოდა, რომ შევძლებდით და რომ ჩარდახში ტურისტები, საერთოდ, ივლიდენ. ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქმის, არაფრისგან, უმცირესი რესურსით დავიწყეთ. ისე რომ, ახლა არც კი გვჯერა. ყველაფრის მობილიზება გავაკეთეთ, თუკი რაიმე გვქონდა სახლში - ელემენტარული დანა-ჩანგლიდან დაწყებული, ბებიების ნაქონი ძველი ავეჯით და გობებით დამთავრევული. ყვლაფერი ჩვენ ვიყავით: დამლაგებლებიც, მზარეულებიც, მეღვინეებიც, მემწვადეებიც, პურის მცხობელებიც, ბუღალტრებიც და დირექტორებიც. : )  და გამოვიდა! საერთოდ, როცა გინდა, როცა შრომობ, როცა გულით უდგები და  და როცა პატიოსნად აკეთებ საქმეს, აუცილებლად გამოვა! მაშინ „მთელი სამყარო შენ გეხმარება“  უნდა დაიჯერო! 

სულ დამავიწყდა, დღეს ძალიან სასიამოვნო და ცოტა უცნაური დაპატიჟება მივიღე. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, ახალი წლის ღამით მასთან მეკვლედ მივსულიყავი, ეს მისი 20 წლის ქალიშვილის თხოვნა იყო. ერთი შეხედვით, უცნაური, თითქოს არაფერია, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა - მე, ამ შემთხვევაში, როგორც წარმატებული ადამიანი უნდა ვყოფილიყავი მეკვლე და მისვლისას შესაბამისი რიტუალი უნდა ჩამეტარებინა. ძალიან გავხალისდი რიტუალის თემაზე. რაც შეეხება, წარმატებულის სტატუსს, რა მოგახსენოთ : ) უბრალოდ, როცა 20 წლის გოგო შენზე ასე ფიქრობს, სხვა რომ არაფერი, დიდად სასიამოვნოა.

დღის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ოჯახისთვის საცივის, სტუმრებისთვის კი - სხვადასხვა კერძების მომზადებას.  

საღამოს მოვემზადე მეკვლეობისათვის (თუ 2016  წელს ჩემი მეგობრის შვილს მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები ექნება ცხოვრებაში, აუცილებლად შეგატყობინებთ და რიგშიც ჩაგწერთ : ) აუცილებელი იყო 2 ბანანი, 2 მანდარინი და 1 - ფორთოხალი. სხვა კვების პროდუქტი არ უნდა წამეღო (ნუ, ჩემი წარმატებული ღვინის - „მანდილის“ გარდა, რა თქმა უნდა : ) 

12 საათისათვის გავშალეთ ტრადიციული საახალწლო სუფრა, რომელიც მხოლოდ ტკბილეულით შემოიფარგლება, ვინაიდან ჩემს შვილებს „დათუნია“ კანფეტისა და   ფეიერვერკების გარდა, ფაქტობრივად, არაფერი აინტერესებთ. 

როგორც ყოველ წელს, ამ დროს, ხდება ხოლმე, მთელი თბილისი გამაუყრუებელი აფეთქებების ხმამ, კვამლმა და უამრავმა განათებამ მოიცვა. რა თქმა უნდა, ჩემმა ქმარ-შვილმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფერში და გამარჯვებული სახეებით შემობრუნდენ აივნიდან.

ოჯახი ამ საზეიმო ვითარებაში დავტოვე და

 

1 იანვარი, პარასკევი

00:15-ზე გავემართე ჩემი მეკვლეს როლის შესასრულებლად:

ჩემ მიერ მირთმეული  ბანანი, მანდარინი და ფორთოხალი დანის გარეშე, ხელით გავარჩიე და ოჯახის ყველა დამხვედრ წევრს ჩემი ხელით ვაჭამე : )  რიტუალის შედეგების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ ძალიან ვიმხიარულეთ, ძალიან სახალისო მეკვლეობა გამომივიდა. 

დღის 2 საათზე ჩარდახში უკვე ტურისტების პირველ ჯგუფს ველოდით, ამიტომ დასვენების დღის შერგება და ნებივრობა არ გამოგვივიდა, ბავშვებს კი მივეცით საშუალება, სახლში დარჩენილიყვნენ, შეერგოთ 1 იანვრის გასუსული ქალაქის სიჩუმე.

ბავშვობაში მიყვარდა ახალი წელი. ალბათ, ყველა ბავშვს უყვარს, ვინაიდან ლამაზი ზღაპრების, ოცნებების და საჩუქრების დროა; თანაც, ჩემმა ბავშობამ ბორჯომში გაიარა და ამიტომ, ეს ყველაფერი ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი იყო - ფანჯრებთან ჭრაჭუნა თოვლით და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლით. სახლში გოზინაყის სურნელით და დილას, ვითომ, თოვლის ბაბუის  (ყოველთვის ვიცოდი რომ მამაჩემს მოჰქონდა) საჩუქრით. ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. დიდი ხანია, ახალ წელს ბორჯომში აღარ  შევხვედრილვარ, ჩემი მშობლებიც, ძირითადად, აქეთ მოგვყავს. ალბათ, ესეც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ახლით ახალ წელზე დიდად არ ვგიჟდები... და კიდევ როცა 1 იანვარს ქუჩაში გამოხვალ, ისეთი სიცარიელეა, იფიქრებ ეპიდემიაა ქალაქშიო. არ მიყვარს როცა ერთი დღით ცხოვრობენ : (

1 იანვარი, ბევრ მხიარულ და კმაყოფილ ტურისტთან ერთად, შრომაში, საქმეში, ღვინის დაგემოვნებასა და ღვინოზე საუბრებში გავატარეთ.

 

2 იანვარი, შაბათი და 3 იანვარი, კვირა

ამ ორი დღის დღიური ერთად უნდა დავწერო, ვინაიდან შინაარსობრივად ეს დღეები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ორივე დღე ისევ სტუმრების დახვედრა-გასტუმრებაში გავატარეთ. 

მრავლად იყვნენ ტურისტები, ვისაც ახალი წლის გატარება საქართველოში სურდა. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, რომ მათი სურვილი ნელ-ნელა არ გაქრეს. ტურისტული კომპანიები და მცირე ბიზნესი ამ საკითხს, შედარებით, ნორმალურად უდგება. მათი უმრავლესობა ცდილობს, განვითარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მათი ძალები ვერ გასწვდება ყველაფერს. საჭიროა უკეთესი ინფრასტრუქტურა, ელემენტარული, სატრანსპოტრო საკითხების მოწესრიგება და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული და მთავარი პრობლემების დაძლევა - წყალი და ნაგავი. 

წყალი ჩვენი ტურისტული ბიზნესის მთავარი პრობლემაა. ამ დღეებში ყინვაც დაემატა და რეზერვუარებში მოგროვილი წყალიც გაყინა. ამდენი ტურისტის გასტუმრება 5 კილომეტრზე არსებული ბურღიდან ამოსული წყლით გვიწევდა, რომელიც 1 ტონიანი რეზერვუარით მოგვქონდა და ჩვენს სისტემას ვუერთებდით. რას ვიზამთ, თუ გინდა რომ იმუშაო და განვითარდე, პრობლემებსაც უნდა ებრძოლო და გადალახო, სხვანაირად არ გამოდის. ამ წლების მანძილზე ვისწავლეთ შრომა, ბრძოლა, სირთულეების გადალახვა და მუდმივად ღიმილიანი სახით დახვედრა.

კიდევ ერთი, ძალიან მტკივნეული თემაა ნაგავი. 1 წელია, ურნები დადგეს, მაგრამ კვირაში ერთხელ ასუფთავებენ. სამწუხაროდ, ხალხიც არ იქცევა შესაბამისად. გავსებული ურნების გარშემო და სხვაგანაც, ნებისმიერ ადგილას, ნაგვის დაყრა ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ. უამრავი მოფრიალე პოლიეთილენის პარკი არც თუ ისე სასიამოვნო სანახაობაა მთელ გზაზე, თან როცა ამდენი ტურისტი მოდის. ჰო, ამ საკითხთან დაკავშირებით პატარა ბლიც-შეკრება გვქონდა მეზობლებთან და, იქნებ, ენთუზიასტი მეზობლების დახმარებით, უახლოეს მომავალში სოფელში დასუფთავების აქცია მოვაწყოთ.  

საღამოს ძალიან დაღლილები, მაგრამ მაინც კმაყოფილები დავბრუნდით თბილისში, ხვალ ისევ სტუმრებია და ისევ სამსახური. 

ღვინო ჩვენი ოჯახის  ცხოვრების გზაა!!!

თავიდან ღვინო იყო. სასმელი, რომელიც ყველა ოჯახში (მათ შორის, ჩვენთან) კეთდებოდა და  ტრადიცია გრძელდებოდა,

მერე ამ ტრადიციამ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა და ვენახიც ეკოლოგიურად  სუფთა გახდა,

მერე, ღვინო ბოთლებში ჩამოისხა (2003 წელს) და ოჯახური ტრადიციიდან ნელ-ნელა ოჯახურ ბიზნესზე გადასვლა დავიწყეთ, 

მერე ღვინომ სააქართველოს საზღვრები დატოვა (2006 წელს) და ამან მეტი ინტერესი, მოტივაცია და ახალი მიზნები გააჩინა,

მერე ღვინომ მოიტანა ცნობადობა, ამას მოჰყვა ტურიზმი.

ღვინომ შეგვძინა ბევრი მეგობრები და ახლობლები,

ღვინომ უფრო მეტად დაგვაკავშირა ერთმანეთს, მოგვცა ფიქრის, ახლის შენების და შექმნის ინტერესი.
ეს ახლა ჩვენი ცხოვრებაა, საქმეა, ინტერესი და ჩვენი ადგილი ამ სამყაროში!

მინდა, რომ ეს გზა,  შრომა და სიყვარული, რაც ჩვენ ჩავდეთ ღვინოში,  ჩვენმა შვილებმა გააგრძელონ! 

გილოცავთ დამდეგ შობას, სიხარული, სიყვარული , ბარაქა, ჯანმრთელობა და შრომის სიყვარული ჰქონოდეს მთელს ჩვენს ქვეყანას! კარგი ღვინო არ გამოგვლეოდეს!

p.s. დიდი მადლობა ჩვენს ტურისტებს, რომლებსაც ახსნა-განმარტება და მითითება არ სჭირდებათ იმაზე რომ, „სახლსა და მარანში არ ეწევიან“. მინდა, რომ ჩვენშიც შემოვიდეს ეს კულტურა.

© მარინა კურტანიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

„მკვეთრი აქცენტი აბორიგენულ ჯიშებზე“ - საუკუნოვანი ისტორიის სასტუმრო ლონდონში სტუმრებს იაგო ბიტარიშვილის ღვინოს სთავაზობს

$
0
0

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გავლენიანი მედია, The Drinks Business იუწყება,  რომ ლონდონის საკულტო სასტუმრო Ritz-მა, რომელიც წელს 110 წლის იუბილეს აღნიშნავს, სრულიად ახლებური დამოკიდებულებისა და შემადგენლობის Livre du Vin შეიმუშავა. 

