Quantcast
Channel: "მარანი" - ქართული ღვინო
Viewing all 2681 articles
Browse latest View live

Vinexpo Bordeaux 2017 - ქართული ღვინის პირველი დღე

$
0
0

გუშინ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში Vinexpo Bordeaux 2017 გაიხსნა. ეს გამოფენა 1981 წლიდან მოყოლებული ტარდება და წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება ღვინის სფეროში. საქართველო უკვე Vinexpo-ს ტრადიციული მონაწილეა და წელსაც ჩვენი ღვინო დეგუსტაციით იყო წარმოდგენილი - 8 ღვინო 3 სხვადასხვა რეგიონიდან.

ჭაშნიკს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი და სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, ანა გოდაბრელიძე უძღვებოდნენ. საქართველოს და ქართული ღვინის ისტორია, საქართველო - ღვინის აკვანი, ქართული ღვინის სტილები, ჯიშები, რეგიონები, სუფრის ტრადიციები - ეს ის ძირითადი თემები იყო, რაზეც პრეზენტაციაში იყო ყურადღება გამახვილებული. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი 8 ქართული ღვინის დაგემოვნებას დაეთმო.

მანავი, კახური ღვინის მარანი, 2014 - მკრთალი ჩალისფერი, ენერგიუილი, არომატური ადგილწარმოშობის დასახელების კლასიკური ღვინო.

ქვევრის რქაწითელი, დურუჯი ველი, 2013 - ქვევრის მკრთალი ქარვისფერი, მოტკბო არომატების მქონე ქვევრის ღვინო, ყვარლური რქაწითლიდან დაყენებული.

ქვევრის ქისი, თბილღვინო, 2015 - ქვევრის ქარვისფერი ღვინო, ქისისთვის დამახასიათებლი კარგად ნაცნობი არომატებით.

მწვანე სატრაპეზო, თელავის მარანი, 2013 - ქვევრის ღვინო, მწვანე კახურიდან დაყენებული, რომელიც შემდეგ მუხის კასრებშიც ვარგდებოდა.

შავკაპიტო, შატო მუხრანი, 2014 - დახვეწილი, ელეგანტური ქართლური ღვინო, არომატული და მუხაში დავარგების მსუბუქი კვალით.

საფერავი Grand Reserve, GWS, 2014– წინა ღვინოსთან შედარებით გაცილებით ინტენსიური შეფერვის ღვინო, მუხის ძლიერი ტონებით.

Réserve du Prince (წითელი), შატო მუხრანი, 2012 - ქართლში, მუხრანის ველზე მოყვანილი საფერავიდან დაყენებული ღვინო, უკვე 4 წლის, ჩამოყალიბებული.

ხვანჭკარა, ხარება, 2015 - ძალზე რბილი და ტკბილი ხვანჭკარა, მკრთალი შინდისფერი, ნაზი და დახვეწილი.

როგორც ხედავთ, 8 ღვინიდან 5 კახური იყო, 2 ქართლიდან და ერთიც რაჭიდან. საფერავი კახეთიდანაც იყო წარმოდგენილი და ქართლიდანაც. საფერავთან დაკავშირებით გამოითქვა აზრი, რომ იგი ბორდოს ღვინოებს ჰგავს, რასაც ზოგი არ დაეთანხმა. გასინჯული ღვინოებიდან ალბათ შატო მუხრანის შავკაპიტო იყო ყველაზე ახლოს ე.წ. ბორდოს სტილთან. აუდიტორია ძირითადად პროფესიონალებისგან და ქართული ღვინის მოყვარულებისგან შედგებოდა. შეხვედრაზე არაერთი საინტერესო კითხვა გაჩნდა, ამათუიმ ჯიშის ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობიდან დაწყებული - ქვევრის ღვინის სტილისტიკით დამთავრებული. იყო შენიშვნებიც, რჩევებიც. ერთ-ერთი უმთავრესი რჩევა იყო ის, რომ ქართულ ღვინოს (განსაკუთრებით კახურ, ქვევრის ქარვისფერ ღვინოს) პირველ რიგში ქართული კერძები უხდება და სწორედ ისინი უნდა შევუხამოთ ამ სტილის ღვინოებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.


სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური ასამბლეა 2018 წელს თბილისში ჩატარდება

$
0
0

2017 წლის 16-17 ივნისს ბორდოში, საფრანგეთში, ღვინის მუზეუმში „La Cité du Vin“ სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის (ASI) გენერალური ასამბლეა ჩატარდა, სადაც ახალი პრეზიდენტი, არგენტინელი ანდრეს როსბერგი აირჩიეს (Andres Rosberg).

ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი - შალვა ხეცურიანი. მან ისაუბრა მომდევნო გენერალური ასამბლეის შესახებ, რომელიც 2018 წლის 17-21 ივნისს ჩატარდება საქართველოში და 55 ქვეყნის სომელიეთა ასოციაციების გაერთიენებას უმასპინძლებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

Les CITADELLES DU VIN 2017-ის ქართველი გამარჯვებულები

$
0
0

გუშინ,  Les CITADELLES DU VIN ღვინის კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსია საფრანგეთში, რომელიც OIV-ის მხარდაჭერით ტარდება. აღსანიშნავია, რომ Les CITADELLES DU VIN ღვინის კონკურსი საერთაშორისო კონკურსების ასოციაციის, VINOFED-ის წევრია. VINOFED 12 მნიშვნელოვან ღვინის კონკურსს მოიცავს და მათ შორისაა Citadelles du Vin-იც.

Les CITADELLES DU VIN მაისში ქ. ბორდოში იმართება და იგი, როგორც წესი, წინ უძღვის ბორდოს საერთაშორისო გამოფენას.

Les CITADELLES DU VIN-ზე მსოფლიოს 50 ზე მეტი სახელოვანი ღვინის დეგუსტატორი შეიკრიბა საუკეთესო ღვინოების გამოსავლენად. წელს საკონკურსოდ დაახლოებით 1200 ნიმუში იყო წარდგენილი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

Citadelles du Vin-ის ჟიურიმ 4 ქართული კომპანია დააჯილდოვა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით.

