Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2724 articles
Browse latest View live

ბაია აბულაძე, ბაიას ღვინო - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (37)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ღვინის დაყენება ჩვენი ოჯახის  ტრადიციული საქმიანობაა,  2015 წლიდან კი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით შევძელით ჩვენი ბრენდი შეგვექმნა და მცირე საოჯახო ბიზნესი დაგვეწყო.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს იმერული ჯიშები, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა.  საშემოდგომოდ ვგეგმავთ ერთი ძალიან ძველი იმერული ჯიშის დარგვას, ვფიქრობთ მცირედით გავზარდოთ ვენახების რაოდენობა.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ: ცოლიკოური ქვევრში, ციცქა-ცოლიკოურის და ციცქა-ცოლიკოურ-კრახუნას.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ღვინის ბრენდირებულად გაყიდვა პირველად 2015 წელს დავიწყეთ, მაღაზიები თვითონ დაგვიკავშირდნენ, ეს იყო ღვინის მაღაზია გრიბოედოვზე და ღვინის გალერეა. დღეს უკვე ძალიან გავამრავალფეროვნეთ გაყიდვის არეალი და მათ რიცხვს  რესტორნებიც შეემატა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჯერ არა.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულეები პირველ რიგში ჩვენს ცოდნას უკავშირდება, ბევრი ისეთი საკითხია, რაზეც ვისურვებდით უფრო მეტი ინფორმაცია გვქონოდა. ვცდილობთ ცოდნის ეს ვაკუუმი შევავსოთ. ამასთან ფინანსებთან წვდომის პრობლემაც არსებობს. კომპანიის საკუთარი ფინანსები ხშირად ვერ წვდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს სოფლის მეურნეობაში, როგორიცაა ტრაქტორისა თუ მეღვინეობითვის სხვა მნიშვნელოვანი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ვფიქრობ, ბიო წარმოება ქართულ ღვინოს ძალიან გაუმტკიცებს სახელს, გამომდინარე იმ სავაჭრო შესაძლებლობიდან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ვფიქრობ ბევრი ევროპელი თუ ჩინელი ექსპორტიორი დაინტერესდება ჩვენი პროდუქციით. საინტერესო იქნება, თუ მომავალში იმდენად გაძლიერდება ეს სექტორი, რომ შევძლოთ ძლიერი ღვინის კლასტერის ჩამოყალიბება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევდი მეტი ინფორმაციისა და განათლების მიღებას ამ სფეროში. ასევე ღვინის კლუბის ლექციებზე დასწრებას, სადაც ბევრ გამოცდილ და ღვინის სფეროში განათლებულ ადამიანს შეხვდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბაიას ღვინო

მისამართი: ბაღდათი, სოფელი მეორე ობჩა

ტელეფონი: +995 599682822

ელფოსტა: lana.abuladze@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: ბაიას ღვინო /Baia's Wine

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ატენის ხეობის მარნები

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

თუკი ჩვენი ქვეყანა რითამე მდიდარი და საინტერესოა, ესაა უპირატესად ვაზისა და ღვინის კულტურა და ამ სფეროების მრავალფეროვნება თუ თავისებურება. ეს მრავალფეროვნება ხშირად ბუნებისგანაა მოცემული, მაგრამ იყო შემთხვევა, როდესაც ბუნების მიერ მოცემულ ამ სიმდიდრეს ადამიანი ამა თუ იმ წესსა და ადათს მოარგებდა და მიასადაგებდა ხოლმე. ეს საგანი მეტად თვალსაჩინოდ მოსჩანს საქართველოს კუთხეების მარნების არქიტექტურულ სტილში და მათ ნიშან თვისებებში. მარნის სახეს ადამიანს ხშირად კლიმატი ჰკარნახობს. მაგალითად დასავლურ ზურგიან მარანს ღიობი იქითა აქვს საიდანაც ქარი არ უბერავს და შესაბამისად მარანში ნამქერის შეტანის რისკიც დაბალია, ხოლო ღია „ჭურისთავების“ გამართვა ნაკარნახევია ძლიერ ტენიანი პირობებიდან და სხვ. მარნების ერთგვარი სტილი ხშირად რეგიონის ერთ კონკრეტულ ადგილასაა გავრცელებული და უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ერთსა და იმავე რეგიონშიც კი მარნების სტილი საკმაოდ განსხვავებულია. აღსანიშნავია, რომ თუკი რომელიმე სამეურნეო ნაგებობის ადგილსა და განლაგებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მარნის შემთხვევა აბსოლუტურად განსხვავებულია. მის მშენებლობას არა მარტო არქიტექურული სტილის, არამედ განსაკუთრებული, თავისებური ადგილის შერჩევაც უნდა, რადგან მარანი ღვინოს ემსახურება, ხოლო ღვინის ბუნება კი სხვა დანარჩენი პროდუქტისაგან განსხვავებულია და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტ ყურადღებას ითხოვს.

ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს, თუ როგორაა ერთმანეთთან მისადაგებული ბუნება და მარანი – ატენის ხეობაში ვხვდებით. ეს ხეობა და აქაური ღვინო უხსოვარი დროიდანვეა განთქმული მთელს ქართლში. გარდა ამისა, იშვიათად თუ შევხვდებით იმგვარ მოვლენას, რომ მეღვინეობით განთქმული ერთი სოფლის მომიჯნავედ მდებარეობდეს არანაკლებ ხარისხიანი ღვინით განთქმული მეორე სოფელი. ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს ლალისფერი ღვინო „ხიდისთაურით“ ცნობილი სოფელი ხიდისთავი. ატენის ხეობაში, სადაც მევენახეობა იმთავითვე ტერასების სახითაა წარმოდგენილი, მარნების თავისებური სტილი ჩამოყალიბდა, რაც უპირატესად მარნის ინტერიერს ეხება. მაგალითად ატენური საწნახელი საქართველოს ყველა კუთხის საწნახლისაგან გამორჩეულია. აქაური საწნახლის წინა კედელში ჩამონტაჟებულია ჭაჭის წნეხი, საქაჯავი და როდესაც საწნახელში ყურძნის წურვა დასრულდება მწურავები ჭაჭას საწნახელში ჩამონტაჟებულ საქაჯავში ყრიან და წნეხავენ. ამ შემთხვევაში საწნახელი და საქაჯავი არის არა ორი, არამედ ერთი მთლიანი ნაწილი, რასაც მხოლოდ ატენის ხეობაში თუ შევხვდებით, ხოლო ძალზე იშვიათად კი ხეობის მახლობელ სოფლებშიც.