Ritz-ის დამოკიდებულება ღვინისადმი იმთავითვე, კონსერვატიული იყო. ათწლეულების მანძილზე სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობდა ბორდოსა და ბურგუნდიის გრანდ კრუების მაღალი კლასის ღვინოებს. ახალი მთავარი სომელიეს, ჯოვანი ფერილიტოს ძალისხმევით, სასტუმროს მეტისმეტად კლასიკური Livre du Vin დღეს გაცილებით ავანგარდისტულად გამოიყურება -  ძველი სამყაროს ყველასათვის ცნობილი დასახელებების გვერდით გაჩნდა ახალი ღვინოები და ტენდენციები. 

ფერილიტოს ღვინის ნუსხაში მთავარი აქცენტებია - აბორიგენული ჯიშები, ჯიშური დივერსიფიკაცია, ნარინჯისფერი და ქარვისფერი, ჭაჭაზე დავარგებული ღვინოები ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა ლანგდოკი, კორსიკა, ეტნა, საქართველო, სლოვაკეთი, სანტორინი. 150 ახალი ღვინიდან, რომელიც ჩამონათვალს დაემატა, 5 ქარვისფერია - საქართველოდან და ფრიულიდან (ვენეცია). 

„მე ვფიქრობ, არანაირი აზრი არ აქვს სიცილიიდან, მაინცდამაინც, შარდონეს დაგემოვნებას. მიუხედავად ამისა, სიცილიაში ბევრი მწარმოებელი სწორედ, შარდონეს ამზადებს. სხვათა შორის, მშვენიერი ღვინოებია. ეტნადან, ჩემი აზრით, ჯობს, კარიკანტე დააჭაშნიკო. ჯიში, რომელიც მხოლოდ ეტნაში შეგიძლია მოიძიო. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ქარვისფერ ღვინოზე. საქართველოშიც არიან მწარმოებლები, რომლებიც საერთაშორისო ჯიშებისგან ამზადებენ ღვინოებს, თუმცა ჩვენ მხოლოდ ჩინურზე შევჩერდით“ - აღნიშნავს ფერილიტო და მიიჩნევს, რომ ამ ღვინოებს ინგლისში დიდი წარმატება ელის, რადგან ფრანგებისგან, სიცილიელებისა და იტალიელებისგან განსხვავებით, ინგლისელი მომხმარებელი საკმაოდ გაცნობიერებული და მოტივირებულია ახალი გემოების აღმოსაჩენად.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პეკინი, ხორგოსი, ინინი, ძიანსი - თებერვალში ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მეხუთე ცენტრი გაიხსნება

$
0
0

2016 წლის თებერვალში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციაში, სადაც 30 მლნ-მდე მოსახლე ცხოვრობს,  ქართული ღვინის მასშტაბური ცენტრი გაიხსნება. ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვ. მ. ფართობზე განთავსდება და გააერთიანებს როგორც სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს (მუზეუმს, ენოთეკას), ასევე, ქართულ რესტორანს და სხვ. 

ეს ქართული ღვინის მეხუთე ცენტრია, რომელიც ჩინეთში უნდა გაიხსნას. გასულ წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით პეკინში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი გაიხსნა, ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიის - Xinjiang Beifangjianda Trade Co. LTD-ს მიერ კი - სინძიანის ქალაქ ხორგოსში, ყაზახეთი-ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში - ქართული ღვინის კულტურის საგამოფენო დარბაზი და ქართული ღვინის სალონი, აგრეთვე, ქალაქ ინინში - ქართული ღვინის კლუბი. 

ინტენსიური მარკეტინგული კამპანიის შედეგად, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო და მისი კონტრაქტორი კომპანიები უძღვებოდნენ, 2015 წლის მანძილზე ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში 122 %-ით გაიზარდა და 2 672 154 ბოთლი (0.75) შეადგინა. ქართული ღვინის საექსპორტო სახელმწიფოების ხუთეულში ჩინეთმა მეოთხე ადგილზე აინაცვლა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დღეს ძაიანსის პროვინციის „აბრეშუმის გზის“ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ქართული ღვინო და მისი განვითარება | გიორგი ბერიკელაშვილი ,,შუადღე GDS"-ზე

ბაია აბულაძე – მეღვინე გოგონა სოფელ ობჩიდან

მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით

$
0
0

ალექსი ბოხოჩაძე, მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით უძველესი დროიდან ახ. წ. XII-XIII საუკუნემდე. თბ. მეცნიერებათა აკადემია, 1963.

გადმოწერეთ

ღვინის დღიურები. გიორგი ნათენაძე, ოჯახური ღვინის მწარმოებელი მესხეთიდან, მესხეთის ტერასების პროექტის ავტორი

$
0
0

18 იანვარი, ორშაბათი

სიმართლე გითხრათ, არასოდეს დამიწერია დღიურები, მაგრამ ამის სურვილი ყოველთვის მქონდა. ყოველთვის მინდოდა, ჩემი აზრები და მნიშვნელოვანი მოვლენები ჩამეწერა, რომ გარკვეული დროის შემდეგ თვალი გადამევლო. ბავშვობაში ხშირად ვიწერდი იდეებს, რომლებსაც ცხოვრებაში განვახორციელებდი, ან, უბრალოდ, იდეებს სამყაროზე, სამყაროს მოწყობაზე, ადამიანთა არსებობაზე, ჩვენი ცხოვრების არსზე,  ჭეშმარიტებაზე და მომავლის იდეებზე თუ გამოგონებებზე. სხვათა შორის, ბევრი ისეთი ჩანაწერი ვიპოვე, რომლის ჩაფიქრებაც იმ დროისთვის სისულელე იყო, თუმცა დღეს რეალობად იქცა.

შეიძლება ითქვას, ჩემი ყოველი დღე ღვინის დღიურია, უკვე 10 წელია, რადგან ღვინის და ვაზის სიყვარულით ისე ვარ მოწამლული, რომ სხვას ვეღარაფერს ვხედავ, ან თუ ვხედავ, ყველაფერს ვაზს და ღვინოს ვუკავშირებ. ამბობენ ვაზი ადამიანს აკეთილშობილებსო და მართლაც ასეა, ბოროტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს ბოლო წლებია საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.

დაახლოებით, 15 წლის წინ, როცა მამაჩემი ბევრს ფიქრობდა მესხური ვაზის გადარჩენაზე, თავიდან, მაინცდამაინც, დიდი ინტერესი არ გამომიხატავს ამ საქმის მიმართ. მიუხედავად ამისა, მაინც თავისთავად მეფიქრებოდა მევენახეობის მომავალსა და პერსპექტივებზე. შევეცადეთ მესხური ჯიშების მოძიება დაგვეწყო. ერთად მოვიარეთ სოფლები, ვნახეთ საინტერესო ჯიშებიც, თუმცა მაშინ არც ლაბორატორიები არსებობდა და არც ცოდნა, თუ რომელ  ჯიშს რა შედეგი და თვისებები ექნებოდა. 

თავიდანვე მივხვდი, რომ ეს საქმე  შედეგს, მინიმუმ, 10 წელიწადში, ან უფრო გვიან გამოიღებდა, თუმცა მაინც „მოვიწამლე“. დავიწყე მესხური ჯიშების ძიება. დავდიოდი სოფლებში, თუ ნასოფლარებზე, ძველ ციხეებთან, ტყეში, ეკლესიებთან და ყველგან, სადაც ვაზი შეიძლებოდა ყოფილიყო, ან არ ყოფილიყო. ჩემი მეგობრების აყოლიება ძნელი აღმოჩნდა. ხან ერთს წავიყოლებდი, ხან მეორეს, მაგრამ დიდი ინტერესი ვერც ერთს ვერ შევნიშნე. ბევრი მეუბნებოდა, რა სისულელეებს აკეთებ, რამე საქმე წამოიწყე და ფული გააკეთეო.

ძალიან ვნერვიულობდი, რომ არც მთავრობიდან და არც კერძო სექტორიდან არავინ არასდროს არ გამოჩნდა. თუკი რაიმე დახმარებას შემომთავაზებდნენ, უამრავ პროექტებს ვწერდი არასამთავრობოებშიც, მაგრამ უშედეგოდ.

ერთ დღესაც მამაჩემი გაწევრიანდა ელკანაში და იქ ძალიან საინტერესო და ჩვენთვის მეტად  მნიშვნელოვანი პიროვნება, გიორგი ბარისაშვილი გავიცანით. ადამიანი, რომელმაც  პირველმა გვიბიძგა და მოგვეხმარა, რომ ჩამოგვესხა  მესხური ღვინო. ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი ხელსაწყოები და არც შესაბამისი ცოდნა. შეიძლება ითქვას, ჩვენი პირველი ღვინის ჩამოსხმა სწორედ გიორგი ბარისაშვილის დამსახურებაა. ამას არასდროს დავუვიწყებთ ამ უკეთილშლობილეს ადამიანს და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნებით. გიორგი დღესაც აქტიურად მიწევს კონსულტაციებს და მუდამ მზადაა, უანგაროდ დაეხმაროს ყველა ქართველს ასეთ კეთილ საქმეში.

პირველი ღვინო, რომელიც 2009 წელს ჩამოვასხით, ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო. ჩვენი ოჯახი მესხურ ღვინოს ყოველთვის აყენებდა, მაგრამ არ გვეგონა, ამჯერად ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა. ძალიან ბევრი დაინტერესდა მესხური ღვინით, ძალიან ბევრი უკვე შურის თვალითაც მიყურებდა. ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა გარდამტეხი,  რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა და ბოლომდე მებრძოლა მესხური მევენახეობის აღსადგენად და მესხური ღვინის პოპულარიზაციისთვის.

მოსვენება დავკარგე. დავდიოდი ყველგან, თითქმის, მთელ სეზონზე - სოფელ-სოფელ და ტყე-ტყე. ამ ყველაფერმა ბოლოს ფანატიზმის სახე მიიღო - ხანდახან ღამის 2 – 3 საათზე ვბრუნდებოდი სახლში. ვინიშნავდი ყველა საინტერესო წერტილს, მაგრამ ძალიან მიჭირდა ჯიშების იდენტიფიცირება. ბოლოს გავიცანი ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, აღმოვაჩინე რომ მას ქართული ვაზის ჯიშების საკმაოდ დიდი კოლექცია ჰქონდა. ეს მართლაც და კეთილი ადამიანი ძალიან დაინტერესდა ჩემით. შემპირდა, რომ ჩემს მიერ გაგზავნილ ყველა ჯიშს გამოიკვლევდა და ვაზის მწარეზე ნამყენ ნერგებსაც უანგაროდ დამიბრუნებდა.

ასობით სხვადასხვა ჯიში მაქვს გაგზავნილი იდენტიფიცირებისთვის ჯიღაურაში. ბევრი მათგანი პირდაპირ მწარმოებელი ჰიბრიდი აღმოჩნდა, ბევრი კი - საინტერესო მესხური ჯიში. დღეს უკვე ჯიღაურას კოლექცია გაიზარდა და 24-მდე მესხურ ჯიშს ვითვლით.  მაქვს ჩემი პირადი კოლექციაც ახალციხეში, სადაც ყველა საინტერესო ჯიშს ვუყრი თავს და ვაკვირები მათ გამძლეობასა და შედეგებს.

