კახეთში ყურძნის ფასი ცნობილია - რა პრეტენზიები აქვთ მევენახეებს?
ყველაზე პოპულარული ადგილწარმოშობის ღვინოები 2015 – Georgian Wine Infographics (72)
როგორ დავაყენოთ თეთრი კლასიკური (ევროპული) ღვინო
ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია საქართველოში
შესაძლოა სიტყვა „გლობალური“ ზოგისთვის ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ შეგახსენებთ, ამ კონფერენციის ორგანიზატორი, რომელიც 7–9 სექტემბერს საქართველოში გაიმართება, UNWTO–ოა, „გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია“ (United Nations World Tourism Organization). სწორედ ამის გამო, ღონისძიების „გლობალურობა“ გარდაუვალი იყო და სასიამოვნოა, რომ ეს მასშტაბი ისეთ ლოკალურ, კონკრეტულ კულტურულ სივრცეში მოექცა, როგორიც საქართველოა, უფრო ზუსტად კი კახეთი. ტურიზმიც ხომ ესაა, გლობალურის და ლოკალურის შეხვედრა, ნაყოფიერი შეხვედრა.
ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა, კონფერენციის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება კი ლონდონის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე მიიღეს გასულ წელს. ამით, შეიძლება ითქვას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გააგრძელა 2013 წლის უმნიშვნელოვანესი აღიარება, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს ეხებოდა. მაშინ იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა ქვევრის მეთოდს, 3 წლის შემდეგ კი გაერთიანებული ერების კიდევ ერთი ორგანიზაციის, UNWTO–ს ინიციატივით, ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია იმართება საქართველოში. ოფიციალურ ბანერზე კახეთის რეგიონია დასახელებული მასპინძელ მხარედ, თუმცა ქართლიც (დედაქალაქიანად) საკმაოდ დატვირთულია საკონფერენციო პროგრამით.
7 სექტემბერს კონფერენცია მუშაობას თბილისში დაიწყებს, საღამოს 20:00–ზე კი საინაუგურაციო ცერემონია გაიმართება, რომელსაც მუსიკოსი გიორგი ბაღაშვილი გაუძღვება. ცერემონიის მთავარი გზავნილი ასეთი იქნება – "საქართველო, ყველაფერის დასაწყისი: ისტორიული მოგზაურობა ღვინის თანხლებით". ბოლოს, რა თქმა უნდა, ტრადიციული ქართული ნადიმიც გაიმართება.
8 სექტემბერს კონფერენციის მუშაობა კახეთში გაგრძელდება – ძირითადი სესია მეღვინეობა ხარებაში ჩატარდება („ღვინის ტურიზმის საუკეთესო გამოცდილებები“), თუმცა სტუმრები ალავერდის მონასტრის მარანსა და სხვადასხვა ღვინის კომპანიასაც ეწვევიან.
9 სექტემბერს მუშაობა „შატო მუხრანში“ გაგრძელდება, სადაც მე–2 სესია გაიმართება სამუშაო სახელით „პროდუქტის განვითარება ღვინის ტურიზმში“. მესამე სესიაც იმავე დღეს გაიმართება და იგი ღვინის ტურიზმის გამოწვევებს შეეხება.
სტუმრები შაბათ–კვირასაც (10–11 სექტემბერი) დარჩებიან საქართველოში.
კონფერენციის სრული პროგრამა იხ. აქ.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
მერაბ მირცხულავა, ალაფიანის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (8)
– როდისგადაწყვიტეთმარნისდაარსებადარაიყოამისმიზეზი?
- ღვინის დაყენება დავიწყე 1993 წლიდან. 1997 წელს კი გურჯაანის რ-ნის სოფ. ვაზისუბანში განვაახლეთ მეგობრის ძველი მარანი და აქედან მოყოლებული ვაყენებდით ქვევრის ღვინოს. ნაცნობ-მეგობრები ხშირად მირჩევდნენ საკუთარი მარნისა და მცირე საწარმოს დაარსებას. 2010 წელს კახეთსა და ქართლში მეგობრებმა შევიძინეთ პატარა ვენახები, მიმართულებად დავისახეთ ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა და ამ ფაქტორებმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ 2011 წელს დაგვეარსებინა მარანი. სწორედ ამ წლის საკუთარი მოსავალი დაბინავდა ჩვენს ქვევრებში პირველად. 2011 წელს კი შევქმენით შ.პ.ს. "ალაფიანი" ("ალაფიანი" ადგილია სოფ. ვაზისუბანში, ადგილწარმოშობის ორი განთქმული ზონის, "ვაზისუბნისა"
და "მუკუზნის" კვეთაში).
– ვაზისრომელიჯიშებიგაქვთგაშენებულიდაკიდევრომელჯიშებზეაპირებთყურადღებისგამახვილებას?
- ალაფიანის ვენახში გაშენებული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ასევე რამდენიმე ძირი ვარდისფერი რქაწითელი, რომლის 150-მდე ნერგი დავამატეთ 2015 წელს. სასინჯად გამეჩხერებული ვენახი შევავსეთ რამდენიმე ათეული ნერგი ხიხვით. ნამყენი ნერგები ჯიღაურადან წამოვიღეთ. 80%-მდე ახალნერგმა იხარა.
კასპის რ-ნის სოფ. ოკამში გაშენებულია თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური და მცირე რაოდენობით გორული მწვანე. სამწუხაროდ ვენახების არსებული ფართობი ახალშენების საშუალებას არ გვაძლევს, სხვა შემთხვევაში კი კახეთში აუცილებლად მოვსინჯავდით მცვივან კახურს, ვაზისუბნის თეთრს, ქისს და ხიხვს, წითლებიდან ჟღიას, წითელ ბუდეშურს, ვაზისუბნის წითელს. ქართლში კი თეთრ ბუდეშურს, მუხამწვანეს, წითლებიდან – დანახარულს. ესენი მეტად საინტერესო ჯიშებად მიმაჩნია. ამ და სხვა მრავალი უძველესი ენდემური, უნიკალური საღვინე ჯიშის მოშენებაზე ქართველმა მევენახეებმა ხელი აიღეს ბოლო ასწლეულში, რადგან ვაზის დაავადებების წინააღმდეგ მათ დაბალი მედეგობა გააჩნდათ და ასევე მოსავალსაც შედარებით ნაკლებს იძლეოდნენ.