ატენი, თლილი ქვით ნაგებ საწნახელში ჩამონტაჟებული საქაჯავი

  ხეობა და განსაკუთრებით კი სოფელი ატენი საკმაოდ ცხელი ადგილია და რომ არა აქაური მარნებისა და ღვინის მოვლის თავისებურება, ღვინის შენახვა ნამდვილად გაჭირდებოდა. ეს პრობლემა დღეს ატენში საკმაოდ მძაფრად დგას, თუმცა კი მხოლოდ მათთან, ვინც ღვინოს ქვევრებში აღარ აყენებს... აქაური მარნებისთვის, რომლებიც უპირატესად  საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულებში ან სიღრმეშია გამართული, დამახასიათებელია საკმაოდ ვიწრო სარკმელები, ამასთან მინიმალური რაოდენობით. მათი ძირითადი დატვირთვაა ის, რომ მარანში არ შეაღწიოს თბილმა ჰაერმა. ამისათვის ზაფხულის ცხელ პერიოდში ეს სარკმელები იგმანება კიდეც. ამ ადგილას არაერთი მარნის ნახვაა შესაძლებელი, რომლებიც ნაგებია ადგილობრივი ქვიშაქვით, ხოლო მათ კედლებში დატანებულია ვიწრო სარკმელები. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი აქაური მარნებისა არის ღვინის მოვლასთან დაკავშირებული ერთგვარი დეტალი. საქმე ის გახლავთ, რომ ძლიერი სიცხეების დროს, რაც ხეობისთვისაა დამახასიათებელი, მეტად გამომშრალი ნიადაგი ქვევრიდან იწოვს გარკვეული რაოდენობის ღვინოს. მართალია, ეს არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ ასეთ დროს ქვევრში ღვინო დასაშვებზე მეტი რაოდენობით ნაკლულდება, რასაც მალევე მოსდევს ღვინის ხარისხის გაუარესება. აქაურმა მემარნემ ეს არასასურველი პროცესი ადრიდანვე შენიშნა, რაზეც მიუთითებს ატენისა და გარდატენის მარნების იატაკზე გამართული ერთგვარი სადრენაჟე მოწყობილობები. ამგვარი სადრენაჟეები ქვევრების ირგვლივ ვერტიკალურადაა ჩატანებული. სადრენაჟე ღრმული მიწაში იმ სიღრმეზეა ჩაშვებული, რა სიმაღლეც აქვს თავად ქვევრს. ძლიერი სიცხეების დროს სადრენაჟეებში ისხმება წყალი იმ მოტივით, რომ ზედმეტად გამომშრალმა ნიადაგმა ქვევრიდან ღვინო აღარ შეიწოვოს. ცხადია, საჭიროა წყლის ზომიერი რაოდენობა, რათა არ მოხდეს ქვევრის გარშემო ნიადაგის ზედმეტად დასველება, რაც უარყოფითად აისახება ქვევრზეც და ღვინის ხარისხზეც. ძველად ამგვარ ღრმულებს აკეთებდნენ, როგორც თიხის ნასვრეტიანი მილებით, ისე კრამიტებითაც, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი ძველ მარნებში. ბოლო პერიოდის მარნებში თიხის მილებისა და კრამიტის მაგივრად იყენებდნენ აზბესტის მილებსაც, რაც ყოვლად დაუშვებელია. იმისათვის, რომ სადრენაჟეში ჩასხმული წყალი ნიადაგში თანაბრად გადანაწილდეს მასში იყრება ქვიშა.

ქვევრების გარშემო გამართული სადრენაჟე

  ატენის ხეობაში ასევე გვხვდება დამოუკიდებლად მდგარი მარნებიც, სადაც ვიწრო სარკმელების, მართებულად შერჩეული სამარნე ადგილ-მდებარეობისა და თავად მარნის არქიტექტურული სტილის გამო ძლიერი სიცხეების დროსაც კი საკმაო სიგრილეა. დიდად სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდის მარნების მშენებლობისას ხშირად არ ხდება იმ დეტალების გათვალისწინება, რითიც ხელმძღვანელობდნენ ჩვენი წინაპრები. მოგეხსენებათ, მარანში ერთ გრადუსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის ხარისხისათვის. სწორედ ამ უკანასკნელი საგნის თვალსაჩინო მაგალითებს ვხვდებით ატენურ ძველ მარნებში, რომელთაგანაც ზოგიერთი არქიტექტურული სტილითა თუ ტექნოლოგიურად გამართულობის თვალსაზრისით ბრწყინვალე ნიმუშებია.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ღვინის წარმატება Japan Wine Challenge 2017-ზე

$
0
0

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ, აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში 20th Japan Wine Challenge 2017 ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს. კერძოდ, კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „საფერავი 2015“-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი.

2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის“ ხაზის „მაყაშვილის მარნის“ ღვინოებმა „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“. „ხიხვი 2016“-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.

ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის“ „GAU#5 WHITE ONE 2015“-მა და „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „ალექსანდროული 2015“-მა.

ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის“ სამი ღვინო: „BADAGONI BRUT 2015“, ”MAESTRO SAPERAVI 2015“ და „SAPERAVI RESERVE 2010“.

კონკურსში მონაწილოებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო. წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფესიონალი აფასებდა, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

იყალთოში ქვევრის ღვინის მე-4 სიმპოზიუმი გაიხსნა

$
0
0

დღეს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. ღონისძიება ორდღიანია და იგი ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით იმართება.