ოქრო:

MAKASHVILI WINE CELLAR CABERNET 2015 -VAZIANI COMPANY LTD

KHAREBA AGED WINE 2012 - WINERY KHAREBA

ვერცხლი:

KINDZMARAULI 2013 - KAKHURI GVINIS MARANI

CHACHA 1 - WINE COMPANY SHUMI

დაჯილდოვების ცერემონია და მედალოსანი ღვინოების წარდგენა Vinexpo Bordeaux-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

კარლა კაპალბოს წიგნი ქართული ღვინის და კერძის კულტურაზე

$
0
0

ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი და ფოტოგრაფი კარლა კაპალბო (CARLA CAPALBO) საქართველოს თავისი წიგნით TASTING GEORGIA - A food and wine journey in the Caucasus ეწვია. 20 ივნისს წიგნის წარდგენა და მწერალთან შეხვედრა, კომპანია Living Roots-ის ორგანიზებით, მწერალთა სახლში შედგა. კარლა კაპალბო 14 წიგნის ავტორია, მათ შორის იტალიური კერძებისა და ღვინის შესახებ, რომელთაც არაერთი ჯილდო აქვთ აღებული ბრიტანეთსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კარლა კაპალბო  პირველად 2013 წელს ჩამოვიდა საქართველოში და წიგნის დაწერის იდეა სწორედ მაშინ გაუჩნდა. 2015 წელს კი მწერალმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეაგროვა რეცეპტები და ამბები ადგილობრივ სამზარეულოზე და მეღვინეებზე.

წიგნზე მუშაობის დროს, მწერალი ესაუბრებოდა ღვინის მწარმოებლებს, აგროვებდა რეცეპტებს. თუკი თავიდან მას უფრო მეტად ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიცია აინტერესებდა, თანდათან, ღვინოსთან ერთად, ქართული კერძების, მუსიკისა და კულტურის კვლევაც დაიწყო.

წიგნი უხვადაა ილუსტრირებული თავად კარლა კაპალბოს მიერ გადაღებული ფოტოებით. TASTING GEORGIA ქართული ღვინისა და კერძის გასტრო-კულტურული გზამკვლევია ინგლისურენოვანი მკითხველისთვის. როგორც მწერალი აღნიშნავს, წიგნი დაიწერა იმისთვის, რომ დაეხმაროს მოგზაურებს გაიცნონ საქართველოს მდიდარი სამზარეულო და ღვინის კულტურა და იპოვონ საუკეთესო ადგილები მოსანახულებლად, აღმოაჩინონ ყველაზე გემრიელი კერძები, რომლის მომზადებასაც შინ შეძლებენ. მწერალს ჩაწერილი აქვს დიასახლისების თუ მეღვინეების მონათხრობი ამბები, რეცეპტები.

წიგნში მწერალი ყურადღებას ამახვილებს საოჯახო მარნებზე, რომლებიც ქვევრში აყენებენ ღვინოს. აღნიშნავს, რომ სწორედ ქვევრის მეღვინეები გახდნენ მსოფლიოში ქართული კულტურის ელჩები. მან ჩაწერა ინტერვიუ დაახლოებით 35 მეღვინესთან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წიგნში შესულია საკონტაქტო ინფორმაციებიც მარნების შესახებ.

უფრო მეტი ამბები წიგნის შესახებ - უამრავი ინფორმაციით, ქართული მეღვინეების მისამართებით და კერძების რეცეპტებით, ულამაზესი ფოტოებით - შეგიძლიათ გაიგოთ საიტზე,რომელიც წიგნის ერთგვარი გავრცობაა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

"სთრით ფუდ ფესტივალი"თბილისში

$
0
0

1 ივლისს თბილისში, პირველი ქართული "სთრით ფუდ ფესტივალი" ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "რიჩი ივენთი". ფესტივალის მიზანი გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, ჯანსაღი სოციალურ-კულტურული გარემოს შექმნა და ქართული  სამზარეულოს მრავალფეროვნების წარმოჩენაა. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ერთ დღეს, ერთ ადგილზე დააგემოვნონ სხვადასხვა კერძი. ფესტივალს უმასპინძლებს მთაწმინდის პარკი. დასწრება თავისუფალია.

"სთრით ფუდ ფესტივალზე" მოეწყობა 20 ზე მეტი ქართული რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის  მიერ წარმოდგენილი კერძების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს საშუალება ექნებათ კერძებთან ერთად დააგემოვნონ ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელებიც. გასინჯონ ტკბილეული, ისიამოვნონ საფესტივალო მუსიკით, გაერთონ, დაისვენონ. 14:00 დან 19:00 საათამდე სტუმრები შეძლებენ რესტორნების მიერ  მომზადებული კერძების დაგემოვნებას, ხოლო სწრაფი კვების ობიექტები იქნება გვიან ღამემდე.

ღვინის კლუბიესაუბრა კომპანია "რიჩი ივენთის"დამფუძნებელს, თამთა რიჩის,რომელმაც გაგვიზიარა ფესტივალის შექმნის იდეა და ხედვა: " მსგავსი ტიპის ფესტივალები ევროპაში ხშირად ტარდება, საქართველოში კი არ იყო. პირველ რიგში, ეს მიმართულება იმიტომ ავირჩიეთ, რომ ასეთი ღონისძიებები გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. გადავწყვიტეთ ქართული რესტორნებისთვის ერთად მოგვეყარა თავი, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის მოამზადებდნენ ორიგინალურ კერძებს. მონაწილე კომპანიებს საშუალება აქვთ წარადგინონ საკუთარი თავი, როგორც ადგილობრივი ბაზრის ხარისხიან მწარმოებლებს, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ნდობის გამყარებას და გაყიდვების სტიმულირებას".

ეს არის მცდელობა, შეიქმნას კულტურულ-გასართობი სივრცე, სადაც სტუმრები გაეცნობიან სწრაფი კვების პროდუქტებისადმი ახლებურ მიდგომას. მონაწილე რესტორნები, ორიგინალური რეცეპტებით წარადგენენ კერძებს. ეს შეიძლება იყოს ტრადიციული ქართული კერძის განახლებული ვერსია, ან უცხოური კერძი, ქართული სანელებლებით შეზავებული. ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს ჯანსაღი პროდუქტით დამზადებულ სწრაფი კვების გემრიელ კერძებს, კომფორტული შეფუთვით.

ერთი შეხედვით, ქართულ სინამდვილეში ქუჩის საკვების დიდი არჩევანი არ გვაქვს, რომელიც იქნება სასარგებლო, გემრიელი და თან მოსახერხებელი ქუჩაში მისართმევად. ორგანიზატორების აზრით, ეს ფესტივალი გვიჩვენებს თუ რა გვაქვს, რა პოტენციალი აქვს ქართულ სთრით ფუდს, რა შეიძლება შევთავაზოთ ქართველ და უცხოელ სტუმრებს. ფესტივალზე იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო სამზარეულოს კერძები.