2015 წელი ჩემთვის მეტისმეტად გადატვირთული აღმოჩნდა. რამდენიმე საქმეზე პარალელურად ვმუშაობდი. უპირველესი იყო ის, რომ პარტნიორებთან (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) ერთად სოფ. ხიზაბავრაში დავიწყე მესხეთის ისტორიული ტერასების აღდგენა და აქ მესხური ვაზის ჯიშების გაცოცხლება. პარალელურად, განვაგრძობდი ვაზის ახალი ჯიშების ძიებას, ახალი ღვინოების დაყენებას და რამდენიმე ახალი პროექტის დაგეგმვას.

მესხური ტერასები  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და, შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევაა. ამ პროექტზე ზუსტად 4 წლის მანძილზე ვმუშაობდი და ძალიან ბევრი ვიწვალე. ფაქტობრივად, 4 წლის განმავლობაში დღე არ გავიდოდა, რომ ამ თემაზე არ მეფიქრა და ვინმე არ შემეწუხებინა. დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი რომ პროექტს მაინც დავიწყებდი.  

დღეს მართლა ვამაყობ ჩემი ჯავახური სიჯიუტით, რომ ეს საქმე ჩემს პარნიორებთან ერთად დავიწყე და მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ასეთ სარისკო და ძვირადღირებულ საქმეში დამიდგნენ გვერდში. ეს მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს საქმეა, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ეს მესხური მევენახეობის განვითარებისთვის ყველაზე დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ზამბახიძეს (ფერმართა ასოციაციის თავმჯდომარე), ეს ქალბატონი რომ არა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი დამრჩებოდა. ყოველთვის გვერდით მიდგას და დიდ სტიმულს მაძლევს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ ცხოვრობს ჩვეულებრივი რეჟიმით, რომელიც ყოველთვის შრომობს და მუდამ მზადაა დახმარებისთვის. მე, უბრალოდ, ვამაყობ, რომ მას ვიცნობ.

დღეს უკვე მახარებს ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს მესხური ვაზის ნერგებს. ეს პატარა საქმე არაა. მათ დაინახეს, რომ მესხური ვაზი ცოცხალია და კვლავ შეიძლება აქაური ღვინის დაყენება, ვაზის მოვლა და მისი მოფერება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ტყუილად არ მიწვალია და ვაზი აქ, 3 საუკუნის შემდეგ, თავიდან იბადება. 

ახლა, რაც შეეხება, დღევანდელ ამბებს.

დღე ჩვეულებრივად ბავშვების ჟრიამულით  იწყება,  ჩემი პირველი გოგო, კესარია 3 წლისაა და ბაღისკენ მიმყავს, მეორე კი - 1 წლის ნაია (ნაიკო), ჩემს მეუღლეს - სოფოს მიყავს  ძიძასთან.  ჩემი ცხოვრება ორადაა გაყოფილი - ოჯახი და ვაზი, ორივე კი, მთლიანობაში, ერთი დიდი ოჯახია. ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობაა, როდესაც ახალ ვაზს აღმოაჩენ. ეს ისეთივე დიდი გრძნობაა, როგორიც შვილის დაბადება. ესეც ცხოვრების ნაწილია.  ჩემს ცხოვრებას ვაზთან და ოჯახთან ვატარებ. შეიძლება ითქვას, მეგობრები აღარც მახსოვს, იმდენად მცირე დრო მაქვს მათთან შეხვედრისთვის.

ყოველი დღე გაწერილი მაქვს 1 კვირით, ან  რამდენიმე დღით ადრე მაინც.  გეგმას მობილურის კალენდარზე ვინიშნავ ხოლმე და შეხსენებებს ვაყენებ. სხვანაირად შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამომრჩეს. დეტალურ გეგმას კი ვინიშნავ ნეთბუქში, ან უბის წიგნაკში, რომელიც ჩემი განუყოფელი ნაწილია.

ყოველდღე ვფიქრობ დროზე, რომელიც ასე სწრაფად გარბის. ხანდახან მინდა, რომ ჩემი ასლი მყავდეს. იმას რაღაც საქმეზე დავტოვებდი და, ამასობაში, მე სხვა საქმეს გავაკეთებდი. მართლა ძალიან სწრაფად მიდის დრო. ახლა ღამის (უფრო სწორად, დილის) 4 საათი ხდება, მაგრამ მე ამ დროს ვარ გონებრივად ყველაზე ფხიზელ  მდგომარეობაში. რა გამოვა, თუ ჩვენი ცხოვრების ნახევარს ძილში გავატარებთ, ნახევარს კი უაზროდ დავკარგავთ? ისედაც ბევრს ვერაფერს ვასწრებთ ამ ცხოვრებაში და ვფიქრობ, რომ თითოეული წუთი უძვირფასესია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და რაღაცას, ან ვიღაცას მაინც მივუძღვნათ.

გადავხედე გეგმას და გამახსენდა რომ ღვინოები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადავიღე, უკვე დაიწმინდებოდა და უნდა გამესინჯა. 2015 წელს 12-მდე ახალი  სახეობის მესხური ღვინო მაქვს დაყენებული. ზოგი 1 ლიტრია, ზოგი - 20, ზოგი კი - 150, ყველაზე დიდი მოცულობისა 1 ტონა იქნება (ქვევრის მესხური წითელი).  წელს ისეთი სახეობები დავაყენე, რომელიც არავინ არ იცის, როგორი გამოვა და როგორც ჩემთვის, ისე სხვებისთვის დიდი სიურპრიზი იქნება. რამდენიმე მათგანმა უკვე გამაოცა. გამაოცა რბილი ნათქვამია.

„მესხური მწვანე“, „ცხენის ძუძუ თეთრი“, „ცხენის ძუძუ შავი“,  „ცხენის ძუა შავი“, „ახალციხის თეთრი“, „მესხური თეთრი“, „უდის თეთრი“,  „შავი ჭაჭკრული (იგივე „ხიზაბავრულა“ და იგივე „შავი ასპინძურა“), „თამარის ვაზი“,  უცნობი მესხური 1, უცნობი მესხური 2, უცნობი მესხური 3, „სამარიობო თეთრი“,  „ფერსის თეთრი“, „ჩიტისთვალა თეთრი“, „ნათენაძის თეთრი“ (ეს ჯიშიც მე აღმოვაჩინე და იმდენად მომეწონა რომ ჩემი გვარი დავარქვი) და სხვა პატარ-პატარა ცდები. შედეგებით მართლაც გაოცებული ვარ, მარტო მე არა, ჩემმა მეგობარმა მეღვინეებმაც გასინჯეს, ცნობილმა სომელიეებმაც და ყველა აღნიშნავს, რომ მესხურს სხვანაირი ცოცხალი სხეული აქვს და სხვა პოტენციალის ღვინოებია. ყოველი ახალი ექსპერიმენტი ჩემთვის ახლიდან დაბადებას ნიშნავს. ყოველი ღვინის გასინჯვა ახალ სტიმულს  და ძალას მაძლევს.

დავუბრუნდეთ საქმეს, ტერასების პროექტზე ყოველდღე ვმუშაობ. საქართველოში ტერასული მევენახეობის  გამოცდილება ფაქტიურად არაა და მუდამ შრომა, კითხვა და კონსულტაციები მიწევს სხვადასხვა სპეციალისტებთან. ხშირად ვაწუხებ ბატონ ლევან უჯამჯურიძეს, რომელიც ჩვენი ტერასების პროექტის მთავარი კონსულტანტი და მხარდამჭერია.

2 დღეში ბატონი ლადო უზუნაშვილი მესტუმრება, ეს ადამიანი დიდი პატრიოტი და ძალიან მაგარი მეღვინეა. ისიც ჩვენი კონსულტანტი და თანმშრომელია ტერასების პროექტში.  სწორედ მისი რჩევებით მოხდება მესხური ჯიშების  გაშენების ორიენტაციის აღება.  2 დღეში ჩემთან მესხურ ჯიშებს გავსინჯავთ და მომავალში გასაშენებელი ჯიშების გარკვეულ ორიენტირებს მოვინიშნავთ.  

19 იანვარი, სამშაბათი

დღე ისევ ჩვეულებრივად იწყება.

ძილი მენატრება, მაგრამ ამის საშუალებას ბავშვები არ მაძლევენ. პირველი ჩემი პატარა გოგო - ნაიკო იღვიძებს, წამოჯდება, ყველას გადმოგვხედავს,  ყველას მოგვწვდება და ჩაგვეხუტება (ჯერ 1 წლისაა). გვკოცნის იმდენს სანამ არ გაგვაღვიძებს. კარგი განწყობით  ვიღვიძებ. დღეც შესაბამისად კარგად წარიმართება.

ახლა გული არ მითმენს, ქვევრის ღვინოების გასინჯვა მინდა. ქვევრს თავი მოვხადე და როგორც უცხო, ისე ვიწყებ ღვინოების დეგუსტაციას, თითქოს პირველად ვსინჯავდე. ყოველდღე ვამჩნევ, რომ ღვინო, რომელსაც მეტი შეხება აქვს ჭაჭასთან (ღვინის დედასთან), უფრო მგრძობიარე, ტანინიანი და საინტერესო ხდება. მინდა, ჩემი სიამოვნება სხვებსაც გავუზიარო ხოლმე. გადავუღებ ღვინის ლამაზ, წკრიალა ფერს სურათს და სოციალურ ქსელში ვიზიარებ. კომენტარების წერა და მოწონება მაშინვე იწყება და მეც ვხვდები, რომ მარტო არ ვარ და ბევრი კეთილი ადამიანია, რომელიც მგულშემატკივრობს და თანამიგრძნობს ჩემს საქმიანობაში.

ძალიან მიჭირს მუშაობა, იმის გამო, რომ ჩემი საკუთარი მარანი და სივრცე არ მაქვს. მეზობლის სარდაფი მაქვს ნაქირავები უკვე 4 წელია და ღვინის ძირითად ნაწილს იქ ვინახავ. ასევე იქ ვატარებ სხვადასხვა ცდებს ალკოჰოლურ სასმელებზე. მოვაწყე პატარა ლაბორატორია, სადაც უკვე 150-მდე ცდა მაქვს ჩატარებული სხვადასხვა სახეობის არაყის გამოხდაში. სხვადასხვა მცენარეების და ხილის არყებს ვხდი სხვადასხვა მეთოდებით. იმდენად საინტერესო და სახალისოა, რომ გამოხდის ახალ მეთოდებს ვამუშავებ. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღე, ყოველი მათგანი ჩანიშნული მაქვს. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახელობის ალკოჰოლურ ბრენდებს  მალე გამოვიტან დღის სინათლეზე და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი შედეგები იქნება.

დღეს გავსინჯე შინდის ღვინო. რომელიც უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, ტყის სხვა მცენარეების ფოთლის ექსტრაქტზეა და ეს ნაყენი ძალიან მაგარი გამომივიდა. შინდის ღვინის ბრენდი ალბათ სულ 40 ლიტრა მექნება, მაგრამ დეგუსტაციებისთვის საკმარისია. 1 ბოთლი უკვე გავამზადე საფრანგეთში წასაღებად, ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი ჩემს გამოგონებაზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ.