სიმპოზიუმი მისასალმებელი სიტყვით ალავერდის მიტროპოლიტმა აბბა დავითმა გახსნა.

„ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2011 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი იმათაა გამორჩეული, რომ მის ფარგლებში პირველად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე გააჩნეს სამომავლოდ საფუძველს, რომ ქვევრის სიმპოზიუმი  ჩატარდეს ევროპის მეღვინეობის ტრადიციის მქონე რომელიმე ქვეყანაში და დიდ საერთაშორისო კონკურსებზე გაჩნდეს „ქვევრის ღვინის კატეგორია“ - სწორედ ამით არის წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა მიტრიპოლიტმა.

შეკრების მონაწილეებს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი მიესალმა. მისი თქმით, სიმპოზიუმის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ტარდება გამოფენა სახელწოდებით „საქართველო ღვინის აკვანი“.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა, რომ საფრანგეთში ოთხი თვის მანძილზე გაიმართება გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი. ამაში დიდი წვლილი სწორედ გასულ წლებში ჩატარებულმა ქვევრის ღვინის სიმპოზიუმმა შეიტანა. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში უკვე დგას ქართული ქვევრი, სადაც მითითებულია რომ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია - ეს ქვევრი ცენტრში იქნება მუდმივად და ყველა დამთვალიერებელი, პირველად რასაც დაინახავს - ეს იქნება ქართული ქვევრი, რაც ძალიან დიდი მიღწევა და აღიარებაა“ - აღნიშნა თინა კეზელმა.

სიმპოზიუმის პირველი დღე 4 სამეცნიერო სესიას დაეთმო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: ქვევრის ღვინო და საქართველოს განახლებული კანონმდებლობა. 3 სექტემბერს სიმპოზიუმის ფარგლებში 5 სამეცნიერო სესია გაიმართება, ხოლო დასკვნით ნაწილში მოხდება ქვევრის ღვინის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და საზეიმო დაჯილდოება.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის   ეროვნული   სააგენტო,   ასოციაცია   ,,ქართული   ღვინო“    და   ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო  კონკურსის ჟიური წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით, მათ შორისაა ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი. 

ქვევრის ღვინის  მე-4  საერთაშორისო  სიმპოზიუმში  მონაწილეობას სხვადასხვა  ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებენ. მონაწილეებს საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ.

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013  წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის   (UNESCO) მიერ მოხდა  ქვევრში  ღვინის  დაყენების  ქართული  ტრადიციული  მეთოდის  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ვაზი, მისი მოშენება და მოვლა. მინერალური ნივთიერებანი...

$
0
0

ვასილ პეტრიაშვილი

სტატია გამოქვეყნდა: პეტრიაშვილი, ვ. ვაზი, მისი მოშენება და მოვლა. მინერალური ნივთიერებანი და მათი დამოკიდებულება მიწის შედგენილობაზე და ამის მიხედვით სავენახო ადგილის ამორჩევა. // მეურნე. – 1897. – N5. გვ. 2–4. სტატია იბეჭდება სრულად.

საზოგადოთ მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობა და მისი შედგენილება ბევრათ დამოკიდებულია ამ მიწის თვისებაზე და შედგენილებაზე, რომელშიაც ვაზია ჩარგული. – ამის დასამტკიცებლათ ბევრი გამოკვლევა არის მოხდენილი და ყოველი გამოკვლევიდან ცხადათა სჩანს მიწის ზედგავლენა ვაზის მინერალური ნივთიერების შედგენილებაზე: ამ საგანს პირველათ ყურადღება მიაპყრო გეიმარმა (Gueymard) და გამოიკვლია ტოტების და ხის მინერალური ნივთიერების შედგენილება სამი ვაზისა, რომლებიც სხვადასხვა გვარ მიწაში იყვნენ გაზდილნი: ერთი ვაზის !) ნაცარი შეადგენდა 1,84; მეორესი 2) – 2,47 და მესამესი 3) 2,41%.

 

1

2

3

წყალში გახსილი

კირი ნახშირის სიმჟავესთან შეერთებული

მაგნეზია

ფოსფორის სიმჟავე მარილები

კაჟის სიმჟავე

0,14 გრ. ანუ 7,65%

1,28 – 69, 72–

 

 

0,11 – 6,00 –

 

0,19 – 10,16 –

0,92 – 6,47 –

0,25 გრ. ანუ 10,34%

1,53 – 61,87 –

 

 

–              –

 

0,31 – 12,55 –

0,38 – 15,24 –

0,44 გრ. ანუ 18,26%

1,05 – 43,56 –

 

 

0,21 – 8,72 –

 

0,27 – 11,20 –

0,44 – 18,26 –

 

1,84 გრ. 100,00

2,47  100,00

2,14    100,00

 

ამას გარდა გამოკვლეული იყო ორი პირველი ვაზის ტოტების ნაცარი და მესამე ვაზის ფოთლებისა და აი შედეგი ამ გამოკვლევის:

 

 

1 (ტოტები)

2 (ტოტები)

3 (ფოთლები)

ნაცრის რაოდენობა:

1,81გრ.

2,52გრ.

7,50 გრ.