– რაღვინოებსაწარმოებთდარითააგამორჩეულითქვენიღვინო?
- ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრში დაყენებულ და კლასიკურ რქაწითელს, საფერავს, კაბერნე სოვინიონს (კახეთიდან) და ქვევრის თავკვერს, შავკაპიტოს, ჩინურს და მათ სხვადასხვა ვარიაციებს (ვარდისფერი და სხვ.) ჩვენი ღვინო გამოირჩევა სწორედ ორგანული ღვინოებისთვის დამახასიათებელი ტიპურობით. მოგეხსენებათ ღვინო ვენახით იწყება, ჩვენს ვენახებში კი 2010 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ბიო სასუქი შეგვაქვს (ნაკელი, ორგანიკა). არ ვიყენებთ ჰერბიციდებს (ბალახი ითიბება და ვენახშივე რჩება), ვენახი არ ირწყვება, არ შედის ტრაქტორი (იხვნება ცხენის გუთნით), იწამლება ზურგის აპარატით. შესაწამლად ვსარგებლობთ მხოლოდ კონტაქტური ბიო პრეპარატებით. დუღილში არ გამოიყენება კულტურული საფუვრები. ღვინო არ იფილტრება. ჩვენი ღვინოების ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებსა და ავკარგიანობაზე კი სჯობს მომხმარებელმა და ჭეშმარიტი, მართალი ღვინის დამფასებლებმა ისაუბრონ. ასე აჯობებს ნამდვილად!
– გაიხსენეთსაქართველოშიღვინისგაყიდვისთქვენიპირველიგამოცდილება, რომელმაღაზიებთანგქონდათურთიერთობა?
- ჩვენი პროდუქცია მალევე გამოჩნდა ბაზარზე. ერთ–ერთი პირველი პარტნიორები იყვნენ ღვინის ბარები და მაღაზიები - "ღვინო ანდერგრაუნდი", "ჯი ვინო" "ვინომანია" და რამდენიმე სხვა, რომლებთანაც ახლაც სიამოვნებით ვპარტნიორობთ.
– გადისთუარათქვენიღვინოუცხოეთისბაზარზე?
- უკვე ორი წელია ჩვენი ღვინოები უცხოეთის ბაზარზეც გავიდა - იაპონია, აშშ, უკრაინა, რუსეთი.
– რასახისსირთულეებიშეგხვედრიათთქვენსსაქმიანობაში? რაუნდადაიხვეწოსყველაზემეტადღვინისსფეროში?
- რა სახის სირთულეები შეგვხვედრია ჩვენს საქმიანობაში? სირთულეები ძირითადად გლობალური ხასიათისაა. მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებს უნდა წარმოადგენდეს და ყველა სირთულის დაძლევაში მევენახეებსა და მეწარმეებს სწორედ სახელმწიფოს მართებული, მოქნილი სტრატეგია დაეხმარება. ღვინის კულტურას უძველესი ფესვები უდგას ქართულ ცნობიერებაში, თუმცა გასული საუკუნის განმავლობაში ეს გამოცდილება თითქმის დავიწყებას მიეცა. კომუნისტურ ეპოქაში მასიური მოხმარების ქართული ღვინის ხარისხი დაეცა. ცნობადობა მინიმუმამდე დავიდა, თვით ქართველებში ღვინის სწორად მოხმარების კულტურაც კი დეგრადირდა!
– თქვენიაზრით,რაარისყველაზემნიშვნელოვანიფაქტორებითანამედროვექართულიღვინისკულტურისგანვითარებისთვის?
- საბედნიეროდ, ბოლო 2 ათწლეულში ამ დარგებში ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, შესანიშნავ სამუშაოებს ასრულებს "ღვინის კლუბი" მეღვინე-მევენახეებში და მოყვარულებში ღვინის კულტურის ასამაღლებლად. თავს არ ზოგავენ ცალკეული მეღვინე-მევენახეები, რათა ქართულ ღვინოს დაუბრუნდეს სახელი და დიდება და მან მსოფლიო მეღვინეობის რიგებში სათანადო, ღირსეული ნიშა დაიმკვიდროს და შელახული ავტორიტეტი აღიდგინოს. მოკლედ, "ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონება" გვიწევს, მაგრამ ეს ძალისხმევები უკვალოდ არ ჩაივლის, ღმერთი მოწყალეა და ღირსეულს მოგვაგებს!
– რასურჩევდითდამწყებმევენახე–მეღვინეებს?
- დამწყებ მევენახე-მეღვინეებს კი ვურჩევდით შეძლებისდაგვარად გაემახვილებინოთ ყურადღება სწორედ მცირედ გავრცელებული, უძველესი ქართული ჯიშების მოშენებაზე და მათგან უნიკალური, საუკეთესო თვისებების მქონე ნატურალური ღვინოების შექმნაზე. ნუ შეუშინდებიან ექსპერიმენტებსაც, მთავარია პატიოსნად და იდეურად მიუდგნენ საქმეს. ყველაზე "უბრალოდ" დაყენებული გლეხური ღვინოც პოეზიაა, და თუ მას ხელოვნების სიმაღლემდე ავიყვანთ, შედევრი გამოვა. დამწყებებისთვის მიმართვას დავამთავრებ შარლ დე გოლის ბრწყინვალე სიტყვებით - "იარე რთული გზით, ამ გზაზე შენ კონკურენტი არ გეყოლება".