სოფო ყავლაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი აღნიშნავს:"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული, ფესტივალზე ველოდებით ბევრ სტუმარს. უცხოელ ტურისტებს ყოველთვის აინტერესებთ გასტრონომიული კულტურა, აქ კი საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დააგემოვნონ მრავალფეროვანი ქართული "სთრით ფუდი". ფესტივალის მონაწილე რესტორნები და კვების ობიექტები ძალიან მონდომებულები არიან, ძირითადად თავიანთი საფირმო კერძებით წარსდგებიან. აქ მხოლოდ ბურგერები, ხაჭაპური, მწვადი არ იქნება. ნაციონალური კერძები ახლებურად წარსდგება. ეს იქნება გემრიელად მომზადებული ქუჩაში მისართმევი საჭმელი, რომელიც იქნება სასარგებლო და  სათანადოდ შეფუთული".

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, Check in Georgia, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო,  საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო ენერჯი.  ფესტივალის პარტნიორია მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია და კომპანია ბორჯომი .

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

ჰოლანდიელი იმპორტიორების ვიზიტი საქართველოში

$
0
0

რამდენიმე დღის წინ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვივნენ, ჰოლანდიური კომპანია „Saperavi Wine Agency“-ის დირექტორის ბერნარდ ნაუტას (Bernard Nauta) ხელმძღვანელობით.

ღვინის ეროვნულის სააგენტოს ცნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. იმპორტიორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. წლის დასაწყისში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა „Saperavi Wine Agency“-ისთან,  რომელიც მთელი წლის მანძილზე აქტიურად მუშაობდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.

ჰოლანდიელი სტუმრები ღვინის დასაგემოვნებლად ეწვივნენ შემდეგ ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს: „თბილღვინო“, „გოცას ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ფაფრის ველი“, „კონჭო და კომპანია“, "ძმების მარანი“ და „ბოლნური“.

ამ ტურის ფარგლებში რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რაც გავძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალში ჰოლანდიაში ქართული ღვინის ექსპორტი  გაიზრდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

ელგუჯა გოდერძიშვილი - გოდერძიშვილების მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (32)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი 6 თაობაა რაც არებობს, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენი წინაპრის მიერ აშენებული მარანი საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდგომ მალევე დაიკეტა, მას შემდეგ ღვინო მხოლოდ ოჯახის საჭიროებისთვის დგებოდა ქვევრებში. მარანი გამორჩეულია როგორც ისტორიით, ასევე მასშტაბებით, კედელში ჩაშენებულია ძველებური საწნახელი, ჩაყრილია 20-მდე ქვევრი (30 ლიტრიდან 3,5 ტონამდე), რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით 40 ტონას შეადგენს. ასეთი ზომის წარმოება იმ პერიოდის საქართველოში თავად-აზნაურული წარმოშობის მემამულეებშიც კი იშვიათი გახლდათ. ღვინის წარმოების ტრადიციის აღდგენა 2014 წლეს გადავწყვიტეთ, რაც ქვეყანაში ვიზიტორების ზრდამ და ეკონომიკურმა წინსვლამ განაპირობა. გაიზარდა მოთხოვნა მცირე მარნების მიერ წარმოებულ ღვინოებზე. შესაბამისად გაიზარდა რეალიზაციაც. ასევე იყო ჩვენი დიდი სურვილი, რომ გაგვეგრძელებინა წინაპრების საქმე.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

დღეისათვის სოფელ ბაკურციხეში გაშენებული გვაქვს რქაწითელის (წარაფი, უროები); კახური მწვანის (უროები) და საფერავის (წარაფი) ვაზის ჯიშის ვენახები. მომავალში ვგეგმავთ გავაშენოთ რამდენიმე იშვიათი კახური ვაზის ჯიში.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის პრინციპებით დაყენებულ ქვევრის საფერავსა და რქაწითელს (10% კახური მწვანე); საფერავი მუქი შეფერილობისაა, სხეულიანი და ძლიერი ღვინოა, სავსე ტანინებითა და შავი ხილის არომატებით. რქაწითელი ქარვისფერი ღვინოა, საშუალოზე მაღალი ალკოჰოლი და ტანინები ახასიათებს, იგრძნობა კახური მწვანისათვის დამახასიათებელი სიხალისე და არომატულობა, ასევე კახური წესით ქვევრში დაყენებული წარაფის რქაწითელისათვის ჩვეული სიდინჯე და მწიფე ხილის არომატები.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველად 2014 წელს გადავწყვიტეთ ჩამოგვესხა ღვინის სასინჯი პარტია, 200 ბოთლამდე სახელდახელოდ დამზადებული რქაწითელი “ღvino Underground”-ში მივიტანეთ, დეგუსტაციის შემდეგ მასპინძელმა 2 ყუთის მიტანა გვთხოვა. ამის შემდეგ ღვინო კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე “Vinomania”-შიც მოგვიწონეს. ასე განახლდა გოდერძიშვილების ღვინის წარმოება.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპისთვის ჩვენი ღვინის ექსპორტი ტურისტების მიერ საქართველოდან სამშობლოში წაღებული ღვინოებით შემოიფარგლება.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

პირველ რიგში საჭირო და აუცილებელია მცირე მარნების წახალისება და დახმარება, ჩვენ წარმოების მოცულობის სიმცირის გამო არ გვაქვს ფინანსური რესურსი მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოფენებზე, გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა მომხმარებლის იმ სეგმენტში, რომელსაც მსგავსი ტიპის ღვინოები აინტერესებს. არადა სწორედ საოჯახო ტიპის მცირე მარნები ქმნის დღეს ქართული ღვინის ბაზრის მრავალფეროვნებას. ჩვენ უარს ვამბობთ ყურძნის  ქარხანაში ჩაბარებაზე და ჩვენივე ხელით სახელდახელოდ მოყვანილ ყურძენს ჩვენვე ვამუშავებთ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

გლეხს უნდა გაუჩნდეს სურვილი თავისი მოყვანილი ყურძნიდან თავადვე დაამზადოს ღვინო. ამისთვის მას უნდა გააჩნდეს ფინანსური ინტერესი. საქართველოში თითქმის ყველა ოჯახს აქვს თავისი პატარა მარანი, სადაც წლების წინ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა არასაკმარისი ინფორმაციისა და ფალსიფიცირებული ღვინის დაბალი ფასის გამო გლეხს ურჩევნია წარმოებული ყურძენი ქარხანას ჩააბაროს თეთრებად. ასევე აუცილებელია განხორციელდეს მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული მცირე მეღვინეების სწავლება-გადამზადება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სოფლად ღვინის წარმოების ძველი ტექნოლოგია უკვე მივიწყებულია, ხოლო ახალი საერთოდ უცნობია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