წყალში იხსნებოდა

1,03 ანუ 56,9%,

0,74 გრ. 29,24%

1,17 გრ. 15,58%

კირი ნახშირის სიმჟავესთან შეერთებული

0,30          14,57

1,04             41,04

4,83      64,41

 

მაგნეზია

0,07        28,44

0,11      4,60

 

ფოსფორის სიმჟავის მარილები

0,37   20,44

0,51    20,17

0,75     10,0

კაჟის სიმჟავე

0,04         2,21

0,12           4,95

0,75     10,0

 

1,81       100,00

2,52            100,00

7,50           100,00

 

ამ გამოკვლევიდანაც ცხადათ სჩანს ერთის მხრით ისა, რომ სხვადასხვა ადგილის ვაზში სხვადასხვა რაოდენობით ნაცრისა და მეორეს მხრით ისიც, რომ ვაზის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა მარილებს სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს: ტოტებში უფრო ბევრია კალიქვის მარილები და ფოსფორის სიმჟავისა, ვინემ ფოთლებში და ამ უკანასკნელში კირი და კაჟის სიმკვრივე გადამეტებულნი არიან; ფოთლებში ფოსფორის სიმჟავე ორჯერ ნაკლებია და კირი კი თითქმის 16 ჯერ არის გადამეტებული, ვაზის ნაცრის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა მოახდინა რუშაურმა (Hruschauer) შტირიაში; გამოკვლევის საგნათ აიღო ერთი და იმავე ჯიშის ვაზი, რომელიც სამ სხვადასხვა გვარ მიწაში იყო ჩარგული: 1) ერთი მიწა ქვიშიანი იყო; 2) მეორე მიწა კირიანი და 3) მესამე მიკა-მისტი, ფხვიერი ფიქალიანი. თუმცა სამივე ადგილის ნაცარში ერთგვარი მინერალური ნივთიერებანი აღმოჩნდნენ, მაგრამ მათი ურთიერთი რაოდენობა კი ძალიან განირჩეოდნენ; აი ამ ნაცრების შედგენილობა:

 

1

2

3

კალიქვა

24,13%

24,93%

26,41%

ნატრი

7,59

7,00

8,57

კირი

30,28

35,94

31,71

მაგნეზია

4,66

7,12

9,16

რკინის ჟანგი

0,16

024

0,19

ფოსფორის სიმჟავე

16,35

19,55

16,87

კაჟის სიმჟავე

1,45

0,62

2,48

ქლორი

0,83

0,58

0,41

 

100,00

100,00

100,00

 

აგრეთვე ღირსია ლევისგან მოხდენილი ანალიზი ორი ერთისა და იმავე ჯიშის ვაზისა, რომელთაგანაც ერთი ლიმფრაუენის მიწაში იყო დარგული და მეორე – ვეინსგეიმერში:

 

1

2

კალის ქვა

17,55%

25,31%

ნატრი

26,76

2,4

კირი

28,90

38,82

მაგნეზია

9,17

7,48

რკინის ჟანგი

0,39

ფოსფორის სიმჟავის რკინა

9,13

3,62

ფოსფორის სიმჟავე

16,81

გოგირდის სიმჟავე

3,44

4,94

ქლორი

3,05

0,87

კაჟი

1,61

 

ამ გვარი სხვადასხვაობა ნაცრის რაოდენობისა სრულიათ დამოკიდებული არ არის ვაზის ჯიშზე, რაც დამტკიცებულია მრავალი გამოცდილებით, რომელთაგანაც აქ მოვიყვან როტონდის და რავიცცას გამოკვლევას იტალიაში:

ვაზის ჯიში

რატონდის გამოკვლევა’
ნაცრის რაოდენობა

რაკიცას გამოკვლევა’
ნაცრის რაოდენობა.

Barbera – ტკბილში

                 ტოტებში

                  ფოთლებში

4,94 გრ.

3,98 –

10,74

3,86 გრ.

2,13 –

8,73 –

Grinolino – ტკბილში

                 ტოტებში

                  ფოთლებში

3,86 გრ.

3,40 –

11,94

3,76 გრ.

2,06 –

8,96 –

Pino – ტკბილში

                 ტოტებში

                  ფოთლებში

4,33 გრ.

3,86 –

10,67

Fries  – 3,70

              2,05

              8,69

აქედან ცხადია, რომ სხვადასხვა ჯიში თითქმის ერთი რაოდენობის მინერალურ ნივთიერებას შეიცავენ; მაშასადამე თუ ხანდისხან ამ ნივთიერებათა სხვადასხვაობა სჩანს, მაშინ ეს ვაზის ჯიშზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მრავალი გამოკვლევით არის დამტკიცებული, რომ მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობა ვაზში და მათი ურთიერთი მეტ-ნაკლებობა სრულიათ დამოკიდებულია იმ მიწის შედგენილებაზე, რომელშიაც ვაზია აზრდილი. თუ მიწა რომელსამე ელემენტს გადამეტებულათ შეიცავს და სხვას რომელსამე კი ან სრულიათ მოკლებულია და ან ძალიან ცოტას შეიცავს, მაშინ ამ უკანასკნელის ნაკლი შეივსება გადამეტებული ელემენტით.

 

ქიმიურ მოვლენათა შორის ერთი ელემენტის მეორეთი შეცვლა ანუ, როგორც ქიმიკოსები ამბობენ, სუბსტიტუცია დიდათ გავრცელებული არის; ეს მოვლენა ექვემდებარება ერთს საზოგადო კანონს რომელსაც ქიმიაში ეკვივალენტობას ეძახიან *).

როგორც წინა გამოკვლევებიდან ვნახეთ, ვაზისათვის ჩვეულებრივ უფრო საჭიროა კალიქვა და თუ ეს სხეული იმ მიწაში, რომელშიაც ვაზია  ჩარგული, ან სრულიათ არ არის და ან ძალიან ცოტაა, მაშინ ვაზი იძულებული იქნება ამ კალიქვის მაგივრათ შეითვისოს კირი და მაგნეზია, ან ნატრი, ნაკლი კალიქვის ეკვივალენტი.