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
ხიხვი – Georgian Wine Infographics (73)
როგორ დავაყენოთ წითელი კლასიკური ღვინო
ვაზის მაღალშტამბიანი ფორმა ტალავერი
თბილისის ღვინის ბარები და მაღაზიები – I
მამუკა წიკლაური, დო რე მი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (9)
– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– "დო რე მი"-ს მარანი დაარსდა 2014 წელს. სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით და ქვევრში დაგვეყენებინა ნატურალური ღვინო (მანამდე, წლების მანძილზე, ჩვენ-ჩვენთვის ვაყენებდით ღვინოს, კასრებსა და ბოცებში). ამიტომ, მეგობრის სახლში, სოფ. გამარჯვებაში, განვაახლეთ და გავაფართოვეთ არსებული ძველი მარანი. დღესდღეობით მარანს შეუძლია მიიღოს და გადაამუშაოს 30 ტონამდე ყურძენი, რაშიც გვეხმარება და კონსულტაციას გვიწევს, ჩვენი მეგობარი, გიორგი ბარისაშვილი.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ვენახი გაშენებული გვაქვს ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ოდიშსა და ახალსოფელში, ოჯალეშის ვაზის ჯიში (10 ჰა).
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– საყოველთოდ ცნობილია, რომ ნატურალური ღვინის მისაღებად აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი. ამიტომაც, ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ მევენახეებთან, რომელთაც ან ბიო სერტიფიკატი გააჩნიათ, ან ჩვენი კონსულტაციითა და მენეჯმენტით ხელმძღვანელობენ. მომავალში ვგეგმავთ გავაშენოთ ძველი, მეგრული ჯიშები: ჭვიტილური და ჩეში.
დღესდღეობით დაყენებული გვაქვს 9 სახეობის ღვინო: საფერავი, ოჯალეში, ქისი, კახური მწვანე, ხიხვი, რქაწითელი, თავკვერი, ალადასტური და ჩინებული (ჩინური+გორული მწვანე). ფერმენტაციისას, ვცდილობთ ნაკლებად ჩავერიოთ პროცესში, ამიტომაც, ჩვენი ღვინოები, მაქსიმალურად გამოხატავენ თავიანთ თავს (ბუნებას), ხოლო, თუ რითია გამორჩეული, ეს დამგემოვნებელმა შეაფასოს.
– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– პირველი ბოთლი ჩვენი ღვინისა გაიყიდა ღვინის ბარ "ღvino underground"- ში. ზოგადად ვთანამშრომლობთ ნატურალური ღვინის ბარებთან, რესტორნებთან და მაღაზიებთან.
– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– რაც შეეხება ექსპორტს: "დო რე მი"-ს ღვინოები წარმოდგენილია ა.შ.შ.-ს, იაპონიის, დანიისა და ავსტრალიის ბაზრებზე. იგეგმება ექსპორტი გერმანიასა და საფრანგეთში.
– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– ვფიქრობთ, რაც უფრო მეტი მცირე და საოჯახო მარნები შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მეტად დაიხვეწება და ამაღლდება ღვინის კულტურა.
– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ სახელმწიფო ყურძნის ფასების სუბსიდირების ნაცვლად, ხელს შეუწყობს მევენახეებს თვითონ დააყენონ ღვინო, მოგებული დარჩება ორივე მხარე.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– ახალ დაწყებ მეეღვინეებს კი წარმატებები გვინდა ვუსურვოთ, ასევე ვუსურვებთ თავიანთი ხელწერა და ნიში ეპოვოთ ღვინის სამყაროში.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
გურიის თეთრი ჯიშები
ერმილე ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელგამი, 1929
ავტორის მართლწერა შენარჩუნებულია. რედ.
42.თეთრიშა - ვაზი საკმაოდ ღონიერი, მოსავლიანი. მტევანი შუათანა, მკვრივი და მოგრძო; მარცვალი წვრილი, მრგვალი და სიდიდით არა თანაბარი; კანი საკმაოდ სქელი, კბილებში ხრამუნებს, ქარვის ფერი, ხორცი მაგარი, წვნიანი, ძალიან ტკბილი, მეტად სასიამოვნო გემოსი. ღვინო კარგი თვისების უდგება, მაგარი, ნაზი, სასიამოვნო არომატიანი, თეთრი, ღია-ქარვის ფერისა. ის გავრცელებულია იმ რაიონში, საცა ჩხავერი.
43. ათინური - დიდი მარცვლები აქვს ქარვის ფერი; ჩინებული თეთრი სუფრის ყურძენია, ძალიან ტკბილია, სასიამოვნო გემოსი და საუცხოვო არომატის.
44. ზენათური - წვრილი მარცვალი აქვს, რუხი ფერისა; უდგება კარგი მაგარი ღვინო; გავრცელებული იყო სოფ. გურიანთაში, ნიგოითში, ბასილეთში და მის მიდამოებში.
45. საკმეველა - მარცვალი წვრილი, წოწოლა, სიდიდით არა თანაბარი, ფერი აქვს ქარვის ანუ საკმეველის; ღვინოს იძლევა კარგი თვისების, ნაზი, მაგარი, სასიამოვნო არომატის.
ეს სამი უკანასკნელი ჯიში სოკომაგვარი ავათმყოფობით მეტად იჩაგრება, ამიტომ მათი გავრცელების არე შესამჩნევად შევიწროვდა. ეხლა ეს ჯიშები თუმცა გვხვდება ყველა გურიის მეღვინეობის რაიონში, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით, თითო-ოროლა ცალობით.
46. დღვლაბე - გავრცელებული იყო სოფ. ჯუმათში, ამაღლებაში და მათ მიდამოებში.
47. კამური თეთრი - იმ სოფლებში, საცა შავი კამური იყო.
48. კლარჯული - მეტად გავრცელებული ჯიში იყო გურიის ყველა სოფელში.
49. ქვაფათური - სოფ. გურიანთა, კახური, ლანჩხუთი და მათი მიდამოები.
50. კაპისტონი - სოფ. ამაღლება, სურები და საჯაოხოს რაიონი.