ისევ ჩავუჯექი კომპიუტერს. თვალი გადავავლე გეგმებს. აღმოჩნდა, რომ სამუშაო იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მეგონა. განმარტოება მინდა, მაგრამ სახლის პირობებში არ გამომდის. ბავშვები მოსვენებას არ მაძლევენ. გადავწყვიტე სახლიდან გასვლა და სხვაგან, უფრო მშვიდ გარემოში მუშაობა. წერილები პასუხგასაცემი მაქვს, გეგმები კი - სისრულეში მოსაყვანი. 

ყველაზე კარგი ადგილი ჩემი ავტომობილი აღმოჩნდა. დავჯექი, საქარე მინა ავწიე და შევუდექი მუშაობას. ერთ-ერთ კომპანიას შეკვეთა მივეცი მეტეოსადგურის დამონტაჟებაზე, რომელიც ძალიან მჭირდება ტერასებზე. რადგან საპილოტე პროექტია, რისკები თავიდანვე გასათვალისწინებელია. მეტეოსადგური კი მოგვცემს მიახლოებით ინფორმაციას, თუ როგორ კლიმატს უნდა ველოდოთ და როგორი იქნება ყოველი კვირის ამინდის პროგნოზი. ჩვენთან ძალიან მკაცრი ზათარია, შესაბამისად გვჭირდება ზამთრის სიცივეების აღრიცხვა და კონტროლი. წელს დავაკვირდებით და თუ ზამთრის ყინვები სარისკო აღმოჩნდა ვაზისთვის ვიფიქრებთ შესაფუთ საშუალებებზე. შესაფუთ მასალას კარგა ხანია, ვეძებ ინტერნეტით, მაგრამ საჭირო საშუალებას ვერა და ვერ მივაგენი.

რამდენიმე ზარი მოვასწარი და პარტნიორებს მომავალი კვირების გეგმები გავაცანი. ველოდები ხვალინდელ დღეს, ლადო უზუნაშვილი ჩამოდის - ჩვენი მთავარი მეღვინე. მინდა, მოვასწროთ მესხეთის დათვალიერებაც და ახალი ღვინოების დეგუსტაციაც.

ჩემი ყოველდღიური გიჟური გრაფიკის ჩამოწერა, ალბათ, კარგი წასაკითხი არ იქნება. ვიღაცა იტყვის, ასე როგორ ცხოვრობს, ან როგორ ასწრებს ყველაფერსო. 

20 იანვარი, ოთხშაბათი

როგორც იქნა, ჩამოვიდა ლადო უზუნაშვილი, მაგრამ ოჯახის შეწუხება არ უნდოდა და პირდაპირ ტერასებისკენ გავეშურეთ. გზადაგზა ვათვალიერებდით მესხეთის სილამაზეს, კულტურულ ძეგლებს და ვსაუბრობდით მესხეთში მევენახეობის განვითარების პერსპექტივებზე. ბატონ ლადოს, მგონი, ჩემზე ძალიან შეუყვარდა მესხეთი.

უკანა გზაზე გავსინჯეთ მესხური ღვინოები, უკვე დაწმენდილი და გაწკრიალებული. მანამდეც გვქონდა გასინჯული, მაგრამ ახლა სულ სხვა გემოები შეუძენია. თანაც მე მცირე რაოდენობით ვაყენებ ღვინოებს და მისი უკვე მასიურად ქვევრში მოთავსება სულ სხვა თვისებებს აღვიძებს.

გავაცილე ლადო და ისევ ჩემს საქმეებს შევუდექი. ახლა უკვე საფრანგეთში გასამგზავრებლად ვიწყებ მზადებას. იქ უკვე წინასწარ გავაგზავნე მესხური ჯიშის სხვადასხვა ღვინოები და ნაწილი - მე უნდა წავიღო თვითმფრინავით.

ქვევრიდან ამოვიღე მესხური უცნობი ჯიში („ნათენაძის თეთრი“), რომელიც უკვე გაწკრიალებული  და დაწმენდილი იყო. გაუფილტრავად ჩამოვასხი ბოთლებში და შევუდექი ეტიკეტის დიზაინს. ჩემი ღვინოების დიზაინს, თითქმის ყველას, მე ვაკეთებ, შემდეგ ოჯახის წევრებს ვუზიარებ. სახლშივე ვბეჭდავთ და ხელით ვაკრავთ ბოთლებს.

 

21 იანვარი, ხუთშაბათი

დღე ისევ ტრადიციულად დაიწყო. შემდეგ ტერასებზე გამგზავრება დავგეგმე. დავურეკე მეგობარს და კიდევ ერთ პიროვნებას, ვინც მეხმარება ტერასების ტოპორუკის შედგენაში. დაქირავებული გვყავს Drone - მფრინავი კამერა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, 500 მეტრის სიმაღლიდან გადავიღოთ ტერასების სურათები და შემდეგ სპეციალური პროგრამით ვამუშავებთ.

ტერასების ტოპორუკა გვჭირდება იმისათვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ აქ გასაშენებელი ჯიშების რაოდენობა, საირიგაციოს სისტემის ზუსტი კილომეტრაჟი და განლაგების გეგმა. ტოპორუკის საშუალებით ვადგენ ტერასებზე ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტსაც.

Drone-ით გადავიღეთ ტერასების სურათები და ვიდეო რგოლი, რომელიც საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცი გამოვიდა. სპეციალისტები მუშაოებენ სურათების კომპიუტერში გადატანასა და  ტოპორუკის შედგენაზე.

დღე საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, ძირითადი დრო ტერასების ტოპორუკის შემუშავებას დავუთმე.

საღამოთი კი კვლავ ჩავუჯექი კოპმიუტერს, თვალი გადავავლე მომავალი სამუშაოების გეგმას და შევუდექი მუშაობას, რაც, დაახლოებით, დილის 4 საათამდე გაგრძელდა.

22 იანვარი, პარასკევი

დილით მეუღლეს ვთხოვე, ძილის საშუალება მოეცათ. ძალიან დაღლილი ვიყავი.

დაახლოებით, 11 საათზე გადავწყვიტე მესხეთის დალაშქრვა და მეგობართან ერთად კვლავ გავწიე ჩვენი კუთხის უცნობი ადგილების დასათვალიერებლად. ბევრი ფოტო გადავიღე. საოცარი ადგილები გვაქვს და უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს მესხეთს. ეს ჩემი კიდე ცალკე გეგმაა, რაც მესხეთის განვითარებას შეეხება.

მალე ჩამოვაყალიბებ „მესხეთის განვითარების ფონდს“, რომლის მიზანი მოსახლეობის საფლად დაბრუნება, აგროტურიზმისა და მესხეთში წარმოების განვითარება იქნება.  ამ თემაზე ყოველდღიურად ვმუშაობ და დიდი გეგმები მაქვს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას კი მალე დავიწყებ.

მესხეთის დათვალიერების დროს სოფლებში კვლავ საინტერესო ხალხი გავიცანი, რომლებმაც ჩამანიშნინეს, სავარაუდოდ, ახალი მესხური ჯიშების ადგილმდებარეობები. შემოდგომით ამ ადგილებს აუცილებლად ვნახავ და შეიძლება, მართლაც, საინტერესო ჯიშები გამომავლინოთ.

საღამოთი გვინა ჩამოვედი და იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ კომპიუტერს თავი დავანებე და ბავშვებთნა ერთად გავერთე.

23 იანვარი, შაბათი

დილით გადავწყვიტე საწნახელის შეკეთება, რადგან მეორე დღეს დაგეგმილი მქონდა  ზოგიერთი ახალი ღვინის დედას (ჭაჭის) მოცილება და ჭაჭიდან ღვინის სრულად გამოწურვა. საწნახელიც შევაკეთე და ხელოსნებისგან მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გავიგე მესხურ ჯიშებზე. საწნახელის დანახვაზე და ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველასთან მესხურ ჯიშებზე მიწევს საუბარი. ხელოსნები ნელ-ნელა გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ მათ სოფლებში საინტერსო ვაზები ყოფილა, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა თათრების დროინდელს უწოდებს და რომლებიც დღესაც შემორჩენილია.  ეს ადგილებიც მოვინიშნე და შემოდგომით მოსანახულებელი ვაზების სიაში შევიყვანე.

სახლში რომ დავბრუნდი, ადგილობრივი გაზეთის - „სამხრეთს კარიბჭის“ ჟურნალისტი დამხვდა, რომელსაც ღვინის ევროკავშირში გატანის გზები და  ახალი გამარტივებული მექანიზმები აინტერესებდა.

24 იანვარი, კვირა

განსაკუთებული დღე არ ყოფილა.

დილიდან საფრანგეთისთვის მზადებას შევუდექი. ჩავალაგე ბარგი, შევფუთე ღვინოები და გავემგზავრე თბილისში.

საფრანგეთში პირველად მივდივარ და ძალიან მაინტერესებს ეს ქვეყანა. ჩემი ღვინო კი გადის საფრანგეთში ექსპორტზე, მაგრამ მე, ჯერჯერობით, არ ვყოფილვარ. სიამოვნებით მოვივლიდი სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

მჯერა რომ ჩემი დაწყებული საქმე მალე მთელ მესხეთს მოედება და ყველა შეძლებს მესხური ღვინის დაყენებას.

© გიორგი ნათენაძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

საქაჯავი

$
0
0

ფოტოზე გამოსახულია „შატო მერეს“ მარნის ინტერიერი

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

ჯერ კიდევ შორეულ წარსულში გათვითცნობიერებულ მევენახე-მეღვინეს ყურძნის დაწურვა  საწნახელში არასაკმარისად მიუჩნევია და სხვა საშუალების ძებნა დაუწყია ჭაჭაში დარჩენილი ტკბილის გამოწურვის მიზნით. ფეხით დაწურულ-დაჭყლეტილ ჭაჭაში გარკვეული რაოდენობით რჩება ყურძნის წვენი, რომლის შემჩნევა არც თუ ძნელი სექმეა, ხოლო მისი გამოწურვა უფრო რთული იყო. საჭირო გახდა ისეთი ხელსაწყოს მოწყობა, რომლის საშუალებითაც გამოწურული და მიღებული იქნებოდა ყურძნის წვენის ის რაოდენობა, რომელიც საწნახელში ყურძნის ფეხით დაწურვის შემდეგ რჩებოდა ჭაჭაში. ამ მიზნის განსახორციელებლად შესაძლებელი იყო სხვადასხვა საშუალებათა გამოყენება. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს საქართველოში ფართოდ გავრცელებული  ხალხური საწნეხი იარაღი „საქაჯავი“.