თუ ღვინის წარმოებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით რამდენად გიყვართ ეს სფერო. თუ ის საქმე არ გიყვართ, რასაც აკეთებთ ძალიან გაგიჭირდებათ. ნუ შეხედავთ საქმეს,  როგორც ფინანსური სარგებლის საშუალებას, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ, განსაკუთრებით პირველ წლებში. სანამ ბოთლებში ჩამოსხმას დაიწყებთ, გაასინჯეთ რამდენიმე ღვინის მცოდნეს, იცოდეთ დაავადებულ ღვინოს არავინ გაგიყიდით. თუ ფინანსებში შეზღუდული ხართ, დაიწყეთ მცირე მოცულობით, დაფიქრდით რას შესთავაზებთ ბაზარს, მიიღეთ მინიმალური განათლება მაინც მევენახეობა-მეღვინეობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გოდერძიშვილების მარანი

მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფ. ბაკურციხე

ტელეფონი: +995 555 55 95 99

ელფოსტა: e.goderdzishvili@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Goderdzishvili cellar/გოდერძიშვილების მარანი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

ხარებას ღვინოები პარიზში

$
0
0

გუშინ, პარიზში, რესტორან La Coupole–ში, ბულვარ დე მონპარნასზე, ხარებას ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია და ჭაშნიკი სადღესასწაულო სადილით დასრულდა, რომელსაც La Coupole-ს ქართული წარმოშობის შეფის, ვახტანგ მელიავას მიერ მომზადებული კერძები 7 სხვადასხვა ღვინოს შეუხამეს.

La Coupole პარიზის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და ენო–გასტრონომიული კერაა, მხატვრებისა და მწერლების საყვარელი ადგილი, 20–იანი წლების ლეგენდარული რესტორანი. არტ დეკო, კუბისტური მოზაიკური იატაკი, სხვადასხვა დროის ნაკვალევი, განსხვავებული ეპოქის ნიშნები...

ამ ადგილს ხშირად სტუმრობდნენ სალვადორ დალი და პიკასო, ხაიმ სუტინი, მატისი, ჯორჯო დე კირიკო, ფერნან ლეჟე, მან რეი, ბრეტონი. არაგონს აქ გაუცნია ელზა ტრიოლე, სიმენონი ჟოზეფინ ბეიკერთან სადილობდა ხოლმე, ჰენრი მილერი კი მარტოკა საუზმობდა La Coupole–ში. ჰემინგუეს აქ მომზადებული ცხვრის კარი ჰყვარებია, ჯოისს მშობლიური ვისკის წრუპვა, ალბერ კამიუს კი სულაც თავისი ნობელის პრემია La Coupole–ში უზეიმია. 1968 წლის მაისში, ამბოხებული პარიზის ყველაზე ცხელ დღეებში, ერთ–ერთი შეკრებისას კონ–ბენდიტი რესტორნის მაგიდაზე ასულა, რამდენიმე წლის შემდეგ პატის სმიტს გიტარა მოუთხოვია, შაგალს 97–ე დაბადების დღე გადაუხდია 1984 წელს. მოკლედ, აი ასეთ ადგილას ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც ქართული ღვინოების დამკვიდრებას ისახავს მიზნად დასავლურ ბაზარზე. 

შეხვედრას „ხარება ჯგუფის“ მთავარი მეღვინე, ლადო კუბლაშვილი და კომპანიის მეღვინე-კონსულტანტი, ერვე რომატი უძღვებოდნენ. სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე და კომპანია ხარებას გენერალური დირექტორი ნიკა ზაუტაშვილი. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა კომპანია ხარებას თანამფლობელი ვახტანგ ლიპარტიანი.

გარდა ამისა, დეგუსტაციას არაერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ეწვია. 50-მდე ღვინის სპეციალისტი და ჟურნალისტი საფრანგეთიდან, შვედეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან. გამოცემები - Le monde, Terre De Vins, Food & Sens, Miamiamiam – Right&Hipe, OIV-ის (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია) დირექტორის მოადგილე იან ჟუბანი, BKWine, Sommelier International, Wine Spectator და სხვ.

სულ 7 ღვინო იყო წარმოდგენილი:

რქაწითელი, 2016

მწვანე 2016

კრახუნა 2015

ქვევრის კრახუნა 2015

საფერავი კლასიკური 2013

საფერავი პრემიუმი 2012

ქვევრის ოცხანური საფერე 2012

ცხადია ყველაზე დიდი ინტერესი ქვევრის ღვინოებმა გამოიწვია და ღვინის ჟურნალისტები და მწერლები დეტალური ინფორმაციის მისაღებად ხშირად მიმართავდნენ ღვინის ავტორებს.

ჭაშნიკზე მცირე ხემსიც შემოიტანეს, რომელთაგან უმრავლესობა ქართული სამზარეულოს ერთგვარი ინტერპრეტაცია იყო - პატარა ბადრიჯნები მდიდრული გულსართით, რომელიც ნიგვზიან ბადრიჯანს გაგახსენებდათ პირველ რიგში, ქამა სოკო სატენით, ხაჭაპური და ფუა გრა ლეღვის ტკბილი ხილფაფით.

შესავალი პრეზენტაციისა და ღვინოების ჭაშნიკის შემდეგ La Coupole -ის ქართველი ფრანგი შეფ-მზარეულის კერძები გამოვიდა ხარებას ღვინოებთან ერთად. პირველი გახლდათ Trio d’entrées (ხემსის ტრიო) - კიბორჩხალა და ავოკადოს კოქტეილი, ნაცარქათამას ტაბულე ახალი მწვანილით, შებოლილი ვირთევზა და უნაზესი გასპაჩო. თავი კერძი იყო Libre Interprétation du Chakhokhbili (ჩახოხბილის თავისუფალი ინტერპრეტაცია) - ეს თავისუფალი ვარიაცია ცხვრისა გახლდათ, ცხვრის ბეჭი, ფენოვანი, კარტოფილისა და პომიდვრის კოქტეილით. უჩვეულო და რთული კერძი ბლომად სოუსით, რომელიც მართლაც ჩახოხბილის წვენს მოგაგონებდათ. დესერტზე კი ჟოლოსა და შოკოლადის ქორწილიიყო, ექსკლუზიური შოკოლადით, რომელიც სპეციალურად La Coupole-სთვის მზადდება, მჟავიანობისა და სიტკბოს საუცხოო წყვილი.