51. მაური - სოფ. ნიგოითი და საჯაოხოს რაიონი.
52. სამარხი - ერთი საუკეთესო სუფრის ჯიშია, ყურძენი დიდხანს ინახება; თითო-ოროლა ცალობით ყველგან გვხვდებოდა გურიის ზეგან სოფლებში.
53. სამაჭრე - ეს ჯიშიც ისე იყო გავრცელებული და იმნაირი თვისებისაა, როგორც შავი სამაჭრე.
54. თითა - სუფრის ჯიშია, გავრცელებული იყო ყველა მეღვინეობის სოფლებში.
55. თქვლაფა - გავრცელებული იყო საჯაოხოს რაიონში.
56. კიკაჩაი - ეს ჯიში იყო გავრცელებული იქ, საცა შავი კიკაჩაი.
57. დოდღო - სოფ. გურიანთა, ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი და მათი მიდამოები.
58. მწვანე - სოფ. ქაქუთი, ჭანიეთი, ლიხაური და სხვა.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თბილისის ღვინის ბარები და მაღაზიები - II
მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში - მოკლე მიმოხილვა
ჩხავერის ვენახი ბახვის მეურნეობაში (1940-იანი წლების ფოტო)
გიორგი ბარისაშვილი
ამჯერად გვინდა, კიდევ ერთი საინტერესო რეგიონის, გურიის შესახებ მოგაწოდოთ მცირეოდენი ცნობები. როგორც წინა სტატიების შემთხვევაში, ისე ამჟამადაც ჩვენს ძირითად საყრდენ წყაროს წარმოადგენს წიგნები: "საქართველოს ამპელოგრაფია". თბილისი, 1960 წ. (ნიკო კეცხოველის რედაქცია), და "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები". მ. რამიშვილი. თბილისი, 1948 წ. თავშივე გვინდა აღვნიშნოდ, რომ ადგილობრივ ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნების მხრივ გურია მეტად საინტერესო რეგიონია. თავდაპირველად შემოგთავაზებთ აქაურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალსა და მათ შეფერილობებს:
ათინაური (თეთრი), აკიდო (წითელი), ალადსტური (წ), ბადაგი (მუქი ვარდისფერი), ბახვის ყურძენი (წ), ბერძულა (წ), დონდღო (თ), ვაციწვერა (თ), ვორონა (წ), ზენათური (თ), თეთრი ყურძენი (თ), თქვლაფა (თ), კაკნატელა (თ), კამური შავი (წ), კამური თეთრი (თ), კაპისტონი წიწილიანი (თ), კატური (თ), კეშელავას თეთრი (თ), კიკაჩა შავი (წ), კორძალა (წ), კოცხანა (წ), კუმუშა (წ), მაგანაკური (წ), მაისა (თ), მანდიკოური (წ), მაური თეთრი (თ), მახათური (წ), მტევანდიდი (წ), მტრედისფეხა (წ), მცვივანი გურული (წ), ნაშენება (წ), ოფოურა (წ), ოჯალეში გურიის (წ), რცხილი (წ), საკმიელა (თ), საკნატურა (თ), სამარხი (თ), სამჩხავერა (წ), საფერავი გურიის (წ), სხილათუბანი (წ), ქაქუთურა (თ), შავჩხავერა (წ), ჩეპეში (წ), ჩხავერი (წ), ჩხინკილოური (თ), ცანაფითა (წ), ცივჩხავერა (წ), ცივჩხავერა ვარდისფერი (ვარდ.), ცისფერულა (რუხი), წითლანი (ვარდ.), ჭაჭიეთის თეთრა (თ), ჭუმუტა (წ), ხემხუ (წ), ხუშია თეთრი (თ), ხუშია შავი (წ), ჯანი (წ), ჯანი ნაკაშიძის (წ), ჯანი ციხური (წ).
ამ მონაცემთა მიხედვით ვიგებთ, რომ გურიაში 58 ვაზის ადგილობრივი ჯიში ყოფილა, საიდანაც ერთი - "კორძალა" გურია-აჭარის საერო ჯიშადაა დასახელებული. ჩამოთვლილთაგან 20 ჯიში თეთრყურძნიანია; 34 ჯიში წითელყურძნიანია; 3 ვარდისფერყურძნიანი და კი 1 რუხი შეფერილობისა. რაც შეეხება ყურძნის დანიშნულებებს, უნდა ითქვას, რომ გურიის ვაზის ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. სასუფრე მიმართულების ჯიში, მ. რამიშვილის ზემოდხსენებული წიგნის მიხედვით მხოლოდ თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში - სამარხია, რომლიდანაც ამავდროულად მაღალხარისხიანი ღვინოც ყენდება. ხოლო ჯიშები: ალადასტური და მტრედისფეხა კი ერთდროულად სასუფრე და საღვინე მიმართულების ჯიშებად ითვლება. გურიის ვაზის ჯიშებში ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ ორ ჯიშს აქვს, ესენია - მაური თეთრი და ოფოურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. რამიშვილის წიგნში - "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები", (თბილისი, 1948 წ.) აჭარის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში - "კლარჯული" გურულ ჯიშადაა მიჩნეული, ხოლო ამავე წიგნში გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ვორონა მოიხსენიება, როგორც ორონა. აქვე გვხვდება ჯიში "ხუშია", არადა გურულ ვაზის ჯიშთა სრულ ჩამონათვალში ვხვდებით ჯიშებს: ხუშია თეთრი და ხუშია შავი...