როგორც ვიცით ორგანული სიმჟავების მარილებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ვაზის ცხოვრებაში, მისი მოსავლის დავითარებაში და ღირსებაში; ავიღოთ მაგ. ღვინის მარილი, კრემოტარტარი, რომელიც როგორც ვიცით, კარგა ბლომათ არის ყურძნის წვენში და ღვინოში. თუ ეს სიმჟავე ერთის მხრით არ დამწვარიყო სუნთქვის ზემოქმედებით და მეორეს მხრით არ დანელებულიყო მიწიდან ამოსული კალიქვით, მაშინ ყურძენი მჟავე დარჩებოდა და არც საჭმელათ და არც ღვინის დასაყენებლათ სრულიათ გამოსადეგი არ იქნებოდა. მაშ საჭიროა რომ ვაზმა იპოვოს იმ მიწაში, რომელშიაც ჩარგულია, საკმარისი კალიქვა სიმჟავეთა დასანელებლათ. თუ კალიქვა მართლა საკმარისია, მაშინ ყურძნის სიმჟავე ამით იქნება დანელებული და თუ ამ მიწას კალიქვა აკლია, მაშინ ვაზი იძულებული იქნება მიწიდან ამოიღოს სხვა რომელიმე ტუტე ამავე სიმჟავის დასანელებლათ; მაშასადამე ამ გარემოებაში კალიქვის ადგილს სხვა რომელიმე ელემენტი დაიჭერს, ან ნატრი ან კირი, ან მაგნეზია, ან რკინა და თიხა, ერთი სიტყვით ის ტუტი ანუ ჟანგი, რომელიც მიწაში მოიპოვება ვაზის ფესვების ახლო. შესაძლებელია, რომ კალიქვის ნაკლის ამ გვარი შევსება სრულიათ მავნებელი არ იყოს ვაზისათვის, მაგრამ ის კი ცხადი და ნამდვილია, რომ ეს გარემოება უგავლენოთ არ დარჩება მოსვლის ბუნებისა და ღირსებისათვის.

____________

*) ამის გასაგებათ რამე მაგალითი ავიღოთ, მაგ. გაჯი (გოგირდის სიმჟავის და კირის მარილი) ამ სხეულის შედგენილებიდან სჩანს, რომ 80 გრამ გოგირდის სიმჟავესთან შეერთებულია 56 გრამ. კირი (SO3CaO);  თუ კირის მარილის მგივრათ ავიღებთ იმავე სიმჟავის კალიქვის მარილს, მაშინ ჩვენ ვნახავთ, რომ იმავე 89 გრ. გოგირდის სიმჟავესთან შეერთებული არის 94 გრ. კალიქვა (SO3K2O); აქედან ცხადია, რომ ერთი და იმავე რაოდენობის გოგირდის სიმჟავის დასანელებლათ საჭიროა ან 56 გრ. კირი და ან 94 გრ. კალიქვა; მაშ ესენი ერთმანეთის ბადალნი იქნებიან ეკვივალენტები და ყოველ იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა კალიქვის კირით შეცვლა, მაშინ 94 კალიქვის მაგივრათ 56 გრამი კირი უნდა ავიღოთ; თუ კარგათ დავაკვირდებით ამ მინერალურ ნივთიერებათა შედგენილებას, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს ორივე ჟანგი კირისა და კალისა (CaOK2O) ერთსა და იმავე ჟანგბადის რაოდენობას შეიცავენ, ე.ი. 16 გრამს; ეს მოვლენაც ცხადათ გვიჩვენებს მათ ეკვივალენტობას, რადგანაც ამავე 16 გრამ ჟანგბადთან შეერთებულია 40 გრ. კირი და 78 გრამი კალა.

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის შედეგები

$
0
0

ოქრო მედალოსანი ქვევრის ღვინოები

 

ქარვისფერი მშრალი

გიუაანი, ქვევრის მწვანე, 2014

ბინეხი, მწვანე ქვევრის, 2015

თელიანი ველი, გლეხური, რქაწითელი, 2015

კასრელი, ჩიტისთვალა, 2016

კონჭო&კო, მცვივანი კახური, 2016

კონჭო&კო ქისი ქვევრი, 2014

დურუჯი ველი, რქაწითელი ქვევრი, 2013

მანაველი მწვანე პრემიუმ ქვევრი, 2015

მეღვინეობა ხარება, მონასტრის ქვევრის ღვინო მწვანე, 2015

ჭოტიაშვილის ვენახები, რჩეული ქვევრი, მწვანე, 2015

ჭოტიაშვილის ვენახები, რჩეული ქვევრი, ხიხვი, 2014

მეღვინეობა ჩელთი, ჩელთი ქვევრის, 2016

ვიტა ვინეა, ქისი, 2014

დაქიშვილის ოჯახის ვენახები, Dakishvili Family Selection Amber Dry, 2015

ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო, წარაფი, 2014

ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო, წარაფი, ქვევრი

დოდო, 2015

 

წითელი მშრალი

ბინეხი, საფერავი ქვევრის, 2015

ბეროზას ღვინო, საფერავი, 2015

მაყაშვილების მარანი, კაბერნე, 2016

დურუჯი ველი, საფერავი, 2013

საგვარეულო მარანი, საფერავი, 2016

დაქიშვილის ოჯახის ვენახები, Dakishvili Family Selection Red Dry, 2015

 

სრულად, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნების სია იხ. აქ.

 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ბიზნესის დრო - ქართული ღვინის შანსები იტალიურ ბაზარზე

ბიზნესის დრო - ქართული ღვინის შანსები იაპონიის ბაზარზე


Отчет о деятельности Тифлисского губернского комитета виноградарства и виноделия за 1913 год

$
0
0

გადმოწერეთ 

Отчет о деятельности Тифлисского губернского комитета виноградарства и виноделия за 1913 год, Тбилиси: Типография Тифлисской Губернской N2 тюрмы, 1914.