პრეზენტაცია და სადილი საღამოსკენ დასრულდა. ამ დროს უკვე La Coupole-ში მუდმივი თუ შემთხვევითი სტუმრების პირველი ნაკადიც შემოდიოდა, რომლებიც იმედია მომავალში ხარებასა და სხვა ქართული კომპანიების და მცირე მარნების ტრადიციულ და კლასიკურ ღვინოებსაც დიდი ინტერესით და მოლოდინით გასინჯავენ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017


მარნების არქიტექტურული სტილი ქართლში

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

ჩვენს წინა სტატიებში არაერთხელ გვისაუბრია ქართული მარნების არქიტექტურულ სტილზე. ამ მხრივ ჩვენში მართლაც რომ დიდი მრავალფეროვნებაა. ამჯერად მოკლედ განვიხილავთ იმ ფრაგმენტულ ნაწილს, რომელიც მეტად თვალნათლივაა გამოსახული მეტეხ-ერთაწმინდის მეთუნეობით განთქმული კერის მიდამოებში. საქმე ისაა, რომ ამ ადგილებში ჩვენს წინაპრებს ძველი დროიდანვე გაუშენებიათ ვაზი და დაუყენებიათ ღვინო. ამ პროცესმა იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ აქ მალევე ჩამოყალიბდა მეთუნეობის ადგილობრივი, განსხვავებული სტილი, რომელსაც ძირითადად საღვინე მიმართულბა ჰქონდა. გაოცებას იწვევს აქაური ნაწარმის: დოქების, კოკების, საღვინეების, ფიალებისა და სხვათა მოხაზულობა, სილამაზე თუ ჭიქურის ფერი. აღნიშნულ ადგილს გარდა თავისებური საღვინე ჭურჭლისა, მარნების განსხვავებული არქიტექტურული სტილიც გააჩნია. ეს სტილი ვრცელდება მეტეხ-ერთაწმინდის მეთუნეობის კერის გარშემო სოფლებშიც (ძეგვი, ნიჩბისი, წინარეხი, კავთისხევი, ხანდაკი, ახალქალაქი, მეტეხი, ერთაწმინდა...). სამწუხაროა, რომ ამ ადგილებში არაერთი ძალზე საინეტრესო მარანი უყურადღებობით განადგურდა, თუმცა ადგილობრივი არქიტექტურული სტილის არაერთ შესანიშნავ ნიმუშებს დღესაც შევხვდებით. ჩვენ შევეცდებით, რომ ამგვარი მარნების აღწერილობა ეტაპობრივად შემოგთავაზოთ. ამჯერად კი შევჩერდებით ერთ მეტად საინტერესო მარანზე, რომელსაც ადგილობრივები „თარხნიაანთ მარნად“ მოიხსენიებენ.

მარანი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, საკაძის ქუჩაზე. მარნის მეპატრონეა ირაკლი თარხნიშვილი. მარანი წარმოადგენს ბრწყინვალე ნიმუშს იმისა, თუ როგორი სტილისა იყო ამ მხარისათვის დამახასიათებელი მარნები. მისი სიგრძე დაახლოებით 8 მეტრი, ხოლო სიგანე კი 5 მეტრია. მარანი ნაშენია რიყის ქვით და დგას 2 დედაბოძზე. შემორჩენილია 4 ქვევრი, რომელთაგან ყველაზე დიდი დაახლოებით 2 ტონიანია (25 კოკა).

 აქაური მარნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია კედლებში ჩატანებული დერგები, ქოცოები და ქილები. ამავე სტილს ვხვდებით ქართულ სატაძრო არქიტექტურაშიც. მარანში ეს უკანასკნელი საგანი ხმის აკუსტიკის გაუმჯობესებას ემსახურება. თარხნიაანთ მარანში დაცულია ოჯახის რელიქვია – გიორგი სააკაძის პორტრეტი, რომელიც ნახშირითაა დახატული. პორტრეტი უნიკალურია და ის სავარაუდოდ ირანში უნდა იყოს შესრულებული. თარხნიშვილები სააკაძის შთამომავლები არიან და ასერიგად გიორგი სააკაძის პორტრეტის ამ მარანში არსებობა გასაკვირი არცაა.

მარანს ახლახანს გაუკეთდა აბრა და ამრიგად მისი მიკვლევა იოლია. ამავე სოფელში არაერთი საინტერესო მარანია შემორჩენილი, რაც თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ ამ მხარეში მევენახეობა-მეღვინეობა მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული. ახალქალაქი განთქმული იყო ხელოსნობითაც, სადაც ახლო წარსულამდე უამრავი ხელოსანი საქმიანობდა.

 უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, როგორც ახალქალაქი, ისე ზემოთ ნახსენები სოფლებიც ძალზე საინტერესოა. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ აქ ჯერ-ჯერობით არაფერი კეთდება. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს ერთეული ადამიანების აქტიურობა, რაც ნამდვილად იმედის მომცემია. როგორც აღინიშნა ახალქალაქში არაერთი საინტერესო მარანია, რომელთა აღწერა და საზოგადოებისათვის გაცნობა საშური საქმეა. ჩვენ მომავალშიც შემოგთვაზებთ ინფორმაციას აქაურ მარნებზე, რომელთაგანაც ერთ-ერთი მომდევნო იქნება ერთი მეტად საინტერესო მარანი სოფელი ფაშიანისა და ახალქალაქის საზღვარზე, რომელიც ეკუთვნის ბროლაძეების გვარს.

მცხეთა, 2017 წ.    

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

საოჯახო მეღვინეობა “გრავისი”

ორი ოქროს მედალი ქართულ ღვინოს პოლონეთში

$
0
0

22, 23 ივნისს, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, საერთაშორისო ღვინის კონკურსი GALICJA VITIS 2017 ჩატარდა. კონკურსის მთავარი იდეა, ისტორიული მეღვინეობის ტრადიციების განვითარება და ცენტრალური ევროპის ღვინის მწარმოებელი ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებაა. GALICJA VITIS ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით ტარდება. კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS.

GALICJA VITIS 2017-ის ჟიური მსოფლიოს 6 ქვეყნის 25 პროფესიონალი ღვინის ექსპერტისგან შედგებოდა, რომლებმაც 434 საკონკურსო ღვინო შეაფასეს. წელს პირველად ჟიურის წევრებს შორის მიწვეული იყო საქართველოს წარმომადგენელიც, თამთა ყველაიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. როგორც მან აღნიშნა,  კონკურსი „GALICJA VITIS“ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში.

 „GALICJA VITIS 2017“-ზე ქართული ღვინის კომპანია „მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა - „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი)  და „მუკუზანი 2015“ (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.

თამთა ყველაიძე: "მოპოვებული ოქროს მედლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. აღსანიშნავია, რომ კონკურსს წელს პირველად დაემატა კატეგორია: ქვევრის ღვინო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში“.