როგორც ვნახეთ გურია ვაზის ჯიშების თვალსაზრისით საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც ახლო წარსულში მევენახეობა-მეღვინეობა ძლიერად იყო ფესვგადგმული. მიზეზთა გამო დღეს-დღეობით გურიაში ვაზისა და ღვინის კულტურა საკმაოდ დაბალ დონეზე დგას. არადა კუთხე, რომელიც სხვა უნიკალურ ვაზის ჯიშებთან ერთად ჩხავერის პატრონია "ადესის" ანაბარა ნამდვილად არ უნდა იყოს დარჩენილი. ამ საკითხს აქვს კიდევაც თავისი მიზეზი, შესაძლოა არაერთიც. თუმცა ეს ყოველივე ადგილობრივების სურვილზეც დიდადაა დამოკიდებული. სამწუხაროდ გურიაში ასევე თითქმის შეწყვეტილია ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საქმეც, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს. ხოლო ახლო წარსულში ეს მხარე და კონკრეტულად კი სოფლები -აცანა და აკეთი განთქმული იყო მექვევრეობის დარგითა და თავად მექვევრეების სიმრავლითაც. ამ სოფლებში დამზადებული ქვევრები ცნობილი იყო თავისი მაღალი ხარისხით. გურულ ქვევრებს ვხვდებოდით ასევე მეზობელ აჭარაშიც. ამ დროისათვის კი მთელს გურიაში მხოლოდ ერთი მექვევრეღა შემორჩა...
გურული ქვევრიაცანადან
აღსანიშნავია, რომ ამ მხარეში მისაბაძ მაგალითებსაც შევხვდებით, როგორიცაა, მაგალითად ზურაბ თოფურიძის მარანი. ამ მარანში, გურიაში ორი თუ სამი ათეული წლის პაუზის შემდეგ პირველად ჩამოისხა ჩხავერის ღვინო ბოთლებში, რომელიც "იბერიელის" სახელითაა ცნობილი. ზურაბ თოფურიძის მარანი და ვენახები მდებარეობს ჩოხატაურის სოფელ საყვავისტყეში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ზურაბმა ამავე სოფელში ძალზე დიდი შრომა გასწია და ტერასებად დაბაქნებულ ფერდობებზე გააშენა ჩხავერი და ასევე გადაშენების პირას მყოფი გურული ვაზის სხვა ჯიშებიც. იგი ღვინოს ნატურალური მეღვინეობის პრინციპებზე დაყრდნობით, ქვევრებში აყენებს, რომელ ღვინოსაც არაერთხელ უსახელებია ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებზე.
ზურაბ თოფურიძის მიერ გაშენებული ვენახი ტერასებზე
ძალზე სამწუხაროა, რომ კონკრეტულად გურიის მევენახეობა-მეღვინეობაზე რაიმე პოპულარული გამოცემა ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება და ამ ხრივ ძალზე დიდი ხანია, რაც არაფერი გაკეთებულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიდი პრობლემა ახლო მომავალში გადაიჭრება. ეს კი დიდადაა დამოკიდებული რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაზეც. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ამ ულამაზესი მხარის, გურიის მკვიდრთ და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ზურაბ თოფურიძის მსგავსი ადამიანები კიდევ გამოჩნდებიან და გურიაც ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს იმ "შავ ჭირს", რასაც ეწოდება "ადესა". ჩვენს მცირე მიმოხილვას მეცხრაეტე საუკუნეში მოღვაწე გურული მღვდლის ღვინის სასმისზე გაკეთებული წარწერით დავასრულებთ, რომელიც, მეორე მხრივ ერთგვარი შეგონებაცაა:
"ღმერთო ყურძნისა ნაყოფი
დღე ყოველ მოგვეც საყოფი,
ზომიერ მსმელო იხარებ
უზომო მსმელო ინანებ".
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
ნათენაძის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (10)
– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– მარნის დაარსება და ღვინის წარმოება გოჩა ნათენაძის დიდი ხნის ოცნება და იდეა იყო. ამ იდეაში მამის მოწოდებით თანდათან მისი შვილი გიორგი ნათენაძე ჩაერთო და მათ ოჯახმა 2009 წელს პირველი მესხური ღვინოც ჩამოასხეს ნათენაძის მარანის სახელით. ღვინის წარმოების უპირველესი იდეა მესხური ვაზის ჯიშების მოძიება და აღდგენა იყო, რაც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. დაახლოებით 10 წელი დასჭირდა მესხური ვაზის ჯიშების ძიებას (და ეს პროცესი ახლაც გრძელდება) და აღმოჩენილი უიშვიათესი ჯიშებისგან ექსპერიმენტული და ექსკლუზიური ღვინოების წარმოებას. დღეს ნათენაძის მარანს გიორგი ნათენაძე მართავს და ყოველწლიურად ახალი აღმოჩენილი ჯიშებისგან მცირე რაოდენობით საექსპერიმენტო ღვინოს აყენებს. ნათენაძეების მარანი პირველი აღმოჩნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ვინც მესხური ვაზის უიშვიათესი ჯიშები აღადგინა და პირველი მესხური ღვინო აწარმოა. მესხური ღვინისადმი ინტერესი უკვე საკმაოდ გაზრდილია და დღეს სხვადასხვა კომპანიები ცდილობენ მესხეთში მესხური ვაზის გაშენებას და ღვინის წარმოებას.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ჩვენ აღვადგინეთ მესხეთის ისტორიული ტერასები და აღდგენილ ისტორიულ ტერასებზე (ხიზაბავრის ტერასები), რომელიც 32 ჰა ფართობზეა გადაჭიმული, პარტნიორებთან ერთად გავაშენეთ მესხური ვაზის უიშვიათესი სახეობები:
მესხური მწვანე, მესხური ხარისთვალა თეთრი და წითელი, მესხური შავი, შავი ასპინძურა, კაპნის წითელი, მესხური საფერე, თამარის ვაზი, სამარიობო თეთრი, ცხენის ძუა შავი, ცხენის ძუძუ თეთრი, კლარჯული, საწური, ახალციხური თეთრი, ნათენაძის თეთრი, უდის თეთრი, ჩიტისთვალა თეთრი და შავი, ჩიტისკვერცხა თეთრი (მესხური ვაზის სხვა ჯიშები 2017 წელს კვლავ გაშენდება და ჯამში 24 დასახელებას შეადგენს).