ბიზნესის დრო - ქართული ღვინის შანსები ბრიტანულ ბაზარზე

ბიზნესის დრო - ქართული ღვინის შანსები ესპანურ ბაზარზე

ქვევრის ღვინის მეოთხე სიმპოზიუმი – ვიდეო

აგვისტოს ხუთი საუკეთესო ღვინო – 2017

$
0
0

ჩვენი მეღვინეობის ნაკლი და მომავალი

$
0
0

სტატია გამოქვეყნდა: ნ.ნიკოლაძე. ჩვენი მეღვინეობის ნაკლი და მომავალი // სახალხო კალენდარი –  1921 წ; გვ. 107

ღვინო ძვირფას საქონლათ მიტომ გახდა, რომ მისი მომცემი ვაზი მარტო იშვიათ ადგილზე ხარობს, ყურძნის ჭამა კი და ღვინის სმა მთელ დედა–მიწის პირზეა გავრცელებული. საქართველო იმ ბედნიერ მხარეების რიცხვშია, რომელთ ბუნება ვენახის ზრდას და ნაყოფიერებას ხელს უწყობს. აქ ვაზის შენება ნოეს აქეთ–და ალბათ ნოემდინაც – ხალხის ხელობათაა ნაქცევი. ათასი მოდგმის მეოხებამ გააჩინა ჩვენში ვაზის წარჩინებული ჯიშები და საგანგებო ღირსების ღვინოები შეჰქმნა, რომელთა ქება და სახელი ყოველგან მოფენილია. მაგრამ, თუმც იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც ვაზი ხარობს, საქართველოს საუკეთესო მდებარეობა და ბუნება რგებია, თუმც ქართველებს მევენახეობა სხვებზე უფრო ადრე დაუწყვიათ , და წინაპრული  გამოცდილება სხვებზე მეტი მიუძღვისთ, ჩვენი  მეღვინეობა, ყველა სხვა ხალხისას ჩამორჩა. ასე გასინჯეთ იმისთანაებისასაც, ვისაც ჰავა, ნიადაგი და ერის წარსული სრულიადაც არ შეფეროდა ამ ხელობას. მთელ საქართველოში ომის წინ ორმოცი ათასი დესიატინა ვენახი ძლივს მოიძეოდა. სამხრეთ რუსეთში კი სადაც ზამთრობით მიწა ერთი ადლის სიღრმეზე იყინება და ზაფხულში ვაზს არავითარი  მთის ქედი არ იცავს მყინვარე ოკეანის სუსხიდან, ნიავ დროს მშვენიერათ მუშავდებოდა 89,979 დეს. ვენახი! პაწია ბოლგირიასაც ჩვენზე მეტი ვენახი გააჩნდა, სახელდობრ 54, 928 დესიატინა, რუმინიას – 78, 589 დეს. და უნგრეთს – 320, 355. ყველა ამ ქვეყნებში – როგორც რუსეთში – ვენახის შენება და ღვინის ყენება ბევრად უფრო ძნელი და სახიფათოა, ვინემ ჩვენში, მარტო მით კი არა, რომ ჩვენ დაცული  ვართ ჩრდილოეთის ქარიშხალიდამ: ჩვენში მზე უფრო მხურვალეა, ვაზს უფრო მეტი მზიანი დღე ერგება წელიწადში და სხვ. ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ ღვინოს ღირსებასა და სიმაგრეს უმატებს. მიუხედავათ ყველა ამ უპირატესობისა, სხვა ქვეყნებში, საცა ვენახი ნაძალადევია, მაშინ როცა ჩვენში ვაზი ველურათაც იზრდება, ვენახების რიცხვი, სივრცე და მოსავალი სწრაფათ მატულობს, ისე, რომ სულ მოკლე ხანში მათი რაოდენობა ზოგან ერთი ორად იქცა, ზოგან ქეც გასამკეცდა, ჩვენში კი მათ ზრდა რა ხანია აღარ ეტყობა.

ამ სამწუხარო განსხვავების მიზეზი განსაკუთრებით ისაა, რომ უცხოეთში ღვინო უფრო ადვილათ იგზავნება და საღდება, ვინემ ჩვენში. იქ ღვინის ყენება, მოვლა, შენახვა და ყიდვა ამ საუკუნეში შესამჩნევად გაუმჯობესდა. ღვინო გახდა უცვლელ საქონლათ, რომლის გადაზიდ–გადმოზიდვა უნაკლულოდ სწარმოებს ზამთარ–ზაფხულში, როგორც გრილ, ისე ცხელ ამინდში და რომელიც წლობით ინახება ყოველგვარ გარემოებაში. ამ სიმტკიცეს და თვისებას ღვინო იძენს მარტო მით, რომ მას, გამოწურვის შემდეგ არა ნაკლებ სამი წლის განმავლობისა, ინახავენ ისეთ სარდაფში, სადაც ნიადაგ უცვლელი ტემპერატურა დგას დღე და ღამ, ზამთარ ზაფხულს, არა უმეტეს თორმეტის და არა ნაკლებ ათი გრადუსის სითბოსი. ამგვარ სარდაფში ღვინოს სუფთად ინახავენ დიდრონ ჭურჭლებში (რეზერვუარებში, ან ბოჩკებში), თავის დროზე ერთიდან მეორეში გადასხმით თხლეს გამოსაცვლელათ. უშველებელი ჭურჭელი ანიჭებს ღვინოს ტიპიურ ერთფეროვნებას და ერთგემოვნებას, რომელიც მუდმივ მყიდველს უმრავლებს და გასავალს უფართოებს. რაგინდ დიდი იყოს ჩვენებური ჭური, ის ამნაირი რეზერვუარის და სარდაფის მაგივრობას ვერ იქმს, რადგან ჭური მიწაში უნდა იქნეს ჩაფლული და ტემპერატურა სხვანაირია. განსხვავება სითბოისა ყელსა და ძირს შუა მით უმეტესია, რაც დიდია ჭური; მცირეოდენ განსხვავებასაც ტემპერეტურისას ის შედეგი მოსდევს, რომ ღვინო ჭურში ნიადაგ მოძრაობს, ტრიალობს, ადის და ჩადის, რაც მის მწიფებას ხელს უშლის და ხან კიდეც ჭანგვას აჩქარებს.