2016 წელს  ღვინის ეროვნულ სააგენტოსა Galicja Vitis-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ქალაქ იასლოს ღვინის აკადემიის სკოლაში შეისწავლიან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

საქართველოს სსრ მევენახეობა და მისი განვითარების უახლოესი პერსპექტივები

$
0
0

გადმოწერეთ

ჩოლოყაშვილი, ს. რცხილაძე, ი. საქართველოს სსრ მევენახეობა და მისი განვითარების უახლოესი პერსპექტივები. თბ. 1954.

g.Vino - საქართველოს ღვინის ბარების და მაღაზიების მეგზური (1)

$
0
0

არის თბილისში ერთი პატარა ღვინის ბარი ერეკლეს ქუჩაზე, g.Vino, რომელიც უკვე მესამე წელია ბევრი ღვინის მოყვარულისთვის გამორჩეული ადგილია - იშვიათი ქართული ღვინოებით, გემრიელი კერძებით, ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, მომღიმარი მასპინძლებითა და მყუდრო ატმოსფეროთი. ვინც ჯერ არ ყოფილხართ, ალბათ საუცხოო გამოცდილება გელოდებათ.  

ღვინის ბარის შექმნის იდეა g.Vino-ს დამფუძნებლებს მამუკა მაისურაძეს დალიდა ვარდანიას ევროპაში მოგზაურობისას გაუჩნდათ, სადაც საღამოობით სავსეა ხალხით ასეთი ადგილები, შეგიძლია შეხვიდე ჭიქა ღვინოზე და არ არის აუცილებელი პირველი, მეორე, მესამე კერძები მიირთვა. ან სულაც შუადღესაც მოგინდეს რამდენიმე ყლუპი ღვინო მოსვა და სასიამოვნოდ გაატარო დრო მეგობართან ერთად. მოსწონდათ ღვინის სმის ეს ევროპული კულტურა, უშუალო და მეგობრული გარემო, სადაც მეტი კომუნიკაციაა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის, ვიდრე ეს ტრადიციულ რესტორნებშია.

პირველი ასეთი ტიპის ღვინის ბარი, რომელიც თბილისში გაიხსნა, ცოტა განსხვავებული კონცეფციით, ღVino underground-ი იყო, შემდეგ კი g.Vino გაჩნდა. მსგავსი ღვინის ბარების, როგორც ენო-გასტრონომიული მიკრო სივრცეების არსებობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ღვინის სამომხმარებლო კულტურის, ისე მცირე მარნების განვითარებაში.

ღვინის კლუბთან საუბარში, ლიდამ აღნიშნა: „ასეთი ადგილების არსებობა მნიშვნელოვანია მცირე მეღვინეების მხარდაჭერისთვისაც, რადგან გაყიდვის ადგილს როცა უქმნი, მას აქვს მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, ღვინო ჩამოასხას და ა.შ. ასეც მოხდა. ორწელიწადნახევარია რაც ბაზარზე ვართ და დღე არ გავა, რომ თავისი ღვინო არ შემოიტანოს მეღვინემ, ზოგს ვიღებთ, ზოგს ვერა. და ეს კარგიც კი არის, რადგან კონკურენცია შეიქმნა მათ შორის და მეტს ფიქრობენ ხარისხზე“.

g.Vino-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცირე მარნების ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანია. იშვიათ ღვინოებსაც ნახავთ, რომლებიც მხოლოდ აქ ან თბილისში თითზე ჩამოსათვლელ ადგილებში შეიძლება დააგემოვნოთ. ბარის სტუმრები უფრო ხშირად ითხოვენ ქარვისფერ ღვინოებს. ლიდერობს ასევე რქაწითელი და საფერავი. ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ქისი და იმერული ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა.

ღვინოსთან ერთად დასაგემოვნებლად კი ბარი გვთავაზობს ქართულ სამზარეულოს, ძირითადად ტაპასის სტილში. თავიდან მენიუს შედგენაზე ბევრი იმუშავეს, რომ ასეთი განახლებული ფორმით, დახვეწილი, მცირე ულუფებით შეეთავაზებინათ სტუმრებისთვის. თანაც ბარის მესვეურებმა სამზარეულოში დაასაქმეს ადამიანები, რომლებიც პროფესიით არ იყვნენ მზარეულები, მაგრამ სახლში გემრიელ კერძებს ამზადებდნენ. ახლაც g.Vino–ს სამზარეულოს ორი მზარეული უძღვება, რომლებიც მანამდე მიმტანებად მუშაობდნენ ბარში და თავად გამოთქვეს სურვილი სამზარეულოში ეცადათ თავი. სწორედ მათგან მოდის ბევრი საინტერესო იდეა და სიახლე. სწავლობენ, ეძებენ ახალ გემოებს, ვითარდებიან. g.Vino –ს დამფუძნებლების თავისუფალი მიდგომა ასეთია და თვლიან, რომ "ყველა ნორმალური ბარი იქნება თუ რესტორანი, ასეთი  დინამიკით უნდა ვითარდებოდეს".

ბოლო მენიუ თავიდან ბოლომდე მზარეულების მიერაა განახლებული. აქ შეძლებთ გასინჯოთ ზოგი მივიწყებული კერძის g.Vino–სეული ვერსია, მაგალითად, „გამომშრალი ყველის წვნიანი იმერულად, მჭადთან ერთად“, „ოსური ხაჭაპურიტო კომბოსტოთი და ყველით“, „ტუში (მოხარშული და გამომცხვარი საქონლის სუკი ბოსტნეულთან) თაშმიჯაბთან ერთად“, „მეგრული დაფა: წითელი ელარჯი, დახვეული სულგუნი პიტნის აჯიკით, ბატკნის ნეკნები აჯიკით“, „აჭარული ბურმა (რულეტივით დახვეული ბაქლავა)“ და სხვა.

ასევე ბევრი საინტერესო კერძის რეცეპტი შეიქმნა სპეციალურად მეღვინეებთან შეხვედრის საღამოებისთვის, რომლებიც დეგუსტაციაზე წარდგენილ ღვინოებს შეეხამებოდა.

სტუმრების შესახებაც ვკითხეთ ლიდას და მამუკას, გვაინტერესებდა ქართველი და უცხოელი მომხმარებლების შეფასებები და დამოკიდებულება განსხვავდებოდა თუ არა.

g.Vino-ს დამფუძნებლები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ნაცნობი კონცეფციის გამო ახლადგახსნილი ბარი უფრო მეტ უცხოელ სტუმარს მიიზიდავდა. მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ადგილობრივი მომხმარებლის წილიც გაიზრდებოდა, გამართლდა. ქართველი ღვინის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ ღვინის ბარს. Tripadvisor–ზეც დადებითი შეფასებები აქვს g.Vino-ს. ბევრგან წაიკითხავთ ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრების კმაყოფილებას საუცხოო ქართული ღვინოებით, გემრიელი კერძებით, მომღიმარი მასპინძლებითა და მეგობრული ატმოსფეროთი.