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– ჩვენ ვაწარმოებთ მესხურ ღვინოს მესხური ვაზის უიშვიათესი ჯიშებისგან: მესხური ცხენის ძუძუ თეთრი, სამარიობო, ახალციხური თეთრი, მესხური თეთრი, მესხური საფერე, მესხური შავი, შავი ასპინძურა, ახალციხის თეთრი, უდის თეთრი, ნათენაძის თეთრი, თამარის ვაზი და აგრეთვე საექსპერიმენტო მიზნით ყოველწლიურად იწარმოება ახლად აღმოჩენილი ჯიშების ღვინო.
– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– პირველი მაღაზია სადაც მესხური ღვინო შევიტანე იყო „ღვინო ანდერგრაუნდი“ და შემდეგ „აზარფეშა“, გარდა ამისა ღვინოს საკუთარი მარანიდანაც ვყიდდით და საკუთარი ღვინის მაღაზიიდან (ქ. ახალციხე, ახალციხის ციხე „რაბათი“, მაღაზია „მესხური ბრენდი“).
– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
–ჩვენი ღვინო გადის იაპონიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბაზარზე, აგრეთვე 2016 წელს ვემზადებით შვეიცარიის, შვედეთის, დანიის, ინგლისის და ამერიკის ბაზარზე ღვინის შესატანად.
– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– ღვინის სფერო, განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში, სადაც მეღვინეობა მივიწყებულია, უნდა წახალისდეს სახელმწიფო სუბსიდიებით/გრანტებით და სპეციალურად შექმნილი იაფი და შეღავათიანი საკრედიტო მომსახურებით.
– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ღვინის მწარმოებლებმა არ დაივიწყონ ქვევრში ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორია და თანამედროვე მეთოდებთან ერთად შენარჩუნდეს ქვევრის ღვინის მნიშვნელობა და არსი.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– ვურჩევდი ღვინის დაყენებამდე კარგად შეისწავლონ ვაზის მოვლა, ღვინის დაავადებები, ქვევრის მოვლა, მარანის გამართვა და სწორი განლაგება. აუცილებელი იქნება რეკომენდაციები უხუცეს მეღვინეებთან.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
ვაზისა და ღვინის სიმბოლიკა ქართულ ყოფაში, ნაწილი III - Georgian Wine Infographics (74)
ვაზის მყნობა
ქართული ღვინის კვირეული ხვალ დაიწყება
ხვალიდან, 22 სექტემბრიდან, ქართული ღვინის კვირეული იწყება, რომელიც, წინა წლებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. 11–დღიანი დღესასწაულების ციკლი მრავალ განსხვავებულ ღონისძიებას გულისხმობს და დედაქალაქის გარდა იგი რეგიონებსაც მოიცავს.
კვირეულის ორგანიზატორები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან და იგი ქართული ღვინის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდება. საქართველოს ღვინის კლუბი, ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, ჯორჯიან ივენთს, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის ტურიზმის ასოციაცია – ეს ის ორგანიზაციებია (სხვადასხვა კერძო პირთან ერთად), რომლებიც ამ 11 დღის მანძილზე ძალზე საინტერესო შეხვედრებს, აქციებსა და ფესტივალებს პირდებიან ღვინის მოყვარულებს.
კვირეული 22 სქტემბერს გაიხსნება იყალთოს ქვევრის სკოლა–სახელოსნოს ინაუგურაციით (12:00). ინაუგურაციის ფარგლებში იყალთოს სკოლა სახელოსნოს ტერიტორიაზე გაიმართება ფოტო გამოფენა, სამონასტრო ღვინოების დაჯილდოვება და ა.შ. პარალელურად, ქ. თელავში დაგეგმილია ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობები (ორგანიზატორი: ასოციაცია ,,ქართული ღვინო’’). კერძოდ, საამისოდ მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიის ქართული ღვინო და ნებისმიერ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს იგი ტრადიციული ქართული ყველის თუ ტკბილეულის თანხლებით.
23 სექტემბერს დაგეგმილია უკანასკნელი პერიოდის მანძილზე გამოცემული, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მონოგრაფიული და სხვა ტიპის წიგნების გამოფენა და პრეზენტაცია (ორგანიზატორი: ,,ჯორჯიან ივენთს’’). გამოფენა გაიმართება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკაში (17:00), რომელიც 2 წლის წინ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საქართველოს ღვინის კლუბმა ერთობლივად დააფუძნეს. გამოფენა-პრეზენტაციის პარალელურად სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო. პრეზენტაციას ღვინის მწერალი გიორგი ბარისაშვილი წარუძღვება.
24 სექტემბერს ღვინის დღეები კინოჩვენებით გაგრძელდება. დაგეგმილია ქეთევან სადღობელაშვილის ფილმის, ,,ვაზში დაკარგულები’’-ს ჩვენება (ორგანიზატორი: ნინო კაჭარავა და ,,ჯორჯიან ივენთს’’). ღონისძიება მოეწყობა პირველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. მოწვეული სტუმრებისთვის ჩვენების ბოლოს გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია. კინოჩვენება დაიწყება საღამოს 20:30 საათზე.
25–26 სექტემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის პირველ და მეორე ტურებს ჩაატარებს, რომლის გამარჯვებულებიც (17 ნომინაციაში) 2 ოქტომბერს უნდა გამოვლინდნენ. ღონისძიების ადგილია სასტუმრო რუმსი.
28 სექტემბერს #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან) საქართველოს ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ მცირე ფესტივალის ფორმატის ღონისძიება–აქციას „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ (15:00), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს. აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, რომელიც დამსწრეებს დეტალურად გააცნობს მონაწილე მარნების ისტორიას, ისაუბრებს ვენახებისა და ღვინოების შესახებ, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.