საწნეხი „მანქანები“ – საქაჯავები უძველესი დროიდან არის ცნობილი, ისინი გამოყენებული იყო ყურძნის წურვის პროცესში ეგვიპტეში, პალესტინაში, საბერძნეთში, რომში, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე, კავკასიასა და კერძოდ კი საქართველოში. თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის პრიორიტეტი ამ საქმეში, ძნელი გასარკვევია. სავარაუდოა, რომ ბერკეტიანი საქაჯავი მოწყობილობა სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთის დამოუკიდებლად გაჩნდა, რადგან მათი გამართვა ძალიან დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული, ხოლო ხრახნიანი საქაჯავები გაცილებით მოგვიანო ხანაში არის წარმოქმნილი. დაახლოებით ძვ. წ. II საუკუნის მახლობლად, რადგან ტრადიცია ხრახნის გამოგონებას ცნობილ ბერძენ სწავლულს, ფიზიკოს არქიმედს მიაწერს. ყოველ შემთხვევაში ხრახნიანი საქაჯავები ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უკვე არსებობს და ყურძნის დაწურვის პროცესში გამოიყენება.

საქართველოში ჭაჭაში დარჩენილი ყურძნის წვენის მიღების პრიმიტიული საშუალება, ე. წ. „დაჯორგვა“ უნდა ყოფილიყო, რომელიც წინ უსწრებდა რთული საწნეხი საშუალების – საქაჯავის შექმნას. მათ პრინციპი საერთოც აქვთ, ორივე შემთხვევაში გამოყენებულია სიმძიმის მოქმედება ჭაჭაში არსებული წვენის გამოსაწურავად, პირველ შემთხვევაში ძალიან მარტივად, მეორე შემთხვევაში, ტექნიკურად რთულ საწნეხ მოწყობილობაში.
დაჯორგვა თანამედროვე ყოფაშიც არის შემორჩენილი. პირველყოფილი წნეხვის ეს წესი გურიაში დამოწმებული აქვს მ. გეგეშიძეს; სადაც საწნახელში დარჩენილ ჭაჭას ყავარს დაადებდნენ, დაჯორგვავდნენ, დატკეპნიდნენ-ო.
დაჯორგვის ასეთივე წესი შემორჩენილი იყო უკანასკნელ ხანამდე ზემო იმერეთშიაც, აქ ყურძენს ფეხით წურავდნენ საწნახელში, ჭაჭას   საწნახლის უკანა ბოლოში შეაკალთავებდნენ, შემდეგ ფეხით კარგად დატკეპნიდნენ, რასაც „დაწრფელვას“ უწოდებდნენ. როდესაც ფეხით ჭაჭიდან წვენის გამოდევნა ძნელი გახდებოდა, თავს დაანებებდნენ. შემდეგ მას ზევიდან ფიცრებს ან ყავრებს დააფარებდნენ და დიდი რაოდენობით ქვებს დააწყობდნენ, ე. ი. დაჯორგავდნენ. საწნახელში ჭაჭას ასეთ მდგომარეობაში ტოვებდნენ ერთი ღამის განმავლობაში და იქიდან გარკვეული რაოდენობის ტკბილს იღებდნენ. ტკბილის რაოდენობა დამოკიდებული იყო ჭაჭის რაოდენობასა დაზევიდან დაწყობილი ქვების სიმძიმეზე. წესი თავისი არსით ძალიან პრიმიტიული ჩანს და იგი უძველესი დროიდან უნდა იყოს შემონახული, ასეთი ხერხით ჭაჭიდან ტკბილის გამოწურვისა წინ უნდა უსწრებდეს საქაჯავების შექმნას და მის გამოყენებას მეღვინეობაში. ამრიგად საქაჯავები ადამიანთა სამეურნეო-ტექნიკური აზროვნების შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროდუქტად მიგვაჩნია მეურნეობის დარგის აღნიშნულ სფეროში.

უძველესი საქაჯავების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე უფლისციხის საწნახელებთან არის ნავარაუდევი, სადაც საწნახლების გვერდით საგანგებო ფოსოებია ამოკვეთილი ჭაჭის შემდგომი დამუშავებისათვის.  ე. ი. ძვ. წ. მე-4–მე-3 სს საქართველოში არა მარტო საწნახლები გვაქვს, არამედ საქაჯავებიც, როდესაც ყურძნის წურვის პროცესში უკვე ტექნიკაა გამოყენებული. აღნიშნული საწნახელი და საქაჯავი ჯერ-ჯერობით უძველესად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსათვის. თუმცა სავარაუდოა, რომ როგორც საწნახელი, ისე საქაჯავი, აქ პირველად არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მათ არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე და გამოყენებას მეღვინეობაში ხანგრძლივი ისტორია და უძველესი ტრადიცია უნდა ჰქონოდა.

დ. ხახუტაიშვილს წნეხების შემოსვლა ხმარებაში, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს მაგალითის მიხედვით, ტექნიკურ სიახლედ მიაჩნია და მას დაახლოებით ძვ. წ, II საუკუნიდან ვარაუდობს. ამის საბუთად მას ზენითის საწნახელთან აღმოჩენილი საქაჯავის „გირები“ მიაჩნია. ამ ფაქტთან დაკავშირებით  ერთხელ კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ოწინარიანი საქაჯავები, როგორც ჩანს, უძველესი დროიდან არსებობენ, ხოლო ხრახნილ-ბერკეტიანები კი გვიანი ხანის მოვლენაა. რომელი ტიპის საქაჯავისათვის არის განკუთვნილი ზენითის საწნახელთან აღმოჩენილი გირები, ამის შესახებ ავტორს არაფერი აქვს ნათქვამი.

ვინაიდან არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე საქაჯავები გარდა უფლისციხისა აღმოჩენილი არ არის, ამდენად განვიხილავთ იმ საქაჯავებს, რომლებიც კლდეში ნაკვეთ საწნახელებთან და თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშია შემორჩენილი.

ამ მხრივ საყურადღებოა ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მის გამოქვაბულ სათავსოებში შემორჩენილი საქაჯავები. ვარძიისკომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში სადღეისოდ სულ 9 საქაჯავია შემონახული. აღსანიშნავია, რომ ეს პრესები (როგორც კ. მელითააური უწოდებს) მარტო დარბაზებშია გამოკვევთილი. გამონაკლისს ერთი პრესი წარმოადგენს, რომელიც საუნჯეშია (85-ე გამოქვაბული) მოთავსებული. დანარჩენი წნეხები მოთავსებულია მე-9, მე-15, მე-17, მე-19, 32-ე, 86-, 169–ე და 195-ე გამოქვაბულებში. პრესების ყუთის ზომა საკმაოდ სტაბილურია. სიგრძე 40–50 სმ ფარგლებშია მოქცეული, სიგანე 30-დან 35 სმ მერყეობს, ხოლო სიღრმე 15–20 სმ აღწევს. აღნიშნული 9 პრესიდან  სამი ისეთ გამოქვაბულშია გამართული, სადაც მარნები იმყოფება, ოთხი კი მარნების მახლობლად.

ქვაბული ქალაქის კომპლექსში, სამრეკელოს ქვეშ მდებარე დარბაზში გამართულ საწნახელთან მოწყობილია საქაჯავი. ასეთი მოწყობილობა წარმოადგენს იატაკიდან რამდენადმე შემაღლებით, კედლის პირად ამოკვეთილ მომცრო ყუთს, რომელსაც ძირზე გარეთკენ ნახვრეტი აქვს გაჭრილი. ეს ნახვრეტიც იატაკიდან შემაღლებულია და მის წინ, იატაკში მცირე ორმოა ამოჭრილი. თვით ყუთის ზევით კი კედელში მრგვალი, მცირე ბუდეა ამოკვეთილი. დაწნეხვის განსახორციელებლად ყუთში ჭაჭის ჩაყრა და მისი ფიცრის ხუფით დახურვა იყო საჭირო, შემდეგ კი ამ ხუფზე დამწნეხი ძალის ზემოქმედება. ყუთის ზემოთ მოთავსებულ საკეტ-ბუდეში თუ ერთი ბოლოთი ჩამაგრებულ კეტს წარმოვიდგენთ, რომელიც ყუთის ხუფზე დამდგარ ძელაკზე იქნება დაყრდნობილი და მეორე ბოლოზე სიმძიმე ექნება ჩამოკიდებული, ნათელი იქნება აქ გამოყენებული დაწნეხვის მარტივი სისტემა. ჭაჭიდან გამოწურული ტკბილი ყუთის ძირას გაკეთებული ნახვრეტის მეოხებით აქ დადგმულ ჭურჭელში გროვდებოდა. მაშასადამე, როგორც კ. მელითაურის აღწერილობიდან ჩანს, ვარძიის ქვაბულ ქალაქში გამოყენებული ყოფილა ოწინარიანი სისტემის საქაჯავი.

ვარძიის მახლობლად მდებარე ჭაჭკარის კლდეში ნაკვეთი დარბაზის უკანა კედელში გამოკვეთილია საწნახელი და ნიში საქაჯავისათვის. ჭაჭკარშივე მოიპოვება გახვრეტილი ქვები, რომლებიც ბერკეტიანი საქაჯავისათვის არიან განკუთვნილი. საქაჯავის არსებობა სავარაუდოა ახჩიაშიც. საქაჯავისათვის განკუთვნილი გახვრეტილი ქვები, გირები ჩვენ თვითონ გვინახავს ასპინძას და ხერთვისს შორის მდებარე სოფლებში და ისინი ხშირ შემთხვევაში ყორეებშია ჩაშენებული.

აღნიშნული ადგილების გარდა საქართველოს სხვა რაიონებშიც გვხვდება ქვისგან გამოთლილი საქაჯავის ძირები ან ე. წ. „გობი“ ქვის ბრტყელ ზედაპირზე ოთხკუთხედი მოყვანილობის ღარია ამოკვეთილი, რომელშიც ყუთის თავები მაგრდებოდა, ხოლო ერთ მხარეს, რომელიც წაგრძელებულია, სადინარი ღარი ჰქონდა ამოკვეთილი, რომლითაც ტკბილი გადმოდიოდა და იქვე მიდგმულ თაღარში გროვდებოდა. ზოგიერთ ასეთ გობს თან ახლავს გახვრეტილი ქვები, ე. წ. „გირები“. ასეთი საქაჯავის ქვის „გობი“ და „გირები“ ჩვენ თვითონ გვინახავს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ჩხიკვთაში, მარტო გობი – სოფ. არდისუბანში. ასეთივე ქვისაგან გაკეთებული გობი, ალ. კალანდაძის მიერ კარსანიდან (მცხეთის რ-ნი) ჩამოტანილია თბილისში და სახელმწიფო მუზეუმის ქვის ფონდებში ინახება. მსგავსი გობი სოფ. დგვრისში (ცხინვალის რაიონი) ჰქონიათ ელიოზიშვილების ოჯახში. ასეთი ქვების გობებისა და გირების თარიღის დადგენა ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც არის. რადგან ისინი განცალკევებით არიან მიტოვებული. თუ მათი სამყოფელი ადგილების მიხედვით ვიმსჯელებთ, ისინი შუაფეოდალური ხანისა შეიძლება იყოს.

ოწინარიანი და ხრახნიანი საქაჯავები თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშიც არის გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამოწმებულია რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. მაგრამ თანდათანობით გამოდიან ხმარებიდან და ადგილს უთმობენ თანამედროვე ტექნიკით გამართულ საწნეხ მ ანქანებს.