ლიდა: „ჩვენი მომხმარებელი ეროვნების მიხედვით აღარ განსხვავდება, თუ არ მოსწონს, არ მოსწონს უცხოელსაც და ქართველსაც. თანამშრომლები ხშირად ამბობდნენ, ქართველები უფრო მომთხოვნები  და პრეტენზიულები არიან, არის ასეთი კატეგორიაც, თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ შემოდიან ბევრი პრეტენზიით, მაგრამ მიდიან ძალიან კმაყოფილები. ბევრად მეტი ბედნიერება და სიამოვნებაა, როდესაც პრეტენზიით შემოდის ადამიანი და კმაყოფილი მიდის. ქართველ სტუმარი თითქოს მზადყოფნაშია, რომ ცუდი სერვისი უნდა დახვდეს და ამისთვის მზადაა თავის პრეტენზიებით. მაგრამ როცა ვაჩვენებთ რომ ვცდილობთ, შეიძლება რაღაც დაგვიგვიანდეს, რაღაც დღეს ისეთი არ იყოს, ან ღვინო გავხსნათ და რაღაც ისე არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ჩენი თანამშრომელები ცდილობენ, სტუმარი კმაყოფილი წავიდეს და ამას რომ ხედავენ, ეს პრეტენზიები ქრება და ლოიალობაც იზრდება. ამ მხრივ, კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები ცოტა მეტად პრეტენზიულები არიან, განსაკუთრებით სტუმარი თუ მოჰყავთ, თავის გამოჩენის თვალსაზრისით, ისინიც უფრო მეტად ღელავენ ხოლმე. ეს იყო, მაგრამ რაღაცნაირად თანაბრდება, თან მუდმივი სტუმრები რომ გვყავს, იგივე ქართველებიც, უკვე იციან სად მიდიან, რა მოლოდინი აქვთ და ეს უკვე შეიცვალა".

მამუკა: „აქ ვინც შემოდის, ის სტილი მოსწონს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. და აქ უკვე განსხვავება ევროპელსა და ქართველ მომხმარებელს შორის, ნამდვილად არ არის.  ორივეს ერთნაირად მოსწონს გამოცდილება, რასაც იძენს, საჭმელიც შეხამებულია ღვინოსთან. ერთი მხრივ ქართველები შემოდიან სიამაყით, რომ კარგი ადგილია, ღვინო შეიძლება უფრო კარგი იყოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და შეიძლება ქართველებიც დავსხდეთ და ღვინის სმისგან მივიღოთ სიამოვნება. უცხოელებისთვის საინტერესო ის არის, რომ ქართულ ღვინოებს სინჯავენ, სულ სხვა ტექნოლოგიაა, ქართული სამზარეულოც აინტერესებთ.

ზოგადად ტენდენცია არის, ახალგაზრდა თაობაც გვსტუმრობს, არა თინეიჯერები, რა თქმა უნდა. უფრო ხშირად 25 წლის და ზევით ასაკის მომხმარებელი სტუმრობს ბარს, რომელსაც ურჩევნია მოვიდეს ღვინის ბარში, ივახშმოს ან დაბადების დღე აღნიშნოს, ვიდრე წავიდეს რესტორანში, სადაც ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ურთიერთობა. თუ შევადარებთ საფრანგეთს, იტალიას, იქ ღვინის მოხმარება თავიდანვე კულტურაშია, სადილზეც მიირთმევენ და სტუდენტებიც ამჯობინებენ ერთი ჭიქა ღვინო დალიონ, ვიდრე ლუდი ან არაყი. აქ უხარისხო ლუდს ვგულისხმობ, თორემ ლუდს რომ კარგ ხარისხს აკეთებდნენ, რა პრობლემაა. სამწუხაროა, რომ ადამიანის გემოვნება ყალიბდება სოსისებზე და ლუდზე, როცა შეიძლება სულ სხვანაირად განვითარდეს. "

g.Vino-ს დამფუძნებლები იშვიათ ღვინოებთან ცდილობენ მოიძიონ საუკეთესო ყველი, ძეხვი, ზეთი, ისევე როგორც სხვა ნატურალური პროდუქტი. ლიდამ და მამუკამ აღნიშნეს, რომ ძალზე რთულია იდენტიფიცირება გაუკეთო ასეთ პროდუქტს და მერე  უკვე პრობლემაა მიწოდება. ამ სირთულეების გამო, ყველის წარმოებაზეც კი დაფიქრებულან. საბედნიეროდ ჰყავთ რამდენიმე პარტნიორი, რომლებთანაც წარმატებით თანამშრომლობენ.

ლიდამ აღნიშნა: "საქართველოს ბაზარზე, იმისთვის რომ მზარეულს ჰქონდეს კარგი შედეგი, პროდუქტიც კარგი უნდა იყოს ყოველთვის. თუ კარგი პროდუქტი არ მოგვიტანეს, იმ დღეს არ ვამზადებთ კერძს. ნებისმიერი სხვა რამ, რაც ჩვენ ხელთ არის, მოგვარებადია".

რაც შეეხება გარემოს, აქ ინტერიერის და ექსტერიერის ყველა დეტალი, მასალა, ფაქტურა, ისეა გააზრებული და მოწოდებული, რომ სტუმარს ქართულ სივრცეში აგრძნობინოს თავი - ხით მოპირკეთებული კედლები, ქართული ფარდაგებით მორთული სკამები, სანათებად გადაქცეული პაწაწინა ქვევრები, ხელით მოხატული ულამაზესი თიხის ჭურჭელი, ქართული ორნამენტების ფრაგმენტებით შემკული მოჭიქული კიბეები და კედლები. სულ მალე კი ახალი სივრცე შეემატება ბარს, სრულიად განსხვავებულ სტილში.

 

g.Vino

მისამართი: თბილისი, ერეკლე მეორის ქუჩა 6.

ტელეფონი:+995 598 932121, +995 322 932121

ელფოსტა: gvinotbilisi@gmail.com

ფეისბუკი: https://www.facebook.com/g.vinotbilisi/

სამუშაო საათები: 13:00 - 01:00

© ფოტოები: g.Vino

© ღვინის კლუბი/vinoge.com

FactCheck ტურიზმი და ღვინის ექსპორტი

სანდრო მილორავა - მარანი მილორაული - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (33)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი მილორაული დავაარსე 2015 წელს, იდეა იყო შემდეგი: პაპა ალექსანდე მილორავა  დასავლეთიდან ჩამოვიდა და კახეთში დასახლდა. საკუთარ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მოაწყო მცირე მარანი 2 ქვევრით და გააშენა ვაზის სხვადასხვა ჯიში, ერთ–ერთი, წითელი ბუდეშური, რომელიც შემდგომში გამოვიყენე ლოგოდ, დღესაც  ამშვენებს ჩვენს ეზოს და მისი ასაკი 90 წელია.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ამჟამად საკუთარი ვენახი არ გვაქვს, ვყიდულობ ერთიდაიგივე მევენახისგან, თუმცა გვაქვს მიწა და ვგეგმავთ  გავაშენოთ ქისის და ხიხვის  ვაზის ჯიშები.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

მარანი მილორაულში ვაწარმოებთ ქვევრის საფერავს, ქისს, ქისი–ხიხვის ვაზის ჯიშების ღვინოებს, 2015 წელს იტალიური მონტეპულჩანო ვცადეთ ქვევრში და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ღვინო არის ტრადიციული ქართული წესით დამზადებული. გვაქვს ასევე საოჯახო სასტუმრო და ვაკეთებს ღვინის ტურებს, ჩვენთან მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე გასინჯოს და დააგემოვნოს ჩვენი ღვინოები.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველი ბოთლი მარანში გავყიდე, სტუმრებმა შეიძინეს, რომლებსაც აინტერესებდათ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია. შემდგომ ღვინოები მაღაზიებშიც შევიტანე.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამჯერად მხოლოდ საქართველოში იყიდება.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულეები ჩემს შემთხვევაში ნაკლებად, თქმის რომ არ შემხვედრია. კარგი იქნება თუ შემდგომი განვითარებისათვის ხელმისაწვდომობა იყოს იაფ კრედიტზე.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ღვინის ეროვნული სააგენტო და სახელმწიფო მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებებს ატარებს ქართული ღვინის წარმატებისა და პოპულარიზაციისათვის, ეს  მისასალმებელია და მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. ასევე კარგი იქნება თუ მცირე მარნებს გაუწევენ ფინანსურ დახმარებას, რათა შეძლონ ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწეყებ მეღვინეებს რჩევა გულით და სიყვარულით მოეკიდნენ საქმეს , ყველაფერი კარგად იქნება და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

Marani Milorauli - მარანი მილორაული

მისამართი:  ქ. თელავი, ელ.ახვლედიანის ქ. #67

ტელეფონი: +995551774444

ელფოსტა: smilorava@yahoo.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:www.miloravagh.ge/www.facebook.com/maranimilorauli/

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ივნისის ხუთი საუკეთესო ღვინო – 2017

როგორ აპირებს საპარტნიორო ფონდი ღვინის ექსპორტის წახალისებას?

ახალი ვენახის გაშენება

Lukasi–ს საფერავი ჯენსის რობინსონის ნატიფი ღვინოების ჩამონათვალში

$
0
0

ორიოდე დღის წინ ჯენსის რობინსონმა მორიგი ყოველკვირეული საავტორო სვეტი გამოაქვეყნა The Financial Times-ში, რომელიც შემდეგ თავის პერსონალურ გვერდზეც გადმოიტანა ცოტათი განსხვავებული სათაურით, „ნატიფი ღვინოები, ნატიფი გონება“. წერილში იგი აღწერდა ფორუმს, სახელწოდებით Fine Minds 4 Fine Wines, რომელიც 16-17 ივნისს ჩატარდა რონის მხარეში, სამხრეთ საფრანგეთში. შეხვედრაზე ღვინის ბიზნესის საუკეთესო მცოდნეებთან ერთად მიწვეულნი იყვნენ საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და ტექნიკის სამყაროს წამყვანი მოაზროვნეები, რათა განეხილათ მომავალი ათწლეულის მნიშვნელოვანი თემები და ტენდენციები, შეექმნათ ახალი ცნება ძვირფასი და ხარისხიანი ღვინოებისთვის და განესაზღვრათ ნატიფი ღვინოების მომავალი.

მონაწილეები პატარა ჯგუფებად მუშაობდნენ, იკვლევდნენ ძვირფას ღვინოებთან დაკავშირებული ფაქტორებს და მის განმსაზღვრელ სფეროებს, ითვალისწინებდნენ ცვალებად გეოპოლიტიკას, ეკონომიკას, მოსალოდნელ ტენდენციებს ტექნიკასა და ბიოტექნიკაში, მილენიუმის პერსპექტივებს, ფუფუნების ცნების გაგებას და ცხოვრების წესის შეცვლას, გლობალურ დათბობას, ნატიფი სადილისა და მასპინძლობის ტენდენციებს, მიწის სათანადო ღირებულებას და სიცოცხლისუნარიან მევენახეობას.

დაგეგმილი მრგვალი მაგიდის თემები მოიცავდა ნატიფი, დახვეწილი ღვინის ახალი ცნების შექმნას, მომავლის გამოწვევებს, ინვესტიციებს, აპლიკაციებს და სხვ. ორგანიზატორი იყო ნიკოლ როლე (Nicole Rolet ), რომელიც ასევე Chêne Bleu-ს თანამფლობელი და Grenache Symposium -ის თანადამაარსებელი გახლავთ. Fine Minds 4 Fine Wines La Verrière -ში ჩატარდა (ავინიონის მახლობლად, საფრანგეთში).

დამსწრეებს შორის იყვნენ ღვინის სექტორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები: ჯენსის რობინსონი MW, სტივენ სპურიე, მიშელ ბეტანი, ენ მაკევოი, სარა ჯეინ ევანსი MW, რობერტ ჯოზეფი და სხვ. ასევე არაერთი ექსპერტი ტექნოლოგიის, მარკეტინგისა და ფინანსების სფეროდან, წარმომადგენლები Google-იდან, Facebook-დან...

ჯენსის რობინსონმა სტატია თავისი ფავორიტი ნატიფი ღვინოების ჩამონათვალით დაასრულა, რომელიც მან შეხვედრაზე წარმოდგენილი 32 ღვინიდან შეარჩია. ძალზე საინტერესოა, რომ მისი ფავორიტი ნატიფი ღვინოების ჩამონათვალში მხოლოდ სამი ქვეყნის ღვინოები მოხვდა – საფრანგეთის, აშშ–ს და საქართველოსი.მათ შორისაა:

თეთრები

Clos des Papes 2009 Châteauneuf-du-Pape

Ch La Nerthe 2002 Châteauneuf-du-Pape

Dom de Beaurenard 1986 Châteauneuf-du-Pape (magnum)

Au Bon Climat Chardonnay 2014 Santa Barbara

წითლები

Dom Fourrier, Clos St-Jacques 2011 Gevrey-Chambertin

Clos de Trias 2010 Ventoux

Clos des Papes 2010 Châteauneuf-du-Pape

Ch Rayas 1997 Châteauneuf-du-Pape

Gérard Bertrand, Clos d'Ora 2013 Minervois-La Livinière

Lukasi Saperavi 2014 Kakheti

Ridge Monte Bello 1991 Santa Cruz Mountains

Tenet 2014 Columbia Valley

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ახალი რეგულაციები ღვინის ექსპორტზე გასატანად

Viewing all 2681 articles
Browse latest View live