29 სექტემბერს კვირეული ქვემო ქართლში გადაინაცვლებს, ასოციაცია ქართული ღვინის ორგანიზებით მარნეულში, მსოფლიო მეღვინეობის და მევენახეობის სამშობლოში და უპირველეს კერაში მოეწყობა ქართული ღვინოების გამოფენა, პრეზენტაცია და დეგუსტაცია ტრადიციული ქართული ყველის და ტკბილეულის თანხლებით (12:00–დან). წარმოდგენილნი იქნებიან რამდენიმე ადგილობრივი მარანიც. ღონისძიება მარნეულის მუნიციპალური გამგეობის შენობის წინ მდებარე სკვერში გაიმართება.
30 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საქართველოს ღვინის კლუბი მალხაზ ხარბედიას წიგნის, ,,ქართული ღვინის გზამკვლევი 2016“–ის პრეზენტაციას გამართავს (19:00). ეს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გამოცემა 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ გამოვიდა და იგი ერთად–ერთი რეგულარული სპეციალური გამოცემაა ამ სფეროში. პრეზენტაციაზე გაისინჯება ღვინოებიც, და რაც მთავარია, გათამაშდება სპეციალური პრიზები.
ამავე დღეს თელავში გაიმართება ღვინის ტრადიციული ფესტივალი ,,თელავინო'', რომელიც კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით ჩატარდება (12:00) და სადაც დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ათეულობით ღვინო იქნება წარმოდგენილი. მოეწყობა სპეციალური საშემოდგომო პავილიონები, საფესტივალო მუსიკა მოიცავს როგორც ქართულ ფოლკლორს, ასევე თანამედროვე მუსიკას.
1 ოქტომბერს, დილის 08:00-დან საღამოს 23:00 საათამდე სტუდენტებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებები – ვიზიტები კახეთის რეგიონის საუკეთესო მცირე მარნებში. შეკრების ადგილია ვარდების მოედანი. დღის პროგრამა მოიცავს ღვინის დეგუსტაციებს, ვიზიტებს მარნებსა და ვენახებში, შეხვედრებს მეღვინეებთან, კონკურსებს და ა.შ. გაიმართება ლექცია თემაზე, ვაზის ქართული ჯიშები. ბოლოს სტუდენტები კარდანახში მოინახულებენ საგვარეულო მარანს (ორგანიზატორი: ღვინის ტურიზმის ასოციაცია).
ქართული ღვინის კვირეულის მიწურულს, დასკვნით ნაწილში, 2 ოქტომბერს, რიყის პარკში გაიმართება ღონისძიება, სადაც სტენდებზე წარმოდგენილი იქნება 20–25 ქართული ღვინის კომპანიის ნაწარმი. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები რიყის პარკიდან მშვიდობის ხიდის გავლით გადაინაცვლებენ ერეკლეს ქუჩაზე, სადაც ადგილობრივი კაფე-ბარები ,,ღვინის კვირეულის“ სტუმრებს ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდებიან. ბოლოს კი, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
"ვაზი რო გამომცენარდება"
ვენახი ისხვლება მარტში. გასხვლისთვის გვაქ მაკრატელი. გამოვაცლით სარსა და გავჩეკამთ, რო დავბარამთ, მერმე შევსარამთ.
გასხვლა. რაც ზედმეტი ტოტია, ვაზს უნა მოვაცალოთ და, თამამი ტოტი რომელიც არი, იმაზე დავაყენეფთ ვაზსა. წალამს ავკრეფამთ, დავაწყოფთ ერთათ და შევკრამთ, იმას თონის გასახურებლათ ხმარობენ. მერე შევყელამთ, დავაკავეფთ სარზე, თუ ძაან ღონიერი ვაზია, გავაბამთ ერთმანეთზე.
მერე ვაზი რო გამომცენარდება, ფოთლებსა და ყვავილს რო გამოიტანს, მოვჲსწამლამთ. პირველში პატარა თუ არი, შაურიანიტოლა ფოთოლი აქ. მერმე რო გაირდება, რქაჲ შევახვევთ და მოვწამლამთ მეორეთ, კიდე მესამეთ მოვწამლით. თუ დაჲჭირდება, მეოთხეთა. ახვევა შეიძლება მეორეთაც დაჲჭირდეს.
ვაზს აგრეთვე ფურჩნიან: ფოთოლ და ფოთოლ შუა ზედმეტი ტოტებია და აცლიან. ამას გაფურჩქნა ეწოდება.
გოგირდს წელიწადში სამჯელ, ოთხჯელ აყრიან. აქ ნაცარი ძიენ არ იცის. მერმე დამწიფდება ყურძენი და დაიწყება მოკრეფაჲ ღვინობისთვეში. ყურძენს დანებით, მაკრატლებით ან წანდელით [მოკაკული დანა] ჭრიან. სახში მოსატანათ გოდრეფში ყრიან. მოაქვთ ხარების ურმით ან კამეჩებით, შხირათ ვირი ტაჩკითაც.
ყურძენ ჩავყრით საწნახელში, საწნახელი ცემენტით არი გაკეთებული, ნავივით არი. გაკეთებული აქ სადინარი მილები, ღარები, ან თიხი მილები, რო ღვინო ქვევრში ჩავიდეს. ქვევრსა ვრეცხამთ ღვიით. ღვიას ცოცხივითა ჲკრამენ და რეცხავენ ქვევრსა. ექვსი ხელი ღვია უნდა შეალიოს, რო კარქა გაირეცხოს ქვევრი.
ქვევრი შეიძლება იყოს ორმოზდაათი ფუთისა ან ნაკლები. ქვევრებია ხუთკოკიანი, ათკოკიანი...
საწნახელში რო ყურძენ ჩაყრიან, მერე თითონ ჩადგებიან საწნახელში, ფეხებს სუფთათ დაიბანენ და დაიწყება წურვა. ღარებიდან გამოსული ღვინო ჩადის ქვევრში და ჭაჭა რჩება საწნახელში. მერე საფერავს, შავი რომელიც არი, უზამთ ღვინოსა, ტკბილსა, რო შეღებოს, ღვინო რო ადუღდეს და უკეთესი ფერი მიიღოს. ამას დედა ეწოდება.