ზემოთ აღნიშნულიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლდეში ნაკვეთ საწნახლებს საქაჯავი მოწყობილობა გვერდშივე უკეთდებოდათ, სადაც მათ გასამართავად სპეციალური, საქაჯავისათვის განკუთვნილი, ყუთის მაგვარი ფოსოებია ამოკვეთილი. აღნიშნული საქაჯავები ოწინარიანი ტიპის უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი საქაჯავის რეკონსტრუქცია მოცემული აქვს კ. მელითაურს ვარძიის ქვაბული ქალაქის სამეურნეო დანიშნულების სათავსოების და ინვენტარის განხილვის დროს.

ბერკეტიან-ხრახნიანი და ბერკეტიან-ოწინარიანი საქაჯავები ხის საწნახელთან ჩანან დაკავშირებული, მ ათი გადატანა და მოწყობა ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილი შესაძლებელია. ამიტომ ზოგიერთი საქაჯავის ძირი (შობი), რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება, შესაძლებელია გაცილებით ადრეული ხანისა იყოს, რადგან მათი ხმარება ხანგრძლივი ხანითაა ნავარაუდევი. ძირითადად გავრცელებული უნდა ყოფილიყო საქაჯავების ხის ძირის (გობის) კეთებაც. ასეთმა ძირებმა (გობებმა), რა თქმა უნდა, ჩვენამდე ვერ მოაღწიეს უახლოეს წარსულიდანაც კი.

ჭაჭის დასაწნეხი ხალხური მანქანები საქართველოს თითქმისყველა კუთხეში გვხვდება, სადაც მევენახეობა-მეღვინეობას მისდევენ. ასეთი საწნეხი მანქანები შემდეგი სახელწოდებითაა ცნობილი: საქაჯავი (ქართლ-კახეთი), საქაჩავი-საქაჩველი (იმერეთი-გურია), წბერი, ჭახრაკი, საწბერავი (რაჭა-ლეჩხუმი), ხარხინი (სამეგრელო) და სხვა.

თაღარი

$
0
0

ა. ბოხოჩაძე. მევენახეობა-მეღვინეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. თბილისი 1963

თაღარი მეღვინეობასთან დაკავშირებული ჭურჭელია, უწინ იგი ყურძნის დაწურვისა და ღვინის გადაღების საჭიროებისათვის უხმარიათ. ხოლო საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც ამ დანიშნულებით ხმარობენ. სეთი დანიშნულების ჭურჭელი სხვადასხვა სახელითაა დამოწმებული თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაში: თაღარი, მენა, ისარნა, აუზი, ქვევრი. ჩამოთვლილი ჭურჭლების სამეურნეო დანიშნულება ერთი და იგივეა, ხოლო ისინი ფორმებით და გაკეთების ტექნიკით საკმ აოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათი, როგორც სამეურნეო ჭურჭლის დანიშნულებას წარმოადგენდა და ეხლაც წარმოადგენს საწნახელში დაწურული ყურძნიდან გამოსული ტკბილის დაგროვება. ასეთი ჭურჭელი ჩადგმული იყო საწნახლის წინ ან მის გვერდით, იმ ადგილზე, სადაც საწნახელს სადინარი არხი ჰქონდა დატოვებული. საწნახლის სადინარი არხი თაღართან შეერთებული იყო მილით ან ღარით და ამ გზით  საწნახლიდან ტკბილი თვითდინებით ჩადიოდა და გროვდებოდა მასში.

აუზი (ქართლში მას მენასაც უწოდებენ) შეიძლება კლდეში ნაკვეთი, კირხსნარით ამოშენებული და თიხის ჭურჭელიც იყოს. მენა, როგორც ირკვევა, საქართველოში ძველად გავრცელებული ჭურჭელი ყოფილა. საბას განმარტებით – მენა სამყოფი, სადგომია; მენას კახნი ტაგარსა უწოდებენ და იგიცა ტყბილის სადგომია. ტაჯარი (ანუ თაღარი) ასევე ტყბილის სადგომი ჭურჭელია, ხოლო ტყბილი-ძველნი ყურძნის წვენს ტკბილს ესრე ტყბილს უწოდენ.

თაღარი, რომელსაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (მაგ. იმერეთი და სხვა) ისარნა შეესატყვისება, თიხის ჭურჭელს წარმოადგენს, ხოლო ქვევრი, რომელიც საწნახლის სადინართან არის ჩადგმული, ზოგჯერ თაღარად იწოდება და საერთოდ ცნობილი თიხის საღვინე ჭურჭელია.5 (5 მენა, ტაგარი (ანუ თაღარი) ძველთაგანვე ტკბილის სადგომ, სამყოფელ ჭურჭლადაა მიჩნეული. ბოლო ხანებში „მენა“ „აუზის“ სახელით თანდათანობით გამოდის ხმარებიდან და დავიწყებას ეძლევა, ხოლო თაღარი, რომელიც თიხის ჭურჭელი იყო, მეღვინეობაში ლითონის ჭურჭელმა შეცვალა და მან სხვა დანიშნულება მიიღო. როგორც ლ. ბოჭორიშვილის აღწერილობიდან ჩანს, კახეთში თაღარს დღეს მექვევრე-მეჭურჭლენი წყლის მარაგის შესანახად, შლამის მოსათავსებლად და სხვა დანიშნულების შესასრულებლად იყენებენ, მექაშანურენი მასში ჭურჭლის შესაღებ წამალს ასხამენ, სოფლად კი ვენახის წამლის დასაყენებლად ხმარობენ. 

მეღვინეობასთან დაკავშირებული აღნიშნული ჭურჭელ-ინვენტარი შეიძლება სამ ტიპად დაიყოს: პირველი – თიხის ჭურჭელი; მეორე – ქვაში ნაკვეთი აუზი და მესამე – მიწაში, გათხრილ ორმოში, კირხსნარით ამოშენებული აუზი. აქედან პირველი ტიპის ჭურჭელი უძველესი წარმოშობისა უნდა იყოს. ისინი წარმოქმნილია იმ დროს, როდესაც ადამიანმა საწნახელს სადინარი არხი გაუკეთა და ტკბილის დადუღება საწნახელში კი არა, ცალკე ჭურჭელში ან ქვევრებში ხდებოდა. ამ დროს საწნახლისათვის უნდა მიედგათ დიდი ზომის, ფართე პირიანი ჭურჭელი, რომელშიაც, ერთი მხრივ, საწნახელში დაწურული ყურძნის წვენი გროვდებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, აქედან მას იღებდნენ და ცალკე ჭურჭელში გადაჰქონდათ. ასეთი დანიშნულების ჭურჭელი და მისი უძველესი სახელწოდება დღეისათვის ცნობილი არ არის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ეთნოგრაფულ ყოფაში დამოწმებული თაღარის წინაპარი იყო, რადგან მათი სამეურნეო დანიშნულება ძირითადად ერთნაირი ჩანს.ქვაში ნაკვეთი აუზი საწნახელის განვითარების შემდგომ პერიოდს ემთხვევა და მასთან ერთად არის წარმოშობილი. ამის დამამოწმებელ საბუთად უფლისციხეში აღმოჩენილი, კლდეში ნაკვეთი და ზენითში არსებული მონოლითში ამოკვეთილი საწნახლები გამოგვადგება. უფლისციხის შიდა ქალაქში პირველი საწნახელი კლდეში ნაკვეთი ორი განყოფილებისაგან შედგება და ერთმანეთთან დაკავშირებულია კლდეში ნაკვეთი არხით. პირველი განყოფილება, რომელიც გეგმაში სწორკუთხედს იძლევა, წარმოადგენს საკუთრივ საწნახელს, სადაც ყურძნის დაწურვა სწარმოებდა, ხოლო მეორე განყოფილება, რომელიც გეგმაში კვადრატს იძლევა, წარმოადგენს აუზს, სადაც ყურძნის წვენი გროვდებოდა. მისი ფართობი შეადგენს 1,2 მ2 (კედლების სიგრძე 1,00X1,20 მ, ხოლო სიმაღლე 0,90–1,00 მ), მოცულობა კი 1,2 კუბმეტრს, ანუ 1,200 ლიტრს.6 (6 დ. ხ ა ხ უ ტ ა ი შ ვ ი ლ ი,  ახალი მასალები ელინისტური ხანის ქართლის ქალაქების მეურნეობის ისტორიისათვის, გვ. 116.) მსგავსი აუზი აღმოაჩნდა უფლისციხეში გათხრილ სხვა საწნახლებსაც. ასეთივე აუზი ჰქონდა ზენითის მონოლითში ამოკვეთილ საწნახელსაც. ფეოდალური ხანის კლდეში ნაკვეთ საწნახლებს ასეთი აუზები უკვე აღარ აქვთ, მათ მაგივრობას თიხის ჭურჭელი-თაღარი ასრულებდა. მაშასადამე, ქვაში ნაკვეთი აუზები ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ყოფილა საქართველოში გავრცელებული და იგი კლდეში ნაკვეთი საწნახლების განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც მოგვიანო ხანაში მსგავს საწნახელებსაც კი ჩამოსცილდა და ადგილი თიხის ჭურჭელს დაუთმო.

მიწის ორმოში კირხსნარით ამოშენებული აუზი ასეთი საწნახლების მესამე ტიპს უკავშირდება და წარმოშობილია შუაფეოდალურ ხანაში, როდესაც საწნახლების კირხსნარის დუღაბით აშენება შემოვიდა პრაქტიკაში.

კლდეში ნაკვეთი და კირხსნარით ნაშენი აუზები, საწნეხელის გვერდით, ძველი დროიდანვე ჩანან მეღვინეობასთან კავშირში. ტკბილის მოსაგროვებელი ჭურჭელი-ინვენტარი თუ რა სახელით იყო სახელდებული ძველად, ცნობილი არაა, ამდენად სახელწოდება აუზი ამ ჭურჭელი-ინვენტარის შესატყვისი პირობითი ცნებაა და არც ისე შორეულ წარსულში უნდა იყოს შექმნილი.

დასახელებული ჭურჭელი-ინვენტარი საწნახლის განუყრელი თანამგზავრია ყურძნის წურვის პროცესში, რადგან საწნახლიდან გამოსული ტკბილი თაღარში ან აუზში გროვდება, აქედან გადააქვთ შემდეგ ქვევრებში, ზოგჯერ მასშივე ხდება დადუღება და ღვინის დაყენებაც. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ თაღარად გამოყენებული 20-25 კოკიანი ქვევრი.

თაღარი აუცილებელი ჭურჭელია საქაჯავით ჭაჭიდან ტკბილის გამოწურვის დროსაც, რადგან საქაჯავის „გობს“ ერთ მხარეს სადინარი არხი აქვს გაკეთებული, რომლის მეშვეობითაც ტკბილი მასზე მიდგმულ ჭურჭელში გროვდება.

გათხრებით მოპოვებულ მასალებში თიხისაგან გაკეთებული თაღარი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, ამდენად ამ სახის ჭურჭლების უძველესი ფორმების და მოცულობი ს განსაზღვრა შეუძლებელია. ხოლო რაც შეეხება აუზებს, ისინი როგორც აღნიშნული იყო, უფლისციხესა და ზენითის საწნახლებთან არის დადასტურებული. მათ ოთხკუთხედი მოყვანილობა აქვთ, საშუალოდ მათი მოცულობა 100 დეკალიტრს უდრის. ზოგ შემთხვევაში კი, მეტსაც. მათი სამეურნეო ფუნქცია საწნახელში დაწურული ყურძნის წვენის დაგროვება იყო, შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში მასში ტკბილის დადუღება და ღვინის დაყენებაც ხდებოდა, რაზედაც მათი მოცულობა უნდა გვანიშნებდეს.

უფლისციხის საწნახლების აუზი ქვაში ცალკე არის ამოკვეთილი და თვით საწნახელს სპეციალური ღია სადინარი არხითა და ხვრელით უერთდება. საწნახლის ფსკერი უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე აუზის პირში, ამიტომ ყურძნის წურვის დროს ტკბილი თვითდინებით ჩადიოდა მასში. აუზი იმდენად დიდია, რომ საწნახლის წურვის დროს ტკბილის გადატანა ქვევრებში აუცილებელი არ იქნებოდა.

უფრო გრანდიოზულია ზენითის საწნახლის აუზი. მისი სიგრძე 1,40 მ, სიგანე 1,20 მ, ხოლო შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,28 მ აღწევს და სადინარი ხვრელით უკავშირდება თვითი საწნახელს. ასე გამოიყურება ჩვენამდე მოღწეული უძველესი აუზები, რომელიც, ჩვენი შეხედულების მიხედვით, საწნახლების მეორე ტიპს უკავშირდება.

შუაფეოდალური ხანის კლდეში ნაკვეთ საწნახელთანაც ვხვდებით აუზს, რომელიც ამ შემთხვევაში გამონაკლისს წარმოადგენს. ვარძიის ქვაბულ ქალაქში ერთ შემთხვევაში საწნახელს ფსკერთან მილი აქვს გაჭრილი, საიდანაც ტკბილი გამოდიოდა და იქვე ამოკვეთილ მცირე ორმოში ჩადგმულ ჭურჭელში გროვდებოდა. შემდეგ ტკბილი მარნებში გადაჰქონდათ, სადაც ქვევრში ასხამდნენ დასადუღებლად. მეორე შემთხვევაში, საწნახელს ფსკერზე სადენი ღარი და ტკბილის გამოსასვლელი მილი აქვს, მილის წინ ორმოა (აუზი) ამოჭრილი სითხის დასაგროვებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველ შემთხვევაში საგანგებო ჭურჭელი, თაღარი გამოიყენებოდა ტკბილის დასაგროვებლად, როდესაც მეორე საწნახელს თავისი კლდეში ამოკვეთილი აუზი გააჩნდა. ამრიგად ერთდაიმავე ხანაში, ერთ ადგილზე ორგვარი ჭურჭლის-ინვენტარის გამოყენების შემთხვევა გვაქვს.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე (ბოლნისის რაიონი), მდ. ლოქის ხეობაში ნასოფლარის გათხრების დროს აღმოჩენილ მარანში დადასტურებული იქნა ქვითა და კირხსნარით ამოშენებული აუზი, რომელიც გამოვლენილი მასალების საფუძველზე მე-18 საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული. კირხსნარით ამოშენებული აუზი და ქვევრის თაღარად გამოყენება აღმოსავლეთ საქართველოში ახლო წარსულში გავრცელებული მოვლენა ყოფილა და ზოგ შემთხვევაში დღესაც გვხვდება ხმარებაში.

მიწის ორმოში ამოშენებული ქვითკირის აუზი საწნახლის მესამე ტიპთან უნდა იყოს დაკავშირებული. როდესაც საწნახლის კირხსნარით შენება დაუწყიათ, ტკბილის მოსაგროვებელი აუზის (მენა) შენებაც ამავე მასალით გადუწყვეტიათ. შესაძლებელია, რომ უძრავ საწნახლებს, რომლებიც ქვაში იყო ნაკვეთი, ხოლო შემდეგ ხანაში კი კირხსნარით ნაშენები, უკეთებდნენ აუზს, ხის საწნახლებისათვის კი, რომელთა გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე სიძნელეს არ წარმოადგენდა, თიხის ჭურჭელს, თაღარსა და ქვევრს ხმარობდნენ. თუმცა მდ. ლოქის ხეობაში გათხრილ მეორე მარანში ქვიტკირის საწნახელს ქვევრიჰქონდა თაღარად მიდგმული. ასე, რომ თაღარის ან ქვევრის გამოყენება ტკბილის დასაგროვებელ ჭურჭლად ქვითკირის საწნახლისათვის გამორიცხული არ ჩანს.
მენა კირხსნარით ნაგებ აუზს ეწოდება. ეს კარგად დასტურდება თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაში ქართლის ტერიტორიაზე „მიწაში დაფლულ საღვინე ჭურჭელთა შორის აღსანიშნავია ე. წ. „მენა“. მენას სახელით ცნობილი საღვინე ჭურჭელი ქვითა და კირით არის ნაშენი მიწაში“. სოფლები: აში, ბოდორნა, ყვავილი, მეზვრიანთკარი და სხვა, ვენახებს მდ. არაგვის პირზე აშენებდნენ; აქვე ვენახში, ღია ცის ქვეშ, საწნახლების ძირში ამოთხრილი ორმოში ქვითა და კირით თაღარის მსგავსად, ქვევრის ოდენა ჭურჭელს აშენებდნენ. მასში დაწურულ ტკბილს აყენებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში (3-4-5 დღეს). ამის შემდეგ ნაწურ ტკბილს და ჭაჭას ცალ-ცალკე წაიღებდნენ დანიშნულების ადგილას. მიწაში ქვითა და კირით ამგვარად ნაგებ ჭურჭელს, რომელიც ერთგვარად ქვევრის როლს ასრულებდა, იქაურები „მენას“ უწოდებდნენ.

კახეთში წინათ ამავე დანიშნულებით თაღარი უხმარიათ, შემდეგ მას თავისი მნიშვნელობა დაუკარგავს და ახლა მას ვენახში წამლის დასაყენებლად ხმარობენ. ეხლა ტკბილის დასაგროვებლად ორმოებს თხრიან, ცემენტით ლესავენ. თიხის თაღარის ნაცვლად ზოგჯერ ლითონისას ხმარობენ, რომელსაც ასევე თაღარი ეწოდება.
ქართლში თაღარი ეწოდება საწნახლის წინ, მილის აქეთ-იქით ჩადგმულ ქვევრს, საერთოდ დიდ ქვევრსაც.
კიდევ უფრო სუსტადაა შესწავლვილი მსგავსი საღვინე ჭურჭლები დასავლეთ საქართველოში. აქ გათხრილი და გამოვლინებული არ არის მარნები და მასთან დაკავშირებული სხვა სახის ინვენტარი და ჭურჭლეული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ვაშნარში აღმოჩენილ მარანს. უკანასკნელ ხანებში, ტკბილის დასაგროვებელი ჭურჭლებიდან იმერეთში გავრცელებული იყო თიხის თაღარი, ისარნა. იგი საწნახელს მიდგმულიჰქონდა წინ, იქ, სადაც ტკბილის გამოსასვლელად გაკეთებული აქვს ხვრელი და რომელსაც „ინდაურს“ უწოდებენ. ზოგ შემთხვევაში ტკბილის გამოსასვლელი თაღართან დაკავშირებული იყო ხის ღარით. თაღარი აქ მცირე მოცულობისაა: მასში 10 დეკალიტრამდე ტკბილი თავსდება.ყურძნით სავსე საწნახლის წურვის პროცესში, თაღარიდან ტკბილი განუწყვეტლივ გადააქვთ ჭურში. გადასატანად გაემოიყენებოდა ჩაფი, ხოლო თაღარიდან ტკბილის ამოსაღებად ხაპი, რომელიც ე. წ. მწარე კვახისაგან არის გაკეთებული და სათანადოდ გამოხარშული.
აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში, ორი ტიპის თაღარი ყოფილა გავრცელებული: ქუსლიანი და ბრტყელძირა. ქუსლიანი თაღარი შუაზე გაჭრილ ქვევრს წააგავს: ქვევრივით ესეც ძირისკენ ვიწროა და ქუსლიანი, პირისკენ კი შესამჩნევად გაფართოებული და ირგვლივშემოვლებული თავით დაგვირგვინებული. ძირის სივიწროვე და პირის განსაკუთრებული სიფართოვე ორივეგვარი თაღარის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. ბრტყელძირა თაღარი ყურიანია, ორი ყური ერთ მხარეს აქვს მობმული, ორი კი, მეორე მხარეს. ქუსლიან თაღარს, უქუსლოსაგან განსხვავებით, ყური არ უკეთდება, ქუსლიან თაღარს მიწაში ჩასვამდნენ ხოლმე, ბრტყელძირა კი სწორედ მიწის ზემოთ იდგმება. 

თბილისში, ერეკლეს მოედანზე წარმოებული გათხრების დროს, შუაფეოდალური ხანის მასალებში ყურადღებას იქცევს დიდი ზომის, ფართე პირიანი და ყურებიანი ჭურჭელი, რომელიც დამა ხასიათებელი ნიშნების მიხედვით თაღარს უნდა წარმოადგენდეს. ამდენად იგი ჯერჯერობით ერთადერთი უძველესი (XI–XIII სს.) თაღარია არქეოლოგიური გათხრების შედეგად რომაა აღმოჩენილი.

იმერეთში გავრცელებული იყო ქუსლიანი თაღარი (ტაბ. I, 15). იმერულ თაღარს ფართე პირი, გაბრტყელებული ქობა, მომრგვალებული კალთები (არა ქვევრივით დაქანებული) და ქუსლი აქვს. იმერელი მექვევრის დიმიტრი ლაბაძის (შროშა) გადმოცემით, ქვევრის მკეთებელი თაღარსაც აკეთებდა წინათ. ეხლა მას ძალიან იშვიათად აკეთებენ, რადგან მას ეხლა თითქმის აღარავინ ხმარობს. უკანასკნელ ხანებში თიხის თაღარი ნელ-ნელა გამოვიდა ხმარებიდან და იგი სპილენძისაგან დამზადებულმა ჭურჭელმა (ქვაბმა) შეცვალა.

 

ფერმა – ბაია აბულაძე


La Dive Bouteille, Les Penitentes. საქართველო საფრანგეთის ბუნებრივი ღვინის გამოფენებზე

$
0
0

საფრანგეთი, რა თქმა უნდა, იტალიასთან ერთად, „ძველი სამყაროს“ ის ნაწილია, სადაც განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს ბუნებრივი ღვინოები. ყოველწლიურად აქ ეწყობა რამდენიმე დიდი გამოფენა, სადაც თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან; ახალი და კარგად დავიწყებული ძველი მოსავლების ღვინოებს შეაჯამებენ და გაცვლიან კონტაქტებს ამ ღვინოებით შთაგონებულ იმპორტიორებთან, მწერლებთან, სასტუმრო-რესტორნების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან. 

იანვარ-თებერვლის გასაყარზე საფრანგეთში ორი ასეთი მნიშვნელოვანი გამოფენა ტარდება - La Dive Bouteille და Les Penitentes, სადაც ბუნებრივი ფრანგული ღვინოების გვერდით, მონაწილეობას იღებენ მოწვეული სტუმრები მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან. ამ გამოფენებზე სტუმარი მიზნობრივია, ღვინოების არჩევანი კი - მრავალფეროვანი. აქ მოსულმა ყველაზე კარგად იცის, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ამიტომ ზოგი მიზანმიმართულად, ბორდოსა და ლუარის წითელი ღვინოების რიგში დგება, ზოგიც - ფრიულის, თუ საქართველოს ნარინჯისფერ-ქარვისფერების. გამოფენები რამდენიმე დღეს გრძელდება და ამ პერიოდში საფრანგეთში თავს იყრის მსოფლიოს ნატურალური ღვინის მწარმოებელთა და მოყვარულთა დიდი ოჯახი. 

როგორც ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი, სოლიკო ცაიშვილი აღნიშნავს, ნატურალური ღვინის გამოფენები მსოფლიოში, დაახლოებით, 2006-07 წლებში, გაცილებით მცირე მასშტაბებს აღწევდა. ბოლო ათი წელია, ბუნებრივი ღვინოების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით იზრდება და ღვინის სამყაროში ეს მოძრაობა ანგარიშგასაწევ ძალას ქმნის. 

ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები საქართველოდან - იაგო ბიტარიშვილი (იაგოს ღვინო), ნიკი ანთაძე (ნიკი ანთაძის მარანი), ჯონ ვურდემანი (ხოხბის ცრემლები), ჯონ ოქრუაშვილი (OKRO Wines) ამ გამოფენებში წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობდნენ. მათ გარდა, წელს აქ საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს მარიამ იოსებიძემ, რამაზ ნიკოლაძემ და გიორგი ნათენაძემ. 

რადგან ღონისძიებები, თითქმის, ერთდროულად მიმდინარეობდა, ქართული მარნები, პირობითად, ორ გუნდად გაიყო. ერთ ჯგუფი ანჟეში, Les Penitentes-ში მიავლინეს, სადაც მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო და გამოფენის მიმართულებაც უფრო პროფესიონალური გახლდათ; მეორე - სომიურში, La Dive Bouteille-ში იღებდა მონაწილეობას. ეს გამოფენა გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით და კონცეფციით - გარემო არაფორმალური იყო,  უშუალო და ღია კომუნიკაციისთვის. 

მარიამ იოსებიძემ La Dive Bouteille-ზე საკუთარი ღვინოები წელს მეორედ გამოიტანა. მისი დაკვირვებით, ქართული ღვინის, განსაკუთრებით კი - ქვევრის ღვინის ცნობადობა ამ გამოფენაზე შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. „ბევრი ინტერესდებოდა ღვინის წარმოების ტექნოლოგიით. ბევრ კითხვებს სვამდნენ ქვევრის მეთოდზე“ - ამბობს მარიამი. 

თუმცა, როგორც ირკვევა, ქვევრის ღვინოს მხოლოდ საქართველო არ წარმოადგენდა. პირველ  რიგში აქ უნდა მოვიხსენიოთ ტიერი პუზლა, რომელსაც ვიცნობთ, როგორც ქვევრის ღვინის მწარმოებელს ლუარადან და ქართული ღვინის დიდ ქომაგს. ტიერის გარდა, დაინტერესებულ პირებს ქვევრის ღვინოებს სთავაზობდა ჰერვე ვილმადი (hervé villemade) ლუარადან, პოლ ესტივი (Paul Estève) რონიდან, ქვევრის ღვინოების არჩევანი იყო ფრიულიდანაც. მოგეხსენებათ, ეს ის რეგიონია, სადაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველად დაიწყეს ქვევრის ღვინის წარმოება.  

გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა უზრუნველყო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ. სააგენტოს მხარდაჭერითვე საფრანგეთის ბუნებრივი მეღვინეობის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ - ტიერი პუზლამ ქართული ღვინოების სამი დეგუსტაცია ჩაატარა: პარიზში (Le Cave), ორლეანსა (Les Becs a Vin) და ბლუაში (Les 400 Coups). თუკი დიდ გამოფენებზე ინტერესი, მეტ-ნაკლებად, თანაბრად გადანაწილდა შედარებით ნაკლებად ცნობილი რეგიონების მიმართ, ქართული ღვინის დეგუსტაციებზე ეს ინტერესი გაცილებით ნათლად გამოიკვეთა. შენობაში ტევა აღარ იყო და დეგუსტაციამ გარეთ, ქუჩაში გადაინაცვლა. ბევრი კითხვა იყო ქვევში ღვინის დაყენების მეთოდთან დაკავშირებით; იყო ქარვისფერების სტილითა და შეფერილობით გაოცებული სახეებიც, თუმცა, ძირითადად, ესწრებოდნენ პროფესიონალები და მომხმარებლები, ვინც საკმაოდ გაცნობიერებულნი იყვნენ ქართული ღვინის სტილსა და ავტენტურ მეთოდებში. 

2015 წელს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტზე გავიდა 38 000 ბოთლი ღვინო, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 190 %-ით აღემატება. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტის ძირითადი წილი, სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მწვანე კახური – Georgian Wine Infographics (52)

Vini Naturali a Roma-ზე საქართველოდან სამი მარანი მონაწილეობდა

$
0
0

6-7 თებერვალს რომში, ნატურალური ღვინის გამოფენის - Vini Naturali a Roma - მერვე გამოშვება გაიმართა. გამოფენა, ტრადიციულად პრესტიჟულ სასტუმრო - Excelsior-ში მოეწყო და მასში მონაწილეობას იღებდნენ მწარმოებლები იტალიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, საქართველოდან და პორტუგალიიდან.

ღონისძიებაში წელს მონაწილეობდა ასზე მეტი კომპანია - ძირითადად, ღვინის, ასევე, ლუდისა და საკვები პროდუქტების მწარმოებლები. Vini Naturali a Roma-ზე საქართველოს წარმოადგენდა ნიკა ბახიას, ნაოტრებისა და ბექა გოცაძის მეღვინეობები.  

გამოფენის დამფუძნებელი, ტიციანა გალო ამბობს, რომ ღონისძიება თავს უყრის იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მიწისა და ბუნების მიმართ. მათ შორისაა საქართველო, რომელიც გამოფენის სტუმრებს „ქვევრის საოცარ ღვინოებს“ სთავაზობს.

2009 წელს, როცა ტიციანა გალომ პირველად ჩაატარა გამოფენა, სახელწოდებით Vini Naturali a Roma, მასში სულ რამდენიმე მეღვინეობა იღებდა მონაწილეობას. მაშინ იტალიაში ნატურალური ღვინოები არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით. მას შემდეგ მსოფლიოში ნატურალური, ორგანული და ბიოდინამიკური გამოცდილებები სწრაფად განვითარდა, ამიტომ ღონისძიებაზე ყოველწლიურად იზრდება მონაწილე კომპანიების რიცხვი. გამოფენაზე ყოველწლიურად დიდი ყურადღება ეთმობა ქვევრის ბუნებრივ ღვინოებს საქართველოდან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ანონსი - 9 თებერვალს, ლექცია ღვინის კლუბში: ღვინის ტურიზმის ობიექტების განვითარების სქემა - მარნები

$
0
0


9 თებერვალს, საქართველოს ღვინის კლუბი გიწვევთ მნიშვნელოვან ლექციაზე. „ღვინის ტურიზმის ასიციაციის“ დამფუძნებლები, ელენე ბუხაიძე და ლევან ჩუბინიძე ისაუბრებენ საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებაზე.
საქართველოში უამრავი მარანია, მაგრამ უმრავლესობა არ არის განკუთვნილი კომერციული მიზნებისა და ვიზიტორების მისაღებად. ღვინის ტურიზმის სრულფასოვან ობიექტად ჩამოყალიბებისთვის არსებობს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება, როგორ უნდა დაიგეგმოს სწორი მიმართულებით განვითარება, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მივიღოთ ამ ბიზნესიდან სარგებელი. ამისათვის აუცილებელია საქართველოში, ღვინის ტურიზმის ბიზნესის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე, სწორი ამოცანების დასახვა და შესრულება.

შეხვედრა გაიმართება ტრადიციულ ადგილას, ეროვნული ბიბლიოთეკის 3 კორპუსის მთავარ აუდიტორიაში.

(მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7/10)

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.

ვიმეორებთ, დასწრება თავისუფალია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ქვეყნის მომავლისთვის :)

თამადასა და Chateau Mukhran-ის საფერავებმა საერთაშორისო კონკურს CWSA-ზე ორმაგი ოქროს მედლები მოიპოვა

$
0
0

ბოლო წლებში საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ აზიის, განსაკუთრებით კი - ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებს. CWSA-ზე (China Wine and Spirits Awards) ქართული ღვინოები 2014 წლიდან მონაწილეობს, თავად კონკურსი კი 5 წელია, რაც ტარდება. 

როგორც წესი, ქართულ ღვინოებს შორის CWSA-ზე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს მუკუზნის, ნაფარეულის, ქინძმარაულის ადგილწარმოშობის ზონების მშრალი და ნახევრად ტკბილი საფერავები. გასულ წელსკომპანია „შუმის“ მუკუზანმა (2013), შუმისა (2013) და GWS-ის (2013) ქინძმარაულებმა კონკურსზე ორმაგი ოქროს მედლები მოიპოვა, ოქროს მედლით დაჯილდოვდა GWS-ის, თამადას ბრენდის საფერავიც (2012). 

წელსაც განსაკუთრებული პატივი, ტრადიციულად, საფერავებს ხვდა წილად. CWSA Best Value 2016-ის ორმაგი ოქროს მედლები მოიპოვა თამადასა (GWS) (2013) და შატო მუხრანის (2012) საფერავებმა. ოქროს მედალი მოიპოვა შატო მუხრანის 2011 წლის მოსავლის საფერავმა (Reserve du Prince), შუმის ქინძმარაულმა (2014), თამადას (GWS) ნაფარეულმა (2013), ასევე, შატო მუხრანის მუსკატმა, შუმისა (2014) და თამადას (2013) წინანდლის ადგილწარმოშობის ღვინოებმა. ვერცხლის მედალი ერგო შატო მუხრანის გორულ მწვანეს (Reserve du Prince, 2013).

CWSA ჩინეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია. ჟიური დაკომპლექტებულია ჩინეთისა და ჰონგკონგის ბაზარზე მოქმედი იმპორტიორებისგან, დისტრიბუტორებისა და სომელიეებისგან. ჟიური 100-ზე მეტ ექსპერტს აერთიანებს. 

კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ექსპერტებიცა და ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც, ერთხმად მოწმობენ, რომ ამ კონკურსი ჩინეთში ღვინის გაყიდვების წარმატების ერთ-ერთი მთავარი „გასარებია“. ღონისძიების საორგანიზაციო საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის რამდენიმე გავლენიან მედიასთან, რომლებიც უზრუნველყოფენ გამარჯვებული ღვინოების პრომოციას ადგილობრივ ბაზარზე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

Viewing all 2662 articles
Browse latest View live