ისეთი სარდაფის კეთება, რომელშიაც ტემპერატურა მუდამ ერთი და იგივეა, აუარებელ ხარჯს თხოულობს და ისე ძვირათ ჯდება, რომ მარტო ძლიერ შემძლე მევენახეს, დიდძალი ღვინის პატრონს ხელს–აძლევს მისი შეძენა და პატრონობა. სამი წლის ვადით დიდ–ძალი ღვინის გაუსაღებლათ შენახვა მარტო მილიონერს შეუძლია, და არა საშვალ, მით ნაკლებ წვრილფეხ მევენახეს. თანამედროვე ევროპიული სარდაფი იმოდენა ფული ჯდება, არა თუ აშენების და მოწყობის დროს, თვით ყოველწლიურათაც, მის შესანახავათ და მოსავლელათ, რომ თუ შიგ ასი–ათას ვედროებით არ ინახება ღვინო, მისი პატრონი ზარალის მეტს ვერას ნახავს. იმხელა ქონება ჩვენში აბა ვისა აქვს, რომ სამასი ათასიოდ ვედრო ღვინო სამი წლით ინახოს ძვირფას სარდაფში, მამა–სისხლის ფასად? ამ დროინდელ ევროპიულ ღვინოს და სარდაფს შეეფერება მარტო დიდი მევენახეობა, რომელიც მარტო დიდ მიწათმფლობელობას მისდევს და კაპიტალისტურ მრეწველობას შეადგენს.

ჩვენს საქართველოში, სადაც არც ვრცელი მიწათმფლობელობა არსებობს, არც მსხვილი მევენახეობა, არც დიდი კაპიტალი მოიძიება, სრულიად უიმედოთ ჩაითვლება მეღვინეობის ევროპიულ დონემდე აწევა. საუფლისწულო მამულმა მოახერხა ეს ცდა, რადგანაც მას ამისთვის საკმაო ვენახებიც გააჩნდა და თანხის შოვნაც შეეძლო, ყველამ იცის, რამხელა გასავალი მოემატა ამით საუფლისწულო ღვინოებს და რამოდენათ სახეირო გამოდგა ეს დასაწყისი, მისი მიბაძვა ჯერ ჩვენში არავის უცდია, გარდა ორიოდე პაროდიისა, რომელნიც მხედველობაში მისაღებიც არ არიან. მაგრამ შეცდომა იქნება ვიფიქროთ, თითქო მარტო მეფეებს და მილიონერებს შეეძლოთ  მეღვინეობის წესიერათ მოწყობა, ნუ დავივიწყებთ, რომ ერი მეფეებზე და კაპიტალზე ბევრათ უფრო ძლიერია, როცა მას ერთობა და თაოსნობა აბადია. რაც უწინ მარტო ლაფიტების და როტშილდების მონოპოლიას შეადგენდა, დღეს ევროპაში – და თვით აფრიკაშიც – საექციო [სააქციო] საზოგადოების და კოოპერატივის ხელობათ გადაიქცა. სრულიად ადვილათ შეიძლება ჩვენს წვრილ მიწად–მფლობელობის ქვეყანაში, გლეხურ მევენახეობასაც მივცეთ ხელში ის ნაცადი იარაღი, რომელმაც გამარჯვება და ბედნიერება მიანიჭა ევროპიულ მეღვინეობას –სარდაფი, ღვინის შემნახავი მევენახის უზარალოთ და სასარგებლოთ. ამისთვის საკმაოა ისეთი საზოგადოება ან კოოპერატივი დავაარსოთ, რომელიც საშუალებას შეკრებს აიშენოს და მორთოს ამ დროინდელი სარდაფი ისეთ მოდიდო ქალაქში, სადაც შესაძლოა კლდეში გვირაბის შეყვანა. იქ ხარჯი ბევრათ ნაკლები იქნება, რადგანაც მონატეხი ქვა შენობებისთვის გასაღდება. თუ სარდაფი რიგიანათ გაკეთდა და მომარაგდა, სარდაფის პატრონი ადვილათ იშოვის ბანკს, რომელიც თანხას ანდობს და სესხს გასცემს სარდაფში შეტანილ ღვინოზე, იმოდენს, რაც ტკბილი ან მაჭარი ღირს დაყენების დროს იმ მაზრაში. მევენახე თითქო ყიდდეს თავის ტკბილს, ან ყურძენს, ბაზრის ფასებში. სარდაფის პატრონი ღვინოს უვლის სამი წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნიკის და მეცნიერებისამებრ, თავის ხარჯს და ამაგს ღვინოსათვის, აგრეთვე, როგორც მასზე გაცემულ სესხის სარგებელს. სამი წლის შემდეგ სარდაფიდამ გამოდის ტკბილი კი არა, არამედ დამწიფებული ღვინო, რომლის ღირებულება სამჯერ–ოთხჯერ მაინც აღემატება გაცემულ სესხს. სარდაფის პატრონი, ამხანაგობა, ან მისი მოზიარე ბანკი, ან სხვა რომელიმე სავაჭრო თუ სატრანსპორტო საზოგადოება, ასაღებს ამ მშვენიერ ძველ ღვინოს ისეთ ქვეყნებში სადაც მისი ფასი იციან. ეს ფასი ყველას ისტუმრებს: ვაჭარს, ტრანსპორტს, მომვლელს,მსესხებელს და მევენახესაც, რომელსაც შესაფერი წილი მოგებისა ეძლევა ზედმეტად უკვე წინეთ მიღებული სესხისა. ღვინის ღირებულების მომატება, შედეგი მეცნიერულად ღვინის შენახვისა, სარგებლობას აძლევს ამნაირათ მთელ რიგს წარმოებისას , მრეწველობის რამდენიმე დარგს, ესე იგი ამდიდრებს და აძლიერებს მთელ მხარეს.

მარტო სარდაფში შენახულ ღვინოს შეუძლია აიტანოს შორი მგზავრობა. ჩვენებური ისე არსად გაიგზავნება, თუ სპირტით არ მოვნათლეთ. სპირტ–ნარევი ღვინო მარტო ჩვენშივე და რუსეთში საღდებოდა. ომის შემდეგ რუსეთი დიდ ბაზარს მისთვის ვეღარ წარმოადგენს: იმ ჯურის ხალხი, ვისაც იქ ესმოდა „ყურძნის წვენის გემოვნება“, ან გაწყდა , ან გაღატაკდა, დაგვრჩა შინაურობის გარდა, მარტო ევროპის ბაზარი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც თვითონ ღვინო არ მოჰყავთ, სახელდობრ გერმანია, დანია, შვეცია, ნორვეგია, ამერიკა და სხ. იქ ომამდის და ომის განმავლობაში მეტათ გავრცელებული იყო ფრანგულ ღვინოების ხმარება. აი ჩვენი მეღვინეობის ასპარეზი მომავლისათვის. აქ კი მარტო ისეთი ღვინო გავა, რომელიც სარდაფში ევროპიულათ დაყენებული იქნება. ეს მეტად დიდი და უხვი ბაზარია.

დღეს ჩვენი მევენახე – წვრილი იყოს, გინდ მსხვილი – ვალდებულია იმეცადინოს სხვა და სხვა დარგში: ვენახსაც უნდა უვლიდეს, ღვინოსაც უნდა აყენებდეს და პატრონობდეს, მაჭრობასაც უნდა აწარმოებდეს, ყველაფერს უფულოდ, უცოდნოთ, მამაპაპურად, შემთხვევისა დაგვარად.

ევროპიული მეღვინეობა და ამხანაგური სარდაფი მას ანთავისუფლებს ყოველი გასაჭირიდამ და სტოვებს მარტო მევენახეთ, რაც მის ძალ–ღონეს, გამოცდილებას, მოდგმას და ჩვეულებას შეეფერება. როგორც მევენახეს, ჩვენს კაცს ტოლი არა ყავს! მას ჩინებული, შეუდარებელი ყურძენი მოჰყავს. ჩამოაცილეთ მას ყველა სხვა დარდი, რომლის მოგერიების იარაღი მას აკლია, მოაწყვეთ რიგიანი ყურძნის ტეხა და წნეხვა, ღვინის ყენება და მოვლა. მისი ზიდავა და ყიდვა, და ნახავთ რომ ამნაირი შრომის განაწილება – წყარო ყოველი წარმოებისა – ისეთივე ფრთებს შეასხამს ჩვენს მევენახეობას როგორიც დღეს იტალიელ, ფრანგულ და ესპანურ მეღვინეობას ამშვენებენ. აი, მაშინ დაიწყებს ჩვენშიაც ზრდას ვენახების რაოდენობა და სივრცე, ამიტომ რომ მევენახეს ბედი გაადვილდება და გაუმჯობესდება და ვაზის მოვლა ჩვენში უფრო მომცემი და მომგები გახდება, ვინემ ყოველი სხვა დარგი მიწათმოქმედებისა და მრეწველობისა. ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა.

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

ბიზნესის დრო - ღვინის ექსპორტის დინამიკა


ქართული ღვინის ფესტივალი სინგაპურსა და ჩინეთში

„ქართული ღვინის ფესტივალი 2017“ აზიაში

$
0
0

აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში „ქართული ღვინის ფესტივალი 2017“ სინგაპურში, შანხაისა და ჰონგ-კონგში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი გახლდათ. მან სინგაპურში გამართულ დეგუსტაციაზე 10 ქართული ღვინო მათთან შეხამებულ 5 ადგილობრივ კერძთან ერთად წარადგინა, ხოლო შანხაისა და ჰონგ-კონგში ქართული ღვინის დეგუსტაცია და სემინარი ჩაატარა.

„ქართული ღვინის ფესტივალს“ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დებრა მეიბურგმა აღნიშნა, რომ აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით სინგაპურში, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-წარდგენა მსგავსი ფორმით პირველად მოეწყო, ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სინგაპურელი იმპორტიორების უმრავლესობა უკვე დაინტერესდა ქართული ღვინით. შანხაის ბაზარზე ქართულ ღვინოს დიდი წარმატება აქვს ამ რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად. აშკარაა, რომ ღვინის მიწოდება შეესაბამება ბაზარს, მეიბურგის აზრით, ქართული ღვინოების, მაგალითად საფერავის ცოცხალი გემო, ალკოჰოლი, ღვინის წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია, შესანიშნავად შეესაბამება ამ ბაზარს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში გამართულმა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარებმა ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "დებრა მეიბურგის ორგანიზებით, ქართული ღვინის კომპანიებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისთვის მოეწყო გაცნობითი ვიზიტები ღვინის ბარებსა და მაღაზიებში. ამით, ქართული მხარისთვის ხელმისაწვდომი გახდა ადგილობრივი გაყიდვების ტენდენციები და ბაზრის მოთხოვნილებები, რაც საშუალებას იძლევა დაისახოს სწორი სტრატეგიული გეგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე ქართული ღვინის რეალიზაციისთვის“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

2017 წლის რთველი კახეთში

$
0
0

წელსაც, ტრადიციულად, კახეთში რთველი ადრე დაიწყო, აგვისტოში. 11 სექტემბრისთვის კი უკვე კახეთის ყველა რაიონში იკრიფება ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. 11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 18 მლნ-მდე ლარი მიიღეს. ღვინის ექსპორტის ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და გაიზარდოს მევენახეების შემოსავალი, რაც გამოჩნდა კიდეც 2017 წლის რთველის პროცესში“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 67.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 7,1  ათასი ტონა, სიღნაღი - 4,2 ათასი ტონა, თელავი - 2,7 ათასი ტონა, გურჯაანი - 1,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,7 ათასი ტონა, ახმეტა -  628 ტონა, ლაგოდეხი -  300 ტონა და საგარეჯო -  193 ტონა.

მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 7 ათასი ტონა რქაწითელია, 9,3 ათასი ტონა საფერავი, 828 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობისა (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე მოთხოვნილების ზრდის  გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია თავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  georgianwine.gov.ge და rtveli2017.gov.ge.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართული ღვინის ჩინური პერსპექტივა

რთველი და ღვინის ექსპორტი

Viewing all 2724 articles
Browse latest View live