თეთრ ჭაჭას დავქაჩამთ, გავატარეფთ პრესშია, ღვინო მეტი რაც აქ, გამუა. ჭაჭას ჩავდებთ ქვევრში ან ბოჩკაში არაყი გამოსახდელათა. მერმე კურკა რო ზეით ამოვა, ამას მოვხდით და ამას ქვევრის ქუდი ეწოდება. კურკას მოვხდით, მოვასუფთავებთ, ამოვიღეფთ და სხვა ქვევრში გადავიღეფთ. გადაღები შემდეგ დარჩება თხლეი, ჭაჭა თხლეთ იქცევა, რომლისგანაც ვხდით არაყსა. გადაღებულ ღვინოს აფარებენ ვაზის ფოთოლს ან კუპრიელს, შეიძლება ქაღალდიც დაჲფარდეს.
ყურძნის ჯიშებია:
თავკვერი – რგვალი, შავი მარცვალია, შიგნით თეთრი, გარეთ სქელი შავი ფერის კანი აქვს. ტკბილია.
გორულა – დიდხანს ინახება, თეთრი სქელი კანი აქ, ტკბილია.
კახური საფერავი – შავი წვრილი მარცვალი აქ.
ჩინური – თეთრი რგვალი საშვალი მარცვალი აქ, ტკბილი.
მწვანე // წვანე – რგვალია, მართლაც მომწვანო ფერისაა, ტკბილია.
ხარითვალა – ტკბილია, ცოტა მოგძოა.
თითა, განჯურითითა – გძელი მარცვალი აქ, სქელი კანი.
დიღმურა – რგვალი მარცვალია, მწვანე ფერისა, თხელი კანი აქ, ტკბილი არ არის.
რქაწითელა – რგვალი მარცვალი, თხელი კანი აქ, ტკბილია. რო ძიენ აცივდება, გაწითლდება ხომე და წითელას ეძახიან.
ქიშმიში – წვრილმარცვალა, ცოტა მოწითალო, კურკები აქ თითო, ზოგს არცა აქ.
ბუდეშური – წვრილმარცვალა, თხელკანიანი, ცოტა მოგძო, ტკბილია.
ალიკოტი //ალიგოტე – წითელიც არი და თეთრიც, ტკბილია.
ფრანგულა – შავი, თეთრი, მაინდამაინც ტკბილი არ არი.
ქიწნურა – თეთრია, წვირლმარცვალა, ტკბილია.
აბისურა – შავია, თეთრიც არი.
შესანახათ კარქია ჩინური, თავკვერი, წვანე, ბუდეშური, დანარჩენი – ღვინისთვი. სუფრი ყურძენი ჩინურია.
ჩხა ეწოდება მთლათ ვაზი ტოტს, რომელსაც რამდენიმე მტევანი აბია.
აკიდო ისეთი ტოტია, რომელსაჲ ორი მტევანი აბია.
ჯაგანი შეიძლება გაკეთდეს მანეულზედაც და ჩხაზედაც.
ენა / დიალექტი:ცენტრალური ქართლური (შიდაქართლური) (ქართული / ქართლური)
ჩაწერის ადგილი:ხიდისთავი (საქართველო / შიდა ქართლი / გორი)
გამოცემა: ივანე გიგინეიშვილი, ვარლამ თოფურია, ივანე ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია
ჩაწერის წელი: 1952
მთქმელები:მთქმელი უცნობია
ტექსტისჩამწერი:მერი გოგიჩაიშვილი, ელენე კოშორიძე
კორპუსული გამოცემის ავტორ(ები):ლია ბაკურაძე
„ღვინის კლუბი“ „ქართული ღვინის კვირეულზე“
გუშინ დაიწყო „ქართული ღვინის კვირეული“, რომელიც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან და იგი ქართული ღვინის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება. მათ შორისაა ღვინის კლუბიც, რომელიც ორ ღონისძიებას შესთავაზებს ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს.
პირველ რიგში 28 სექტემბრის საფესტივალო აქცია უნდა ვახსენოთ, "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე", რომელიც #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში გაიმართება (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, დასაწყისი 15:00) და სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს. აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, რომელიც დამსწრეებს დეტალურად გააცნობს მონაწილე მარნების ისტორიას, ისაუბრებს ვენახების და ღვინოების შესახებ, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს. თქვენ გელით ბევრი და სხვადასხვანაირი ღვინო, გემრიელი მისაყოლებელი და საინტერესო გარემო.
30 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის 7), "საქართველოს ღვინის კლუბი" მალხაზ ხარბედიას წიგნის, „ქართული ღვინის გზამკვლევი 2016“–ის პრეზენტაციაზე გიწვევთ (დასაწყისი 19:00–ზე).
ეს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გამოცემა 2012 წლიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ გამოვიდა და იგი ერთად–ერთი რეგულარული სპეციალური გამოცემაა ამ სფეროში. მასში ფართოდაა მიმოხილული საქართველოს ღვინის რეგიონები, ისტორია, ჯიშები, ადგილწარმოშობის დასახელებები, ღვინის საუკეთესო ტურისტული კერები, მოსავლის წლის მიმოხილვა, ღვინის სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ქრონიკა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატი ღვინოების ჩამონათვალი და სხვ. აქ ასევე შეხვდებით 150–მდე სხვადასხვა ქართული ღვინის დახასიათებას. წიგნს მოყვება გასაშლელი რუკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ღვინის კერაა დატანილი.
პრეზენტაციაზე გაისინჯება ღვინოებიც, იქნება გემრიელი ხემსი და რაც მთავარია, გათამაშდება სპეციალური პრიზები. ასეთი შემეცნებითი კონკურსები უკვე ტრადიციად იქცა „ქართული ღვინის გზამკვლევის“ პრეზენტაციებზე.
დასწრება ორივე ღონისძიებაზე თავისუფალია.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი